ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო France Presse - რომელსაც ციტირებს France 24.
კომპანიის ხელმძღვანელი, ჟან-მარკ ზულიანი ამბობს, რომ უკრაინისთვის დრონების მიწოდება დასავლელ მაწარმოებლებს საშუალებას აძლევს აპარატები საველე პირობებში გამოცადონ. მისი თქმით, ომის მიმდინარეობისას უკრაინელებმა "უნიკალური გამოცდილება შეიძინეს" მსოფლიოს მასშტაბით.
საფრენი აპარატების მაწარმოებელი კომპანია აცხადებს, რომ Rodeur 330 ტიპის დრონს ორი ოპერატორი 10 წუთზე ნაკლებ დროში ააწყობს და აპარატები ჰაერში ხუთ საათამდე რჩება. მათი სიჩქარე საათში 120 კილომეტრს აღწევს, ფრენის სიმაღლე - 5 ათასამდე მეტრს, იუწყება უკრაინული გამოცემა NV.
ზულიანის თქმით, დრონების გამოყენება შესაძლებელია როგორც დარტყმებისთვის, ისე სადაზვერვო ამოცანებისთვის. მისი სიტყვებით, ევროპა მათ გამოყენებას შეძლებდა "ფარის ფუნქციით", ხოლო უკრაინა - "მახვილის".
უკრაინის ხელისუფლება მანამდე აცხადებდა, რომ ქვეყანაში უკვე შეიმუშავეს და აწარმოებენ დრონებს 500 კილომეტრზე გაცილებით უფრო დიდი ფრენის რადიუსით. ამ დრონებს, მათ შორის, იყენებენ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის.
ამავდროულად, დასავლელი მოკავშირეებისგან მიღებულ შეიარაღებას შორის Rodeur 330-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები ერთ-ერთი ყველაზე შორი რადიუსისაა. მაგალითად, უკრაინის მიერ მანამდე მიღებული, ATACMS-ის და Storm Shadow-ის ტიპის რაკეტების რადიუსი უფრო ნაკლებია, ვიდრე 500 კილომეტრი.
ფორუმი