Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლე ხუჯაძემ პატიმრობაში დატოვა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 პირი


თბილისი, პრეზიდენტის სასახლე ათონელის ქუჩაზე. 4 ოქტომბერი
თბილისი, პრეზიდენტის სასახლე ათონელის ქუჩაზე. 4 ოქტომბერი

თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 პირი, რომელთა საქმესაც მოსამართლე ნატო ხუჯაძე განიხილავდა, პატიმრობაში დატოვა. 

ბრალდებულები არიან სიმონ მახარაძე, კახაბერ კვაჭანტირაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, ბექა მაჭავარიანი, მანუჩარ მიქელაძე, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე და კობა ეპიტაშვილი.

​მათ ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით:

  • 19-222 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჯგუფურად ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა;
  • 225 მუხლის მეორე ნაწილი - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.

ამავე საქმეზე გუშინ, 26 ნოემბერს, პატიმრობაში დატოვეს 10 პირი, მათ შორის 4 ოქტომბრის „საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრები.

4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების "მშვიდობიანი დამხობის" მოწოდებით, თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა. ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა მცირე ჯგუფის მცდელობა, "გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები", სასახლის "ჯებირების" გარღვევით და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.

პოლიციამ დააკავა 60-ზე მეტი, პროკურატურამ კი ბრალი წაუყენა 64 ადამიანს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით.

გამოძიება დაიწყო საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების, ნივთის დაზიანების ან განადგურების, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის მუხლებით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG