ტრანზიტულ-ლოგისტიკური კომპანიის გენერალურმა დირექტორმა და რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილი ევრაზიული ინტეგრაციის პლატფორმის - "მსოფლიო ხალხთა ასამბლეის" ხელმძღვანელმა ოკუპირებულ აფხაზეთში - ასტამურ ახსალბამ, ადგილობრივ გამოცემასთან, ენგურზე აგებული ახალი ტერმინალის შესახებ დეტალურად ისაუბრა.
“მოგვიწია პროექტის ჩუმად წარმართვა”
ნახევარსაათიან ინტერვიუში ასტამურ ახსალბა აღიარებს, რომ ინფორმაცია გამიზნულად იმალებოდა. მიზეზად რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებას ასახელებს - „აქვე მიმდინარეობს ომი, მთელი დასავლეთი რუსეთის ფედერაციას უპირისპირდება“.
„ამიტომ საჭირო გახდა პროექტის (შესახებ ინფორმაციის) დროებით დახურვა, მაგრამ არა აფხაზეთისა და მისი ხალხისთვის, არამედ - თავად აფხაზეთისა და პროექტის დაცვისთვის. ჩვენ გვიწევდა ჩუმად მუშაობა, რათა წარმატებით დაგვესრულებინა“, - ამბობს სატრანზიტო-ლოგისტიკური კომპანიის ხელმძღვანელი.
ახსალბას თქმით, სატრანზიტო ჰაბის შექმნის იდეა დიდი ხნის წინ წარმოიშვა და უკავშირდება რუსეთისა და დე ფაქტო აფხაზეთის საბაჟო სამსახურებს შორის 2010-2011 წლებში ხელმოწერილ შეთანხმებას. განმარტავს, რომ ეს შეთანხმება საზღვაო და სარკინიგზო, ასევე - ავტოსატრანსპორტო დერეფნების განვითარებას შეეხებოდა.
2010 წელს, მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმდა შეთანხმება საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ. ეს დოკუმენტი გულისხმობს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების გაადვილებას, საბაჟო დოკუმენტების ბეჭდებისა და ლუქების ურთიერთაღიარებასა და ასევე - სპეციალიზებული საბაჟო ორგანოს შექმნის შესაძლებლობას მეორე მხარის ტერიტორიაზე და სხვა.
ასტამურ ახსალბას თანახმად "2012-14 წლამდე პროექტის რეალიზება შეუძლებელი იყო, ობიექტური მიზეზებით, რაც უკავშირდებოდა საქართველოში არსებულ მდგომარეობას, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობას“.
რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, პროექტი „სასიცოცხლოდ აუცილებელი“ გახდა სტრატეგიული პარტნიორი - რუსეთისთვის" და ამ დროს ახსალბას კომპანიამ შესთავაზა პროექტის გალის რაიონში რეალიზება. თუკი საკონტეინერო ტერმინალი ოჩამჩირეში რუსეთის სახსრებით შენდებოდა, ახალი ობიექტი [გალში] - რუსი და აფხაზი მეწარმეების კერძო ინვესტიციაა ჩადებული - ამბობს ის.
ინდოეთი, ირანი, აზერბაიჯანი და თვით ევროპაც
ახსალბა ამტკიცებს, რომ სატრანზიტო მარშრუტის პერსპექტივებს რუსეთი უკვე განიხილავს მესამე ქვეყნების წარმომადგენლებთან. მისივე თქმით, მარშრუტის ამოქმედება სირთულეებსაც აწყდება, რადგან სახელმწიფოებს, საიდანაც ტვირთების შემოსვლა იგეგმება, იურიდიული და საბაჟო ბარიერები ეღობება, აფხაზეთის სტატუსის გამო.
„ჩვენ ამ ყველაფერს ვამუშავებთ ანდრეი იურის ძე ბელიანინოვის მხარდაჭერით. "მსოფლიო ხალხების ასამბლეა", რომელიც გაიხსნა აფხაზეთშიც, გვეხმარება არა მხოლოდ პროექტის რეალიზებაში, არამედ უფრო ფართო ეკონომიკურ თანამშრომლობაში“.
ანდრეი ბელიანინოვი - რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურისა და ევრაზიის განვითარების ბანკის მმართველი საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელია. ამჟამად ის რუსული პროექტის, მსოფლიო ხალხთა ასამბლეის გენერალური მდივანია [2025 წლიდან].
„მსოფლიო ხალხთა ასამბლეა“ პოზიციონირებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ცალკეული ადამიანების გაერთიანებად, რომელიც, როგორც აცხადებენ, იბრძვის მშვიდობისა და მეგობრობის განმტკიცებისთვის; ხალხების ინტეგრირებისთვის. ეფუძნება ევრაზიული პარტნიორობის საზოგადოებრივ მოდელს, „ევრაზიული ინტეგრაციის ფასეულობებს“ და მრავალპოლარული მსოფლიოს პრინციპს. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ეს ორგანიზაცია, 2016 წელს, თავდაპირველად დაიბადა როგორც „ევრაზიის ხალხთა თანამეგობრობა“ - რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით; ხოლო 2025 წლის შემდეგ - თანდათან გაფართოვდა და სახელიც შეიცვალა. მთავარ ინსტრუმენტად - სახალხო დიპლომატიასა და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებას ასახელებენ.
პროექტის ავტორთა გათვლებით, სატრანზიტო დერეფნით ისარგებლებენ ირანი, ინდოეთი, აზერბაიჯანი - ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებული არიან უმოკლესი მარშრუტებით სამხრეთ რუსეთის რეგიონებამდე: დონის როსტოვამდე, კრასნოდარამდე, სოჭამდე.
ახსალბა იმედოვნებს, რომ ინტერესი შესაძლოა გამოხატონ ევროპულმა ქვეყნებმაც:
„თუკი ვილაპარაკებთ სანქციებზე, ეს ერთ-ერთი შესაძლებლობაა რუსეთის ფედერაციისთვის, რადგან არსებობს ევროპული ქვეყნები, რომლებსაც დღეს სურთ რუსეთთან ვაჭრობა [არ დავასახელებ ამ ქვეყნებს, მაგრამ ისინი არიან] და ეს მათთვისაც საინტერესოა“.
როგორ იმუშავებს დერეფანი?
ასტამურ ახსალბა აღნიშნავს, რომ აფხაზეთის დახლებზე არ მოხვდება საქონელი მესამე ქვეყნებიდან. თუმცა მისი თქმით, ახალი დერეფნის საშუალებით აფხაზეთში წარმოებული პროდუქცია, თანდათან, შეძლებს საგარეო ბაზრებზე გასვლას.
ის ასევე ამბობს, რომ თეორიულად, ენგურს შესაძლოა მოადგნენ სატვირთო ავტომანქანები სომხური, თურქული, ირანული სანომრე ნიშნებით, რომელთა მძღოლებიც შესაძლოა იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, მაგრამ დერეფნით სარგებლობა ეკრძალებათ მძღოლებს საქართველოს მოქალაქის პასპორტით - „ვიდრე არ დამყარდება კეთილმეზობლური ურთიერთობა, ღმერთმა ქნას - უახლოეს პერსპექტივაში, თუნდაც ძალის არგამოყენების შესახებ დოკუმენტის დონეზე“ .
ტრანზიტის პოტენციურ სქემას ახსალბა შემდეგნაირად აღწერს:
- ძირითადი ტვირთები იქნება - ფართო მოხმარების საქონელი: საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ბოსტნეული და სხვა.
- თუკი ტვირთი, მაგალითად ირანიდან მოდის, ირანული სატვირთო ტრანსპორტი, მძღოლთან ერთად, შეძლებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლას, ოჩამჩირემდე ჩასვლას, ტვირთს ჩამოცლის სარკინიგზო ტერმინალში და დატოვებს რეგიონს.
- აუცილებლობის შემთხვევაში, ტრანსპორტი განაგრძობს გზას აფხაზეთის სიღრმეში, შესაბამისი კონტროლით.
იგეგმება ოჩამჩირეში აშენებული რკინიგზის ტერმინალისა და გალის რეგიონში არსებული ტერმინალის ერთმანეთთან დაკავშირება, რადგან „აფხაზეთის გზები ჯერ არ არის მზად სატვირთო მანქანების მასშტაბური ნაკადისთვის“.
ასტამურ ახსალბა განმარტავს, რომ ახალი ტერმინალის სამშენებლო სამუშაოების 80% უკვე დასრულებულია. დარჩენილია ობიექტის ტექნიკური აღჭურვა: სკანერებისა და რენტგენის აპარატურის დამონტაჟება და „ჰიპოთეზურად, აფხაზეთი მზად არის“. თუმცა ჯერ ისევ დამუშავების ეტაპზეა ძვირადღირებული კონტეინერების დაზღვევისა და პასუხისმგებლობის აღების საკითხები.
ახსალბამ დაამშვიდა მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც აღელვებს უსაფრთხოება „მეზობელ ქვეყანასთან საომარ მდგომარეობაში“ ყოფნის გამო.
„ჩვენ ხომ თავად არ შევისყიდით საქონელს. ჩვენ მხოლოდ ის ქვეყანა ვართ, რომელიც გაატარებს რუსი მწარმოებლების უკვე ნაყიდ საქონელს, ანდა, პირიქით - რუსეთიდან, სხვა ქვეყნების მიმართულებით. რუსული კომპანიები ჩვენ ლოგისტიკური მომსახურებებისთვის მოგვმართავენ“, - ამბობს ის.
„თბილისი მართავს სიტუაციას“
ენგურის ხიდთან მსხვილი ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესახებ ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი. ქართული მედიასაშუალებები ავრცელებდნენ ხიდთან ახალი მასშტაბური ინფრასტრუქტურის, სავარაუდოდ, ახალი საბაჟო პუნქტის კადრებს. მშენებლობაზე კომენტარებს არ აკეთებდნენ არც თბილისში და არც სოხუმში.
დუმილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ დაარღვია და თქვა, რომ „ეს ტერმინალი უკანონოა, ისევე, როგორც იქ მოქმედი საკონტროლო გამშვები პუნქტიო“. გამახარიამ მაშინ ასევე აღნიშნა, რომ ქართული მხარე გამშვები პუნქტის ორგანიზებაში არ მონაწილეობდა.
2023 წლის ნოემბერშივე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ვახტანგ ყოლბაიამ BMG-ს უთხრა, რომ "ენგურის ხიდზე ტერმინალის ასაშენებლად დიდი ხანია მუშაობა და მზადება მიდის" და რომ ე.წ. ეკონომიკური ზონის შექმნა იმედისმომცემად გამოიყურებოდა.
"რუსეთს აქვს ამის სურვილი და მუშაობა დიდი ხანია მიდის ენგურს გაღმა, გალის ტერიტორიაზე დიდი ტერმინალის მშენებლობაზე. იქ ე.წ. ეკონომიკური ზონა იხსნება, რომელიც ვაჭრობის განვითარებას გულისხმობს. როგორი იქნება, რა იქნება, უცნობია, მაგრამ ვაჭრობა და ურთიერთობა გახსნილობის, ურთიერთობების, ნდობის აღდგენის საშუალებას იძლევა", - თქვა მაშინ ყოლბაიამ.
„ეხო კავკაზამ“ აფხაზეთის დევნილ მთავრობას გაუგზავნა შეკითხვები, პროექტის ფაქტობრივად დასრულებისა და მისი დანიშნულების შესახებ სოხუმში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. თუმცა სტატიის გამოქვეყნებამდე, პასუხი არ მიუღია.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც წარსულში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს იკავებდა, ვარაუდობს, რომ სინამდვილეში „თბილისი მართავს სიტუაციას“.
„ქართული ოცნება“ ფულს გამოიმუშავებს ამაში... ტერმინალი აშენდა გალში და არა, მაგალითად, გაგრაში - ეს ერთმნიშვნელოვნად მიმართულია ქართული მხარისკენ და არა რუსული მხარისკენ“, - ეუბნება ის „ეხო კავკაზას“.
ზაქარეიშვილის მოსაზრებით, სქემა მიმართულია სანქციების გვერდის ავლისკენ: საქონელი შეიძლება შემოვიდეს საქართველოში, გადაფორმდეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და შემდეგ, წავიდეს რუსეთში, რუსული პროდუქციის სახით. ექსპერტი აღნიშნავს, რომ ამ პროცესში პრობლემები არ იქნება საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით.
„რადგან აფხაზეთი, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიად ითვლება, ამიტომ საქონელი, რომელიც თურქეთიდან თუ სხვა ქვეყნებიდან საქართველოს ტერიტორიაზე მოხვდა, ნიშნავს, რომ უკვე მიაღწია თავისი დანიშნულების საბოლოო ადგილს. საერთაშორისო სამართლისთვის მნიშვნელობა არა აქვს [საქონელი] ჩამოიტვირთება სადღაც ზუგდიდში, გალის რაიონში თუ სოხუმში. არავინ მიადევნებს თვალს სად შეჭამენ, პირობითად - ამ ტომატს, თბილისში თუ სოხუმში“.
ამავდროულად, ზაქარეიშვილი ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო სამართლისთვის აფხაზეთი რჩება „შავ ხვრელად“, რომლის სრულად გაკონტროლება შეუძლებელია; ხოლო ამ რუხ ზონებში, მისი ვარაუდით, საკუთარი ინტერესების მიხედვით იმოქმედებს მოსკოვიც, თბილისიც და სოხუმიც.
„მოსკოვი მიიღებს საქონელს, თბილისი მიიღებს ფულს, სოხუმიც რაღაც გარკვეულ შემოსავალს მიიღებს“.
ახსალბას დათვლით, სოხუმს წელიწადში შეუძლია მიიღოს შემოსავალი, დაახლოებით, 300-დან 600 მილიონ რუბლამდე [4-8 მილიონი დოლარი]. რუსული კომპანია დაფარავს ყველანაირ სატრანზიტო ხარჯს, მოსაკრებელს, გადასახადს.
„ჩვენ მხოლოდ სატრანზიტო მომსახურებას ვთავაზობთ. გეოპოლიტიკის გამო ძნელია ზუსტად თქმა [შემოსავლის შესახებ]. ეს სპეციფიკური საქმიანობაა და ჩვენ არ ვართ აღიარებული ბევრი ქვეყნის მიერ. თუკი ყველა პოტენციური კომპანიის ინტერესს გავითვალისწინებთ, თანხა შესაძლოა 3-ჯერ მეტიც ყოფილიყო, მაგრამ ამაზე დაყრდნობა ახლა ნაადრევია“, - აღნიშნავს ახსალბა თავის ინტერვიუში.
იურიდიული რისკები
როგორც ასტამურ ახსალბა ეუბნება ადგილობრივ გამოცემას, თეორიულად შესაძლებელია, რომ „საზღვართან“ მისულ სატვირთო ავტომობილებს - სომხური თუ თურქული სანომრე ნიშნებით - მართავდნენ მძღოლები სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ ისინი არ უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები.
ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში, დაირღვევა საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ და მძღოლს, რომელიც ხიდს გადაკვეთს, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
„საით მიემგზავრება? აფხაზეთის ტერიტორიაზე და უკან? აქ უკვე მოქმედებას იწყებს ბევრი სხვადასხვანაირი სქემა. თუ ის გააგრძელებს გზას ბოლომდე და ჩავა, მაგალითად, რუსეთში, ამ შემთხვევაში რომელი კანონმდებლობით ხდება ეს? საქართველოს კანონით ეს შეუძლებელია - აფხაზეთში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს [თბილისის მიერ კონტროლირებული ტერიტორიის] გავლით და უკან დაბრუნებით. სხვა ვარიანტები არ არსებობს. ეს ადამიანები, პირველ რიგში - მძღოლები, უკვე ექცევიან არა სანქციების, არამედ კანონის ქვეშ და არღვევენ საქართველოს კანონმდებლობას. აქ ბევრი ნიუანსი იჩენს თავს“, - ეუბნება ზაქარეიშვილი „ეხო კავკაზას“.
ზაქარეიშვილი იხსენებს ასევე შვეიცარიული კომპანიის როლს, რომლის შუამავლობასაც შეეხებოდა რუსეთსა და საქართველოს შორის 2011 წლის 9 ნოემბერს, ჟენევაში ხელმოწერილი შეთანხმება; რაზე დაყრდნობითაც რუსეთმა საქართველოსგან მიიღო უფლება გაწევრიანებულიყო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში [WTO].
ჟენევაში ხელმოწერილი დოკუმენტი საბაჟო ადმინისტრირებასა და საქონელბრუნვის მონიტორინგის ძირითად პრინციპებს შეეხებოდა. ურთიერთგაგების მემორანდუმით განმტკიცდა შვეიცარიის, როგორც ნეიტრალური მესამე ქვეყნის როლი.
2011 წელს გაფორმებული შეთანხმებით, საბაჟო ზედამხედველობა სამ ”სავაჭრო დერეფანზე” უნდა გავრცელებულიყო; ხოლო მონიტორინგი უშუალოდ დერეფნების საწყის და ბოლო პუნქტებზე უნდა დაწესებულიყო - ტვირთების კონტროლის GPRS-ის სისტემით, ელექტრონული სტიკერების დახმარებით.
შეთანხმებაში არ იყო ნახსენები ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, თუმცა, ჩამოთვლილი კოორდინატების მიხედვით 2018 წელს შედგენილ რუკაზე კარგად ჩანდა სამი დერეფნის განლაგება. ერთი იწყებოდა რუსეთის კრასნოდარის მხარეში და მთავრდებოდა ზუგდიდთან, მეორე - რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთში და მთავრდებოდა გორთან, ხოლო მესამე დერეფანი მოიცავდა ზემო ლარსი-ყაზბეგის ტერიტორიას, რომელზეც გადის ამჟამად რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ერთადერთი არასადავო საზღვარი.
2012 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ მონიტორინგს განახორციელებდა შვეიცარიული ტრანსნაციონალური კომპანია SGS (Société Générale de Surveillance) - მსოფლიო ლიდერი, მათ შორის - ინსპექტირების, შემოწმებისა და სერტიფიცირების მიმართულებებით.
2017 და 2018 წლებში, კომპანიასთან კონტრაქტს ხელი მოაწერეს ჯერ საქართველომ და შემდეგ რუსეთმა.
„საქონელმა უნდა გაიაროს შვეიცარიული კომპანიის შემოწმება და ამისათვის ფულს იხდის საქართველო და არა რუსეთი. შვეიცარიული კომპანია, სულ მცირე - ქაღალდზე არსებობს. მხოლოდ შვეიცარიულმა კომპანიამ უნდა შეამოწმოს ბეჭდები, ლუქები და ასე შემდეგ, რათა ამ ტრანსპორტმა შეძლოს აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა... და უცებ აშენებენ ტერმინალს. ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ადარდებს ეს. ამიტომ ჩნდება ბევრი შეკითხვა“, - ზაქარეიშვილს ეეჭვება, რომ ახლა ჩაფიქრებულ პროცესში შვეიცარიული კომპანია იყოს ჩარეული.
„ქართული ოცნების“ ეკონომიკის სამინისტროში ამ თემაზე შეკითხვებს არ პასუხობენ. „ეხო კავკაზას“ განუცხადეს, რომ გალში ტერმინალის აშენება მათ კომპეტენციაში არ შედის.
„მოსკოვის დიდი გეგმის ნაწილი“
საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე და ყოფილი დეპუტატი, თეონა აქუბარდია ტერმინალის მშენებლობას განიხილავს არა როგორც ლოკალურ ინფრასტრუქტურულ პროექტს, არამედ როგორც მოსკოვის უფრო ფართო ჩანაფიქრის ნაწილს. მისი თქმით, ტერმინალს ორი მიზანი აქვს: რუსეთი უზრუნველყოს ეკონომიკური „სამაშველო რგოლით“, სანქციების ფონზე და წინ წასწიოს კრემლის სტრატეგიული გეგმა საქართველოსთან დაკავშირებით.
აქუბარდიას შეფასებით, მოსკოვს ჩაფიქრებული აქვს „საქართველოს სამ სახელმწიფოდ დაყოფა და რეგიონის დაბრუნება თავისი ზეგავლენის ქვეშ“.
