აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 10 დეკემბერს, თეთრ სახლში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვენესუელის სანაპიროსთან დააკავეს დიდი ტანკერი, ამისთვის ობიექტური მიზეზი ჰქონდათ და დეტალებს მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.
ტრამპის ამ განცხადებიდან მალევე გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ სოციალური ქსელებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 10 დეკემბერს ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ, შიდა უსაფრთხოების სამინისტრომ და სანაპირო დაცვის სამსახურმა სამხედროების მხარდაჭერით ვენესუელის სანაპიროსთან დააკავეს ნავთობის უკანონოდ ტრანსპორტირების გამო შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ტანკერი.
ბონდის თანახმად, ტანკერი სანქცირებულია ვენესუელიდან და ირანიდან ნავთობის ტრანსპორტირებაში მონაწილეობისთვის.
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა გამოაქვეყნა ვიდეოც, რომელიც, მისი ინფორმაციით, ტანკერის დაკავების ოპერაციას ასახავს. ბონდის თანახმად, ტანკერი უსაფრთხოდ წაიყვანეს და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
ვენესუელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ტანკერზე თავდასხმა „საერთაშორისო მეკობრეობის აქტია“ და ტრამპის მიზანი ყოველთვის იყო ვენესუელის ნავთობის მიტაცება.
მადუროს მთავრობაში აცხადებენ, რომ ვენესუელის წინააღმდეგ აშშ-ის „აგრესიის“ მიზეზია არა მიგრაცია, ნარკოტიკებით ვაჭრობა ან ადამიანის უფლებების დარღვევა, არამედ ქვეყნის ნავთობის მარაგების მითვისების სურვილი.
- ვენესუელის ნავთობის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები 2019 წლიდან მოქმედებს.
- გამონაკლისი დაშვებულია ამერიკული კომპანია Chevron-ისთვის, რომელიც ვენესუელაში საქმიანობს ადგილობრივ სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან ერთად.
2025 წლის ნოემბერში პენტაგონმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ დაიწყო სამხედრო ოპერაცია ნარკოტიკებისგან შეერთებული შტატებისა და დასავლეთი ნახევარსფეროს დასაცავად. ამ ოპერაციის მთავარი სამიზნე ვენესუელაა, რომელსაც აშშ ნარკოტიკების გავრცელებაში ადანაშაულებს.
ამერიკელმა სამხედროებმა არაერთხელ დაარტყეს ვენესუელის გემებს, რომლებსაც ვაშინგტონის თანახმად, ნარკოტიკები გადაჰქონდათ.
ამ კვირაში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა Politico-ს განუცხადა, რომ ვენესუელის მმართველის, ნიკოლას მადუროს „დღეები დათვლილია". ტრამპმა არც დაადასტურა და არც გამორიცხა, რომ აშშ ვენესუელაში სახმელეთო ოპერაციასაც დაიწყებს.
სოციალისტური პარტიის ლიდერი ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტია 2013 წლის აპრილიდან.
ოპოზიციამ მადუროს ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა 2024 წელსაც, როცა ეგზიტპოლების და ოპოზიციის პარალელური დათვლის შედეგებით არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ გამარჯვებულად ისევ ნიკოლას მადურო გამოაცხადა.
მადუროს, რომელიც რუსეთის მხარდაჭერით სარგებლობს, აშშ ვენესუელის პრეზიდენტად არ ცნობს.
ფორუმი