Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ აშშ-ს გაუგზავნა პასუხი სამშვიდობო გეგმის ბოლო ვერსიაზე - მედია


უკრაინამ ამერიკის შეერთებულ შტატებს გაუგზავნა პასუხი სამშვიდობო გეგმის ბოლოს განახლებულ ვერსიაზე. ამის შესახებ ორი მედიასაშუალება იუწყება.

გამოცემა Axios-ის ჟურნალისტმა ბარაკ რავიდმა უკრაინელი და ამერიკელი ოფიციალური პირებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უკრაინამ შეერთებული შტატების სამშვიდობო გეგმის ბოლო პროექტზე ტრამპის ადმინისტრაციას პასუხი ოთხშაბათს(10 დეკემბერი) გაუგზავნა.

მანამდე სააგენტო Bloomberg-ი იუწყებოდა, რომ კიევმა ვაშინგტონს გაუგზავნა შესწორებული გეგმა.

10 დეკემბერს უკრაინის ხელისუფლებას ოფიციალურად არ დაუდასტურებია აშშ-ისთვის პასუხის გაგზავნა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ლონდონში 8 დეკემბერს გამართული მოლაპარაკების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მრჩევლები ლონდონში დარჩნენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად სამუშაოდ გეგმის იმ ვარიანტზე, რომელიც ამერიკული მხარისგან მიიღეს მაიამიში 4-6 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე, უკრაინა თავის ვერსიაზე მუშაობას სავარაუდოდ, 9 დეკემბერს დაასრულებს და შეერთებულ შტატებს გადასცემს.

9 დეკემბერს ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ „უკრაინული და ევროპული კომპონენტები უკვე მეტად დამუშავდა“ და მზად არიან ამერიკელ პარტნიორებს წარუდგინონ.

10 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სრულდება მუშაობა ძირითად, 20-პუნქტიან დოკუმენტზე, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს ომის დასრულების პარამეტრები და მოელიან, რომ ამ დოკუმენტს აშშ-ს უახლოეს ხანში გადასცემენ.

უკრაინაში ომის დასასრულებლად ამერიკული მხარის მიერ შეთავაზებული გეგმა, რომლის შესახებაც პირველად ცნობილი გახდა ნოემბრის მეორე ნახევარში და მედიაში გაჟონილი პროექტის თანახმად ითვალისწინებდა, ძირითადად, რუსეთის მოთხოვნებს, გარკვეულწილად შეიცვალა აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის ჟენევასა და ფლორიდის შტატში გამართული შეხვედრების შედეგად.

პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებმა კრემლში მოლაპარაკება გამართეს პრეზიდენტ პუტინთანაც. 2 დეკემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი შეერთებული შტატების ზოგიერთ წინადადებას არ დასთანხმდა.

მხარეები დეტალებზე ოფიციალურად არ საუბრობენ. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ყველაზე რთული ტერიტორიების საკითხია.

რუსეთი მოითხოვს, რომ უკრაინამ დონბასი სრულად დათმოს. ზელენსკიმ 8 დეკემბერს კვლავ განაცხადა, რომ ტერიტორიების დათმობის უფლება არ აქვთ არც უკრაინის კანონებითა და კონსტიტუციით და არც მორალურად.






ფორუმი

XS
SM
MD
LG