Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Bloomberg: აშშ ახალ სანქციებს ამზადებს იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი სამშვიდობო გეგმას უარყოფს


უკრაინაში ომის დასასრულებლად აშშ-ის მიერ ინიციირებული წინადადებები პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებმა უიტკოფმა და კუშნერმა 2 დეკემბერს კრემლში განიხილეს პრეზიდენტ პუტინთან
უკრაინაში ომის დასასრულებლად აშშ-ის მიერ ინიციირებული წინადადებები პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებმა უიტკოფმა და კუშნერმა 2 დეკემბერს კრემლში განიხილეს პრეზიდენტ პუტინთან

აშშ რუსეთის წინააღმდეგ ამზადებს ახალ სანქციებს, რომლებიც შესაძლოა, აამოქმედოს იმ შემთხვევაში, თუ პუტინი უარყოფს უკრაინაში ომის შეწყვეტის ამერიკულ გეგმას. ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს სააგენტო Bloomberg.

წყაროთა თანახმად, აშშ განიხილავს სხვადასხვა ვარიანტს, მათ შორის სანქციების ამოქმედებას რუსული ნავთობის ტრანსპორტირებასა და ამ ნავთობით ვაჭრობაში ჩართული „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებისა და ტრეიდერების წინააღმდეგ.

Bloomberg-ის წყაროთა ცნობით, შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ვაშინგტონის გეგმა ამ კვირაში განიხილა ევროპული სახელმწიფოების ელჩების ჯგუფთან შეხვედრისას. ახალი სანქციების შესაძლო ამოქმედების საკითხს საბოლოოდ პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტს.

რუსული სააგენტოების, „ტასის“ და „ინტერფაქსის“ ცნობით, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დღეს, 17 დეკემბერს მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცნობები ახალი შესაძლო სანქციების შესახებ არ უნახავთ, თუმცა „კარგადაა ცნობილი რომ ვაშინგტონში, ზოგიერთ კაბინეტში ასეთი გეგმები არის“.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთს სანქციები პირველად 2025 წლის ოქტომბერში დაუწესა. კონკრეტულად რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას „ლუკოილსა“ და „როსნეფტს“ და მათ შვილობილ კომპანიებს.

ეს შეზღუდვები დაემატა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს, რომლებიც უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აამოქმედა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ.

ამჟამად აშშ უკრაინასა და რუსეთთან აწარმოებს მოლაპარაკებებს სამშვიდობო წინადადებებზე. აშშ-უკრაინის მოლაპარაკების ამ დროისთვის ბოლო რაუნდი, რომელშიც პრეზიდენტი ზელენსკიც მონაწილეობდა, 14-15 დეკემბერს ბერლინში გაიმართა. გერმანიის დედაქალაქში შედგა კიდევ ერთი შეხვედრა ევროპის სახელმწიფოთა ლიდერების მონაწილეობით.

დაახლოებით ორი კვირით ადრე, 2 დეკემბერს პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლები კრემლში შეხვდნენ პრეზიდენტ პუტინს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა პესკოვმა დღეს, 17 დეკემბერს მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკელებისგან ელოდებიან ინფორმაციას უკრაინელებსა და ევროპელებთან მუშაობის შედეგების შესახებ

უკრაინაში ომის დასასრულებლად ამერიკული მხარის მიერ შეთავაზებული გეგმა, რომლის შესახებაც პირველად ცნობილი გახდა ნოემბრის მეორე ნახევარში და მედიაში გაჟონილი პროექტის თანახმად ითვალისწინებდა, ძირითადად, რუსეთის მოთხოვნებს, მათ შორის დონბასსა და ნატოს წევრობაზე უკრაინის უარს, გარკვეულწილად შეიცვალა აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად. თავდაპირველი 28-პუნქტიანი გეგმა 20 პუნქტამდე დავიდა.

15 დეკემბერს ამერიკულ მხარესთან ბერლინში მოლაპარაკების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტერიტორიების საკითხზე საუბარი გრძელდება, ის ერთ-ერთი ძირითადია და კონსენსუსი ჯერჯერობით არ არსებობს.




ფორუმი

XS
SM
MD
LG