Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკამ შეიწყალა უკრაინის 31 მოქალაქე და ორი მღვდელი


ვატიკანის დიპლომატი კლაუდიო გუჯეროტი და ბელარუსის ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა. მინსკი, 2025 წლის 27 ოქტომბერი
ვატიკანის დიპლომატი კლაუდიო გუჯეროტი და ბელარუსის ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა. მინსკი, 2025 წლის 27 ოქტომბერი

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ შეიწყალა უკრაინის 31 მოქალაქე, რომლებიც ბელარუსის რესპუბლიკაში გაასამართლეს სისხლის სამართლის დანაშაულთა გამო. ამ ცნობას ავრცელებს ლუკაშენკას პრესმდივანი, ნატალია ეისმონტი.

მისი თქმით, გადაწყვეტილება მიიღეს "უკრაინის თხოვნითა და აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების მიმდინარეობისას, კონფლიქტის გადაჭრისთვის პირობების შექმნის მიზნით". ეისმონტი აღნიშნავს, რომ შეწყალება არის კეთილი ნების ჟესტი და ის ჰუმანიზმის პრინციპებს ეფუძნება. ყოფილი მსჯავრდადებულების სახელები გასაჯაროებული არ არის.

გარდა ამისა, ლუკაშენკამ შეიწყალა კათოლიკური ეკლესიის ორი მღვდელი - ანჯეი იუხნევიჩი და ჰენრიხ ოკოლოტოვიჩი, რომლებიც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთათვის იყვნენ გასამართლებულები.

"ეს გადაწყვეტილება მიიღეს რომის პაპის, ლეო XIV-ის თხოვნით, მიტროპოლიტ იოსიფ სტანევსკის ჩართულობით, კეთილი ნების ჟესტის ფარგლებში, მოწყალების და ჰუმანიზმის პრინციპებზე დაყრდნობით, მსჯავრდადებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე ბელარუსის რესპუბლიკასა და წმინდა საყდარს შორის კავშირების განვითარების მიზნით", - ამბობს პრესმდივანი.

ივნისში უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგანგებო წარმომადგენლის, კით კელოგის ვიზიტის შემდეგ ლუკაშენკამ შეიწყალა 14 მსჯავრდადებული პირი, მათ შორის, ოპოზიციონერი სიარჰეი ციხანოუსკი. ივლისში შეიწყალეს კიდევ 16 პირი.

სექტემბერში ლუკაშენკამ ორჯერ მოაწერა ხელი შეწყალების ბრძანებებს. 11 სექტემბერს ციხეები დატოვა 52-მა ადამიანმა, მათ შორის ცნობილმა პოლიტპატიმრებმა - რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ჟურნალისტმა, იჰარ ლოსიკმა, ფილოსოფოსმა ულაძიმერ მაცკევიჩმა, აქტივისტმა ზმიცერ დაშკევიჩმა. ასევე გათავისუფლდნენ ტელეარხ "ბელსატის" ჟურნალისტთა გუნდი და უცხოეთის 14 მოქალაქე.

16 სექტემბერს ლუკაშენკამ კიდევ 25 მსჯავრდადებული შეიწყალა. მათ რიგებში იყვნენ "ექსტრემისტული მიმართულებების" მუხლებით გასამართლებული პირები - ამგვარი მუხლებით, როგორც წესი, ბელარუსში პოლიტიკურ აქტივისტებს დევნიან.

აშშ-ის წარმომადგენლებთან ახალი მოლაპარაკებების გეგმის შესახებ ლუკაშენკამ დეკემბერში გამოაცხადა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG