Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-დან გამოფრინდა რუსეთის მოქალაქეების სადეპორტაციო რეისი


აშშ-დან გამოფრინდა რუსეთის მოქალაქეების სადეპორტაციო რეისი, 2026 წლის 25 იანვარი (საილუსტრაციო ფოტო)
აშშ-დან გამოფრინდა რუსეთის მოქალაქეების სადეპორტაციო რეისი, 2026 წლის 25 იანვარი (საილუსტრაციო ფოტო)

აშშ-ის არიზონის შტატის ქალაქ მესადან 25 იანვრის დილით გამოფრინდა საგანგებო, სადეპორტაციო რეისი, რომლის ბორტზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან.

ეს ინფორმაცია ორგანიზაცია Russian America for Democracy in Russia-ის ხელმძღვანელმა, დმიტრი ვალუევმა მიაწოდა გამოცემებს "ვიორსტკა" და "აგენტსტვო".

"ვიორსტკის" თანახმად, იმის შესახებ, რომ მორიგი მასობრივი დეპორტაცია 25 იანვარს იგეგმებოდა, წერდნენ ელექტრონულ მიმოწერაშიც, სადაც განიხილავენ რუსეთის იმ მოქალაქეების გაძევებას, რომლებსაც აშშ-ში თავშესაფრის გამოყოფაზე უარი უთხრეს.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ესაა მეხუთე ასეთი რეისი ერთი წლის, და პირველი ახალ, 2026 წლის განმავლობაში. მანამდე რუსეთის მოქალაქეების დეპორტაცია ვაშინგტონმა განახორციელა ივნისში, აგვისტოსა და დეკემბერში.

უცნობია ზუსტად რამდენი ადამიანი იმყოფება ბორტზე, ვრცელდება ცნობები, რომ ამავე რეისით ხორციელდება ირანის მოქალაქეებისა და არაბულენოვანი ქვეყნებიდან ლტოლვილების დეპორტაცია. შაბათის მონაცემებით, დეპორტაციისთვის ამზადებდნენ რუსეთის 20-მდე მოქალაქეს.

ვალუევი ამბობს, რომ მათი ნაწილი დეპორტაციამდე გაგზავნეს გადავსებულ საკნებში. ამავე დროს, როგორც იუწყებიან, გამოფრენამდე რეისიდან მოხსნეს რამდენიმე პირი, რომელთა ლტოლვილის სტატუსის მოსაპოვებელი საქმეებიც ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.

სადეპორტაციო რეისი გაფრინდა ნიუ-ჰემფშირის ქალაქ პორტსმუთში, იქიდან კი საზღვარგარეთ. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ვარაუდით, დეპორტაცია, როგორც უწინდელ შემთხვევებში, განხორციელდება კაიროს გავლით. დეპორტირებულ პირებს ფაქტობრივად არ აქვთ საშუალება დარჩნენ მესამე ქვეყანაში და თავიდან აირიდონ რუსეთში დაბრუნება.

რუსეთში ჩასვლის შემდეგ მგზავრებს აეროპორტში ეფესბეს თანამშრომლები უტარებენ დაკითხვას. აშშ-დან დეპორტირებული სულ მცირე ორი პირი - ყოფილი სამხედრო, არტიომ ვოვჩენკო და ომის მოწინააღმდეგე აქტივისტი, ლეონიდ მელიოხინი - რუსეთში ჩასვლის შემდეგ დააპატიმრეს, სისხლის სამართლის საქმეების გამო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG