კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება. ცვლილების შემდეგ, საჯარო მოსამსახურეს ექნება უფლება იყოს საინვესტიციო პროექტის საბჭოს წევრი იმის მიუხედავად, წილის რა პროცენტს ფლობს სახელმწიფო.
ამჟამინდელი კანონი კი არ ითვალისწინებს საჯარო მოსამსახურის საბჭოში ყოფნის გამონაკლისს 50%-ზე ნაკლები სახელმწიფო წილის შემთხვევაში.
რა შეიცვლება?
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი უკრძალავს საჯარო მოსამსახურეს იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
„მეწარმეთა შესახებ“ კანონი გამონაკლისი წესით ნებას რთავს საჯარო მოსამსახურეს იყოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი მხოლოდ იმ საწარმოებში, სადაც სახელმწიფო 50%-ზე მეტ წილს ფლობს.
ამ შემთხვევაში საჯარო მოსამსახურე მოვალეობას ასრულებს ანაზღაურების გარეშე და ეს არ მიიჩნევა ინტერესთა შეუთავსებლობად.
ახალი, მასშტაბური საინვესტიციო პროექტით, რომელიც თბილისსა და ბათუმში უძრავი ქონებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს, შეიქმნა ერთობლივი საწარმო შპს "იგლ ჰილს საქართველო".
ამ საწარმოში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ზე ნაკლებია.
"აქციონერთა შეთანხმების" თანახმად, აუცილებელია, რომ ერთობლივი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენელი იყოს საჯარო მოსამსახურე.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი, რათა მთავრობამ შეძლოს საჯარო მოსამსახურეების დანიშვნა შპს "იგლ ჰილს საქართველოს" სამეთვალყურეო საბჭოში.
უცვლელი დარჩება პირობები:
- საჯარო მოსამსახურეს არ უნდა ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტი ამ საწარმოსთან.
- მოვალეობებს ასრულებს სათანადო ანაზღაურების გარეშე.
- მისი საქმიანობა ინტერესთა შეუთავსებლობად არ მიიჩნევა.
კანონპროექტის წარმდგენები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: შოთა ბერეკაშვილი და ლევან მაჭავარიანი. ცვლილება შედის თანმდევ კანონში -„სახელმწიფო ქონების შესახებ“.
თბილისთან ახლოს არაბი ინვესტორი ააშენებს ქალაქს, რომელშიც 850 საფეხბურთო სტადიონი ჩაეტეოდა, გონიოში - მხოლოდ 425. ინვესტორთან გაფორმებული შეთანხმება მთავრობის ბრძანებით კომერციულ საიდუმლოდ გამოცხადდა.
ინვესტიციასთან დაკავშირებით მთავრობასა და დეველოპერულ კომპანიას შორის გაფორმებულმა შეთანხმებამ, რომელსაც 22 ოქტომბერს მოეწერა ხელი, საზოგადოებაში უამრავი კითხვა გააჩინა.
მათ შორის, იურისტები და ეკონომისტები აცხადებენ, რომ ბევრი ბუნდოვანებაა როგორც სამშენებლო კუთხით, ისე ფინანსურ ნაწილში ვადებთან მიმართებით. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ პროექტი სასარგებლოზე მეტად, „მავნებლურია“.
დარგის სპეციალისტების განცხადებით, რეალურად, გონიოსა და თბილისში შენდება ორი არაბული დასახლება, მათ შორის ერთი - ძალიან მგრძნობიარე რეგიონში, სადაც გარემოსდაცვითი და ეკონომიკური პრობლემების გარდა, რელიგიური და დემოგრაფიული საკითხებიც ვნებათაღელვის საბაბი ხდება ხოლმე.
დაგეგმილ პროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვთ ეკოლოგებსაც. მათ მიაჩნიათ, რომ პროექტი ყველაზე დიდ პრობლემას თავად თბილისს შეუქმნის. ეკოლოგების განცხადებით, ეს ტერიტორია - „ჭალის ტყე“ - დედაქალაქის რეკრეაციულ ზონად ითვლება და ის არის პრაქტიკულად ერთადერთი მტკვრისპირა ტყე, ბუნებრივი რეკრეაციული ზონა, რომელიც ხელუხლებელი შემორჩა ქალაქს.
მათი აზრით, მასშტაბური პროექტი მთელი ქალაქის ინფრასტრუქტურაზე იმოქმედებს - წყლის მიწოდებისა და საკანალიზაციო სისტემებზე, სატრანსპორტო მაგისტრალებზე და შეცვლის დემოგრაფიულ სურათსაც.
ფორუმი