Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის ხელისუფლება ითხოვს მოკლული ჩეჩენი ქალის ცხედრის რუსეთში გადასვენებას


აიშატ ბაიმურადოვა, ფოტოები მისი გაუჩინარების შესახებ განცხადებიდან
აიშატ ბაიმურადოვა, ფოტოები მისი გაუჩინარების შესახებ განცხადებიდან

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაასრულა მოკლული ჩეჩენი ქალის, აიშატ ბაიმურადოვას ცხედრის ექსპერტიზა, რის შემდეგაც რუსეთს გაეგზავნა ცხედრის გადაცემის თხოვნა, რომლისთვისაც პასუხი ჯერჯერობით არ გაუციათ. ბაიმურადოვა ოჯახიდან ძალადობის გამო იყო გაქცეული.

გამოცემა "კავკაზსკი უზელი" ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ერევნის ოფისის იურისტის, ანი ჩატინიანის სიტყვებზე დაყრდნობით წერს, რომ უფლებადამცველებს ჯერაც არ მიუღიათ ექსპერტიზის დასკვნა - რომელიც ბოლომდე დასრულებული არ არის, და არც გამოძიების დოკუმენტები. თუ ქალის ნათესავები მისი სამშობლოში დაკრძალვის სურვილს არ გამოთქვამენ, ბაიმურადოვას სომხეთში დაასაფლავებენ.

აიშატ ბაიმურადოვა 15 ოქტომბერს გაუჩინარდა - ამ დღეს ის წავიდა ინსტაგრამით გაცნობილ ქალთან, კარინა იმინოვასთან შესახვედრად. უფლებადამცველების ინფორმაციით, იმინოვა ცრუობდა თავისი წარმომავლობის შესახებ, ჩადიოდა ჩეჩნეთში, ხვდებოდა იქიდან სხვა გამგზავრებულებს და მას, შესაძლოა, კავშირი ჰქონდა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის გარემოცვასთან. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ამჟამად ნათესავები იმინოვას ვერ პოულობენ, და გამოთქვამენ ვარაუდს, რომ იმინოვა, შესაძლოა, მოკლეს, როგორც ზედმეტი მოწმე. ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

სომხეთის პოლიციამ სადამკვირვებლო კამერებით აღმოაჩინა ორი ადამიანი, რომლებიც ტოვებდნენ ერევანში მდებარე ბინას, სადაც აიშატ ბაიმურადოვას ცხედარი იპოვეს. ესენია კარინა იმინოვა და ტერორიზმის დაფინანსებისთვის გასამართლებული, წარმოშობით ჩეჩენი პირი, საიდ-ხამზატ ბაისაროვი - რომელსაც 2019 წელს ყველა ბრალდება მოუხსნეს.

ბაიმურადოვას ნაცნობების თქმით, ქალის მამა უწინ ძალოვან სტრუქტურებში მსახურობდა. კერძო საუბრებში ბაიმურადოვა ამბობდა, რომ მისი ბებია იყო რუსეთის შემადგენლობაში ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის, ახმატ კადიროვის ბიძაშვილი. ახმატ კადიროვი იყო ჩეჩნეთის მოქმედი ლიდერის, რამზან კადიროვის მამა.

ბაიმურადოვამ მოხალისეებს დახმარების თხოვნით მიმართა 2024 წლის დასაწყისში. ქალი ჩიოდა ოჯახში ძალადობის შესახებ. მას დახმარებას უწევდა ჩრდილოკავკასიელთა დამხმარე სულ მცირე ორი ჯგუფი - "СК SOS"-ი და "მარემი". მიმდინარე წლის დასაწყისში ქალი სომხეთში გადაიყვანეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG