ლიეტუვაში ათასობით ადამიანი კვირაზე მეტია აპროტესტებს საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის, LRT-ის (საზოგადოებრივი მაუწყებელი) გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას ამარტივებს.
ცვლილების მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ეს საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას და სიტყვის თავისუფლებას.
ვილნიუსის ცენტრში, პარლამენტის მახლობლად 17 დეკემბერს, საღამოსაც გაიმართა ხალხმრავალი აქცია, რომლის მონაწილეებმა პარლამენტისგან ისევ მოითხოვეს, უარი თქვას საკანონმდებლო ცვლილებაზე.
LRT პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ აქციაში 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. საპროტესტო აქცია დღეს, 18 დეკემბერს გაგრძელდება.
ლიეტუვის პარლამენტმა გასულ კვირაში პირველი მოსმენით მიიღო სოციალ-დემოკრატების, პარტია „ნემანის განთიადის“ და „ფერმერები-მწვანეების“ კოალიციის მიერ ინიციირებული ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის არჩევას ან თანამდებობიდან გათავისუფლებას ფარული კენჭისყრით და დირექტორის გათავისუფლებას სამეურვეო საბჭოს 12-დან 7 წევრის თანხმობით, თუ ის არასათანადოდ ასრულებს მოვალეობას ან საბჭო არ დაუმტკიცებს საქმიანობის წლიურ ანგარიშს.
დღეს მოქმედი კანონით, გენერალური დირექტორის გასათავისუფლებლად ღია კენჭისყრა ტარდება, საბჭოს 12-დან 8 წევრის თანხმობაა საჭირო, გათავისუფლების გადაწყვეტილება კი საზოგადოებრივი ინტერესით უნდა დასაბუთდეს.
საკანონმდებლო ცვლილებას აკრიტიკებენ როგორც ლიეტუვის არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები. კრიტიკისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად, ლიეტუვის პარლამენტის უმრავლესობა აპირებს, ცვლილება დაჩქარებული წესით, საბოლოოდ მიიღოს. საკანონმდებლო ცვლილებას ეწინააღმდეგებიან საპარლამენტო ოპოზიციაში მყოფი ქრისტიან-დემოკრატები, ლიბერალები და „დემოკრატიული კავშირი“.
ლიეტუვის პროფესიონალი ჟურნალისტების ასოციაციამ 16 დეკემბერს საპროტესტო აქცია-პერფორმანსი „უხერხემლოთა პარკი“ გამართა ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას ოფისთანაც.
ფორუმი