უკრაინის დელეგაცია 19-20 დეკემბერს შეერთებულ შტატებში გამართავს მოლაპარაკების მორიგ რაუნდს ომის დასასრულებლად მომზადებულ გეგმაზე.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს, 18 დეკემბერს ბრიუსელში ჩასვლამდე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დელეგაცია აშშ-ში უკვე გაემგზავრა და პარასკევს და შაბათს(19-20 დეკემბერი) ამერიკულ მხარესთან მსჯელობა იქნება 20-პუნქტიან გეგმაზე, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიებზე, უკრაინის აღდგენასა და ყველა შესაძლო ნაბიჯზე.
აშშ-ის მიერ ინიციირებულ სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც თავდაპირველად 28-პუნქტიანი იყო და მედიაში ნოემბრის მეორე ნახევარში გაჟონილი პროექტის თანახმად, დიდწილად რუსეთის მოთხოვნებს ასახავდა, უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენელთა შეხვედრა ნოემბერშივე გაიმართა ჯერ ჟენევაში, შემდეგ კი ფლორიდის შტატში. გეგმა გარკვეულწილად შეიცვალა.
4-6 დეკემბერს მაიამიში გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარგზავნილის, სტივენ უიტკოფის და ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის შეხვედრა უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივან რუსტემ უმეროვსა და გენშტაბის უფროს ანდრი ჰნატოვთან. ამერიკულმა მხარემ უკრაინას გადასცა განახლებული ვერსია, რომელზეც უკრაინამ პასუხი რამდენიმე დღეში დაუბრუნა. ამ შეხვედრას წინ უძღოდა უიტკოფის, კუშნერის და რუსეთის პრეზიდენტ პუტინის შეხვედრა, რომელიც 2 დეკემბერს კრემლში გაიმართა.
14-15 დეკემბერს უიტკოფს და კუშნერს ბერლინში შეხვდა პრეზიდენტი ზელენსკი. 15 დეკემბერს, აშშ-უკრაინის მოლაპარაკების მეორე დღეს ბერლინში გაიმართა კიდევ ერთი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ათამდე სახელმწიფოს ლიდერებიც და ევროკომისიისა და ნატოს ხელმძღვანელები.
გამოცემები Politico და Axios-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების გეგმას უიტკოფი და კუშნერი ამ შაბათ-კვირას მაიამიში განიხილავენ რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელ კირილ დმიტრიევთან.
აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები შეეცდებიან მოსკოვის დარწმუნებას, დასთანხმდეს განახლებულ წინადადებებს.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დღეს, 18 დეკემბერს მოსკოვში ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ მზადდება „გარკვეული კონტაქტები" ამერიკულ მხარესთან, რათა მისგან მიიღონ ინფორმაცია ევროპელებსა და უკრაინელებთან მუშაობის შედეგებზე.
ფორუმი