Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა 8.5 მილიონი ევროს გამოყოფას გაკოტრებული შვედური კომპანიიდან გათავისუფლებულთა დასახმარებლად


ევროპარლამენტის სხდომა. 16 დეკემბერი, 2025 წელი. (ფოტო: FREDERICK FLORIN / AFP)
ევროპარლამენტის სხდომა. 16 დეკემბერი, 2025 წელი. (ფოტო: FREDERICK FLORIN / AFP)

16 დეკემბერს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა (578 მომხრე, 54 წინააღმდეგი, 30-მა თავი შეიკავა) 8.5 მილიონი ევროს გამოყოფას 2025 წლის მარტში გაკოტრებული შვედური კომპანია Northvolt-იდან გათავისუფლებული პირების შრომის ბაზარზე დაბრუნებაში დასახმარებლად.

შვედური კომპანია სპეციალიზებული იყო ელექტრონული მანქანებისთვის ბატარეების წარმოებაში, რომ შეემცირებინა ევროპის დამოკიდებულება ჩინელ მწარმოებლებზე. Northvolt-ი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, რამაც ზეგავლენა მოახდინა მისი წარმოების მოცულობაზე. ეს მოხდა იმის გამო, რომ სახელმწიფოს (კერძოდ, ჩინეთის) მიერ სუბსიდირებული მწარმოებლების მიერ განპირობებული გლობალური ფასების ძლიერი კონკურენციისა და ბაზარზე ჭარბი მიწოდების გამო, Northvolt-ის შეკვეთები გაუქმდა და საბოლოოდ ძირი გამოუთხარა კომპანიის პოზიციას.

ევროკავშირი „გათავისუფლებული მშრომელებისთვის ევროპის გლობალიზაციის კორექტირების ფონდიდან“ (EGF) დაფარავს დახმარების 60%-ს (8.5 მლნ ევრო), შვედეთის ხელისუფლება კი გადაიხდის დარჩენილ 40%-ს (5.7 მლნ ევრო) დაახლოებით 5800 გათავისუფლებული პირის დასახმარებლად, რომ მათ პერსონალიზებული პროფესიული ორიენტაციით, ფინანსური შემწეობით, ტრენინგითა და ბიზნესის დაწყებაში დახმარებით შეძლონ შრომის ბაზარზე დაბრუნება.

EGF-ის მიზანია სოლიდარობის გამოხატვა სამსახურიდან გათავისუფლებული პირებისა და თვითდასაქმებულებისადმი, რომლებმაც სამუშაო ადგილები დაკარგეს მნიშვნელოვანი, მოულოდნელი მოვლენების გამო, რაც გამოწვეულია მსოფლიო სავაჭრო ტენდენციებით, გლობალიზაციით ან მსოფლიო ეკონომიკური კრიზისებით. EGF-ის 2021-2027 წლების რეგულაციებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ მოითხოვონ ევროკავშირის დაფინანსება, თუ მინიმუმ 200 პირი აღმოჩნდება სამსახურიდან გათავისუფლებული. თუკი განაცხადი აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, ევროკომისია წარმოადგენს წინადადებას ფონდების მობილიზაციაზე, რომელიც უნდა დაამტკიცოს როგორც ევროპარლამენტმა, ისე ევროკავშირის საბჭომ.

ევროკომისიის მონაცემებით, 2007 წლის შემდეგ EGF-ი 185-ჯერ იყო გამოყენებული და ევროკავშირის 20 ქვეყანაში 175 ათასზე მეტი პირის დასახმარებლად 719 მილიონი ევრო დაიხარჯა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG