როგორც დღეს, 24 დეკემბერს მედიასთან დაადასტურა კანდელაკის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასამართლომ 200 000-ლარიანი გირაო დააკისრა, რის შემდეგაც მან საპატიმრო დატოვა.
ფინანსურმა პოლიციამ გორში მოქმედი არალეგალური სასმელების ქარხნის გამო 7 ადამიანის დაკავებაზე ინფორმაცია 17 სექტემბერს გაავრცელა. ერთ-ერთი მათგანი ყოფილი მოკრივე და ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი იყო.
თავდაპირველად სასამართლომ შვიდივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.
2 ნოემბერს ერთ-ერთს, 67 წლის ბორის გოგიჩაიშვილს, - რომელიც გორის საკრებულოს წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“, - ასევე გირაო შეუფარდეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. გათავისუფლებიდან მალევე, 10 დეკემბერს გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გორში არალეგალურად მოქმედ ალკოჰოლური სასმელების ქარხნიდან და უაქციზო სიგარეტების საწყობიდან ამოიღეს „უპრეცედენტო რაოდენობის, კერძოდ 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი“.
გამოძიება ამბობს, რომ არალეგალური სასმელების საწარმო წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა და კუსტარულად ამზადებდა სხვადასხვა დასახელების, ქართულ და უცხოურ ბრენდულ ალკოჰოლურ სასმელებს.
ამოღებულ სასმელებს შორის არის კუსტარულად დამზადებული და რეალიზაციისთვის გამზადებული არაყი BELUGA (ბელუგა), BELVEDER (ბელვედერი), GREY GOOSE (გრეი გუსი), ვისკი BORKAN (ბორკანი) და CHIVAS REGAL (ჩივას რეგალი).
„ჩხრეკისას ქარხანაში ასევე აღმოვაჩინეთ ხსენებული სასმელების წარმოებისთვის განკუთვნილი დიდი რაოდენობით ბოთლები, საცობები, ეტიკეტები, შესაფუთი მასალა, ხოლო ცისტერნებში - დაახლოებით 24 ტონა ალკოჰოლური სითხე, რომლითაც ხდებოდა ზემოაღნიშნული ფალსიფიცირებული სასმელების დამზადება.
ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთი საწყობიდან დამატებით ამოვიღეთ 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი „KARELIA” (კარელია). ასევე ამოღებულია სიგარეტის შეფუთვისათვის და წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები“, - განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში.
კანდელაკი ფლობს რესტორნებსა და სასტუმროებს გორში, ვარიანში, ქარელსა და ბორჯომში. არის პრორუსული ტელევიზიის, სეზონი ტვ-ს 100%-იანი წილის მფლობელი. ასევე, სტალინის ფონდის დამფუძნებელი.
„საერთოდ ვერ ვხვდები, რაზე ვარ [დაკავებული]“, - თქვა პირველ სასამართლო სხდომაზე გიორგი კანდელაკმა.
ფორუმი