მსვლელობა 20:00 საათის შემდეგ დაიძრა პარლამენტის მიმართულებით. შეკრებიდან მალევე დააკავეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან ხუსკივაძე.
დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მსვლელობის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირზე, სასტუმრო "საქართველოსთან" იყვნენ შეჩერებული. სწორედ ამ ადგილზე დააკავეს მათე დევიძე ზუსტად ერთი წლის წინ.
ისმოდა შეძახილები „მათე დევიძე“.
პოლიცია დემონსტრანტებს არ აძლევს გზის სავალ ნაწილზე გადასვლის შესაძლებლობას - გავლებული აქვთ ცოცხალი კორდონი.
მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბერს დააკავეს, არჩევნების შედეგების - რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი არ აღიარებს - წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
პროკურატურა მათე დევიძეს სამი პოლიციელისთვის (ლევან კოდელაშვილი, გიორგი ესტატეშვილი, ბიძინა ჟამერაშვილი) ჯოხის დარტყმას ედავებოდა - მან სამივეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. პროკურატურის მტკიცებით, მათე დევიძე მელიქიშვილის გამზირზე მათ „მოულოდნელად დაესხა თავს ჯოხის მსგავსი საგნით“. მათე დევიძის პოზიციაა, რომ ჯოხი თავდაცვის მიზნით მოიქნია.
მათე დევიძეს 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პატიმრობა მიუსაჯა 4 წლითა და 6 თვის ვადით.
ფორუმი