„ვფიქრობ, რომ ეს არის დიდი რუსული გეგმის ნაწილი... მათ შორის გახშირებული საუბრები რუსეთში აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით... ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთმა იცის, რომ ომი გაგრძელდება და მას სჭირდება, მათ შორის - ალტერნატიული მარშრუტები და სანქცირებისგან თავის არიდება“, - ამბობს აქუბარდია.
2023 წლის მაისში, რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (ТПП) პრეზიდენტმა, სერგეი კატირინმა “როსიისკაია გაზეტასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ პალატის ეგიდით იმავე წელს დაარსებული რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭო განიხილავდა სარკინიგზო ტრანზიტის გახსნასაც „აბრეშუმის გზის მარშრუტზე“, რასაც აფხაზეთისა და რუსეთის ტერიტორიებზეც უნდა გაევლო.
„ჩინეთი, ირანის პორტი ბანდარაბასი, ირანი, ასტარა - აზერბაიჯანი, გაბალა - აზერბაიჯანი, მარნეული - საქართველო, აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთში. სხვათა შორის, ეს საკითხი საშუალებას მოგვცემს, დაიდოს გაზისა და ნავთობის მიწოდების გრძელვადიანი კონტრაქტები, სტაბილურ და პროგნოზირებად ფასად“, - ასე აღწერდა კატირინი რუსეთისთვის მოსაწონ სარკინიგზო მარშრუტს.
აქუბარდია შენიშნავს, რომ "ქართული ოცნების“ ხელისუფლება დიდი ხანია თანმიმდევრულად არიდებს თავს ტერმინალთან დაკავშირებულ კომენტარებს. რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებზე დუმილისთვის ოპონენტები "ოცნებას" სხვა დროსაც ხშირად აკრიტიკებდნენ.
“როცა პარლამენტში [დეპუტატი] ვიყავი, მე დამჭირდა 7 თვე ილია დარჩიაშვილს [საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი] ეთქვა, რომ ბიჭვინთის ანექსიას [ბიჭვინთის აგარაკების ტერიტორიის რუსეთის მიერ მისაკუთრებას] არა აქვს კანონიერი ძალა. შვიდი თვის განმავლობაში, ყოველთვე ვითხოვდი, რომ მოსულიყო ინტერპელაციაზე და შვიდი თვის თავზე მოვიდა და მხოლოდ და მხოლოდ ის თქვა, რომ უკანონო იქნება და ძალა არ ექნება”, - იხსენებს აქუბარდია.
2022 წლის 19 იანვარს, რუსეთსა და აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის ტერიტორიის, მასზე განთავსებული ობიექტებისა და მიმდებარე ზღვის აკვატორიის რუსეთისთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. ამ ამბავს ხალხის მღელვარება მოჰყვა. დე ფაქტო ხელისუფლება სოხუმში განმარტავდა, რომ ე.წ. სახელმწიფო აგარაკის ტერიტორია რუსეთს არა საკუთრებად, არამედ 49-წლიანი იჯარით გადაეცა. თუმცა არ უარყოფდნენ გარკვეული შენობების ჩუქებას.
თეონა აქუბარდია ვარაუდობს, რომ სატრანზიტო გზის გასახსნელად გაძლიერდება ზეწოლა ოფიციალური თბილისის თანხმობის მისაღებად; თუმცა ფიქრობს, რომ რუსეთისთვის მთავარი დაბრკოლება აქ იქნება არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოზიცია, არამედ ხალხის პროტესტი - რომელიც კვლავაც გრძელდება თბილისის ქუჩებში.
საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტის შეფასებით, მოსკოვისთვის რთული იქნება მიზნის მიღწევა მოკლევადიან პერიოდში, თუმცა განზრახვა ნათელია.
“თუ წინააღმდეგობა საქართველოში მოკლეს, ამ შემთხვევაში ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაც გაფორმდება აფხაზეთთან და ცხინვალთან… გზის გახსნაც რომ იგეგმება, მათ შორის - ეს ტერმინალიც ამას ადასტურებს. ამხელა ინვესტიციას და ფულს არავინ ჩადებდა, რომ არა პროცესი, რომელიც უკვე დაწყებულია”, - აქუბარდიას თქმით, “ოცნების” დუმილი მისთვის ასეთ მოლოდინს “კიდევ უფრო აძლიერებს”.
ფორუმი