რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების მორიგი სატელეფონო საუბარი უახლოეს ხანში გაიმართება. ამის შესახებ დღეს, 29 დეკემბერს მოსკოვში მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
პუტინის და ტრამპის მორიგი საუბარი უნდა შედგეს მას შემდეგ, რაც 28 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტი ფლორიდაში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს. დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინაც.
კრემლის პრესმდივნის განცხადებით, ეთანხმებიან აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებას, რომ უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაზეა.
პესკოვმა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის პირობად დაასახელა უკრაინის ჯარების გაყვანა დონბასიდან, „ადმინისტრაციულ საზღვრებს მიღმა“.
უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე დონბასის საზღვრებთან დაკავშირებით სხვადასხვა განმარტება არსებობს, თუმცა დღეს ყველაზე ხშირად დონბასის ნაწილად მოიაზრებენ დონეცკის და ლუგანსკის ოლქებს. რუსეთს ნაწილობრივ ოკუპირებული აქვს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქები.
ჟურნალისტებმა პესკოვს დღეს ჰკითხეს, ეხება თუ არა უკრაინის ჯარების გაყვანის მოთხოვნა ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებსაც. კრემლის პრესმდივნის პასუხი იყო, რომ ცალკეული დებულებების საჯარო განხილვას არ დაიწყებენ.
აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ფლორიდაში 28 დეკემბერს გამართული მოლაპარაკების შემდეგ განაცხადეს, რომ საგრძნობ პროგრესს და დიდ წინსვლას მიაღწიეს და სამშვიდობო გეგმა 90%-ით შეთანხმებულია.
შეუთანხმებელ საკითხებს შორისაა ყველაზე რთული და საკვანძო საკითხი - დონბასის მომავალი. რუსეთი მოითხოვს, რომ უკრაინამ დონბასზე უარი თქვას. უკრაინა ამას არ აპირებს. აშშ-ის კომპრომისული წინადადებაა დონბასში „თავისუფალი ეკონომიკური ზონის“ შექმნა.
შეუთანხმებელია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მართვის საკითხიც. ეს სადგური რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული.
დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფლორიდაში მოლაპარაკების შემდეგ ვიდეოკონფერენცია გამართეს ევროპელ ლიდერებთან. ამ საუბრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ წინ მიიწევენ უზრუნველსაყოფად უსაფრთხოების გარანტიების, რომლებსაც ცენტრალური ადგილი ექნებათ სამართლიანი და მყარი მშვიდობის მშენებლობაში.
მაკრონის ინფორმაციით, იანვრის დასაწყისში პარიზში შეიკრიბება „მსურველთა კოალიცია“, რათა საბოლოოდ განსაზღვრონ კოალიციის თითოეული წევრი ქვეყნის წვლილი.
ფორუმი