Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიმედოვნებ, ხალხის დახმარებით საქართველოს მთავრობა დაუბრუნდება ევროპულ გზას - მარტა კოსი


გაფართოების ევროკომისარი: „მთავრობის საყურადღებოდ ვიტყვი: თუკი ქვეყანას სურს წინსვლა ევროპულ გზაზე, სხვაგვარად უნდა იმოქმედონ.“
გაფართოების ევროკომისარი: „მთავრობის საყურადღებოდ ვიტყვი: თუკი ქვეყანას სურს წინსვლა ევროპულ გზაზე, სხვაგვარად უნდა იმოქმედონ.“

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი, ასევე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დაწყებამდე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ.

მარტა კოსმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „საქართველოს აქვს ისეთი უკუსვლა [ევროინტეგრაციის გზაზე], როგორიც არცერთ სხვა ქვეყანას“.

„მთავრობის საყურადღებოდ ვიტყვი: თუკი ქვეყანას სურს წინსვლა ევროპულ გზაზე, სხვაგვარად უნდა იმოქმედონ. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას, ვინაიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ იმისთვის, რომ ხალხს იმედი მივცეთ, არამედ მთავრობისთვის იმის სათქმელად, რომ არასწორია ხალხის სურვილის გაუთვალისწინებლობა“, - თქვა მან.

„საქართველოზე ლაპარაკისას, მე მართლაც, მართლაც ვიმედოვნებ, რომ თქვენი ხალხის დახმარებით, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა დაუბრუნდება ევროპულ გზას. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მათ ხელშია“, - განაცხადა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა კი განაცხადა, რომ გამოსავალი სამართლიან არჩევნებშია:

„ვითარებიდან გამოსავალი არის ის, რისკენაც მოვუწოდებდით ერთი წლის წინ. ერთი წლის წინ გითხარით, რაც გვჭირდება: გვჭირდება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესებისადმი ნდობის დაბრუნება საქართველოში და ეს გულისხმობს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზებას და შემდგომ წინსვლას“.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი

„სხვა მხრივ, ვხედავთ დეგრადაციის პროცესებსა და დემოკრატიის უკუსვლას. მართლაც გულდასაწყვეტია, განსაკუთრებით იმ დიდი მოლოდინების გათვალისწინებით, რაც ლიეტუვის ხალხს ჰქონდა და აგრეთვე ქართველ ხალხს ჰქონდა ევროპული პერსპექტივის მიმართ, ევროკავშირში გაწევრიანებისადმი ასეთი ძლიერი მხარდაჭერით“, - თქვა მინისტრმა.

კესტუტის ბუდრისის განცხადებით, მას კვლავაც სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, „მაგრამ, ცხადია, ახლანდელი ვითარება და ზომები, რომლებსაც ახლანდელი რეჟიმი პოლიტიკური ოპოზიციისა და საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ იყენებს, ამასთან შესაბამისი არ არის“.

„იმედი მაქვს, მომავალ წელს გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერას საქართველოში. ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ რეჟიმი საქართველოში შეიცვლის პოზიციას. აგრეთვე იმედი მაქვს, რომ გადახედავს სტრატეგიულად საკითხს - სად არის საქართველოს ადგილი. ახლა, როცა ასეთი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ძვრებია მსოფლიოში, ეს არის უმთავრესი საკითხი იქ, თბილისში - სად ვართ? მსოფლიოს რომელ ნაწილთან ერთად ვართ?“ - განაცხადა მან.

  • საქართველო ერთადერთი კანდიდატი ქვეყანაა, რომლის მიმართ გამოიყენება ტერმინი „სერიოზული უკუსვლა“; ევროინტეგრაციის პროცესი „გაჩერებულია“; ევროკავშირი მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს და რეგრესზე პასუხისმგებლობას აკისრებს ხელისუფლებას.
  • რადიო თავისუფლებამ ნოემბრის ბოლოს მოიპოვა კიდევ ერთი დოკუმენტის სამუშაო ვერსია, რომლის მიღებასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიმდინარე კვირაში გეგმავენ.
  • დოკუმენტი ინარჩუნებს ევროკომისიის 4 ნოემბრის ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით გამოკვეთილ კრიტიკულ ტონს.
  • გაფართოების დასკვნებში ევროკავშირის საბჭო დაასახელებს კონკრეტულ პირობებს - „თვითნებურად დაპატიმრებულთა“ გამოშვებას, „რეპრესიული კანონების გაუქმებასა“ და ევროკავშირისადმი მტრული რიტორიკის შეცვლას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG