Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ეროვნული სტადიონის მშენებლობის 876-მილიონიანი ტენდერი შეწყდა


საილუსტრაციო ფოტო: 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბურთი
საილუსტრაციო ფოტო: 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბურთი

თბილისის აეროპორტის მიმდებარედ 70 000 მაყურებელზე გათვლილი, ახალი სტადიონის მშენებლობისთვის 876 მილიონლარიანი ტენდერი შეწყდა. გადაწყვეტილება სატენდერო კომისიამ მიიღო.

სატენდერო კომისიამ მსჯელობის საფუძველზე დაადგინა სატენდერო დოკუმენტის დამკვეთის მოთხოვნებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების გადახედვის საჭიროება.

ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადება სამ კომპანიას ჰქონდა წარდგენილი:

  • ანაგი (საქართველო) — 850 მილიონი ლარი;
  • მაქრო ქონსთრაქშენო და შპს ინშაათჩი 3 (საქართველო და აზერბაიჯანი) — 789.4 მილიონი ლარი;
  • YDA İNŞAAT-ი (თურქეთი) – 744.9 მილიონი ლარი.


ტენდერში მონაწილე კომპანიებმა წინადადებები 2025 წლის 29 სექტემბერს წარადგინეს.

"იმის გამო, რომ ტენდერის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს მხოლოდ ერთი პრეტენდენტი აკმაყოფილებდა და მისი შეთავაზება, სხვა მონაწილეთა ფასებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალი იყო, კომისიამ კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა და საჭიროდ მიიჩნია პირობების ხელახალი შეფასება და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.

სატენდერო კომისიამ იმსჯელა და დაადგინა სატენდერო დოკუმენტის დამკვეთის მოთხოვნებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების გადახედვის საჭიროება. სატენდერო დოკუმენტის ინსტრუქციები პრეტენდენტთათვის (იპ) 39.1 პუნქტის შესაბამისად, სატენდერო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ანულირდეს ტენდერის პროცედურები", - წერია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტენდერში მონაწილე ორი კომპანია დისკვალიფიცირდა არასრულყოფილად შევსებული განაცხადის გამო. შესაბამისად, ტენდერში მონაწილეობისთვის მხოლოდ კომპანია "ანაგი" რჩებოდა.

სატენდერო კომისიის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ წარდგენილ წინადადებებს შორის ფასში ძალიან დიდი სხვაობა იყო, მიიღეს გადაწყვეტილება, ტენდერის შეწყვეტის შესახებ, რის შემდეგაც ახალი ტენდერი დაზუსტებული პირობებით გამოცხადდება.

ახალი სტადიონი თბილისში აეროპორტის მიმდებარედ არსებულ 270 000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე უნდა აშენდეს.

გამარჯვებულ კომპანიას მშენებლობისთვის 51 თვე (4 წელი და 3 თვე) ექნება. გამარჯვებული კომპანიის ახლა გამოვლენის შემთხვევაში მშენებლობა 2029-2030 წლებში უნდა დასრულებულიყო.

ახალი სტადიონის მშენებლობის შესახებ „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 2024 წლის გაზაფხულზე განაცხადა. მისი სიტყვებით, მშენებლობა 2028 წლის ბოლომდე დასრულდება.

"ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარი ქართული ფეხბურთისთვის და ქართველი გულშემატკივრისთვის“, - თქვა კობახიძემ 2024 წლის აპრილში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG