Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვის მოადგილე ვაშინგტონთან ურთიერთობაზე: მთავარი საკითხები კვლავაც ჰაერშია


სერგეი რიაბკოვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
სერგეი რიაბკოვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა სააგენტო „ინტერფაქსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის გაიმართა მორიგი კომუნიკაცია „ორმხრივი გამღიზიანებლების მოხსნის“ თემაზე.

რიაბკოვს არ დაუზუსტებია, სად და როდის იყო ეს კომუნიკაცია და ვინ მონაწილეობდა მასში. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სიტყვებიდან ცხადია ის, რომ ამ მოლაპარაკებებს პრაქტიკული შედეგი არ მოჰყოლია. მისი თქმით, „დღის წესრიგი განიხილებოდა საკმაოდ სერიოზულ დონეზე“, არის ცალკეული თემები, რომლებზეც „აღინიშნება წინსვლა“, მაგრამ „მთავარი საკითხები კვლავაც ჰაერშია“. მათი მოგვარებისთვის, რიაბკოვის თქმით, შესაძლებელია, საჭირო გახდეს „იმპულსები პოლიტიკურ დონეზე“.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელთა ადრინდელი განცხადებების მიხედვით, „ორმხრივ გამღიზიანებლებად“ მოსკოვში თვლიან ორი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობაზე დღეს მოქმედ შეზღუდვებს, მათ შორის - რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის საკუთრების დაპატიმრებას. ლაპარაკია აგრეთვე ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის არარსებობაზე. „ორმხრივი გამღიზიანებლების“ შესახებ მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი 2025 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში გაიმართა. მათ შედეგებზე ინფორმაცია დღემდე არ გავრცელებულა.

ცალკე, უკრაინაზე სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში, განიხილება სანქციების თემა - ამ საკითხზე აშშ-თან მოლაპარაკებებში რუსეთს ბოლო ხანს წარმოადგენს არა საგარეო უწყება, არამედ რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი კირილ დმიტრიევი.

სერგეი რიაბკოვის განცხადებით, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი შესაძლოა გაიმართოს გაზაფხულის დასაწყისში.

ამერიკულ მხარეს ამ ფორმატის მოლაპარაკებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

რუსეთის პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები დროდადრო დადებით განცხადებებს აკეთებენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სწრაფვაზე - დაასრულოს ომი უკრაინაში და მოაგვაროს რუსეთთან ურთიერთობები. რეალურად, ვაშინგტონში ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ, არ მიღებულა რამე გადაწყვეტილება, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას დაადასტურებდა. ოქტომბერში აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის ორ ნავთობკომპანიას - „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“.

ასევე ნახეთ

ფორუმი

XS
SM
MD
LG