Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიზარდა კიევში, სამედიცინო დაწესებულებაზე დარტყმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი


რუსეთის ჯარების შეტევის შედეგად კიევში დაზიანებული სამედიცინო დაწესებულება. 2026 წლის 5 იანვარი
რუსეთის ჯარების შეტევის შედეგად კიევში დაზიანებული სამედიცინო დაწესებულება. 2026 წლის 5 იანვარი

კიევზე რუსეთის ჯარების მორიგი შეტევის შედეგად დაშავებულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ამის შესახებ 5 იანვარს დილით განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.

მანამდე ცნობილი იყო, რომ კიევის ობოლონსკის რაიონში მდებარე კერძო სამედიცინო დაწესებულებაზე დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. შენობაში ხანძარი გაჩნდა.

კიევის მერის ინფორმაციით, ოთხი დაშავებულიდან ორის მდგომარეობა მძიმეა. ერთი დაღუპული კლინიკის პაციენტი იყო.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, სამედიცინო დაწესებულების შენობიდან 25 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძარი ლიკვიდირებულია.

გასულ ღამით რუსეთის ჯარებმა დრონებით დაარტყეს კიევის ოლქსაც. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მიკოლა კალაშნიკის ინფორმაციით, ფასტოვის რაიონში დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.

კიევის საოლქო პოლიციის ცნობით, ფასტოვის, ობუხოვის და ვიშგოროდის რაიონებში განადგურებულია ერთი კერძო სახლი და დაზიანებულია ერთი მრავალბინიანი და 12 კერძო სახლი.

ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, კიევის ოლქზე შეტევის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ქალაქი სლავუტიჩი.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ რუსულმა არმიამ კიევში კიდევ ერთ საავადმყოფოზე „გაიმარჯვა". მან პარტნიორებს მიმართა, რომ უკრაინას მუდმივად სჭირდება საჰაერო თავდაცვის საშუალებები და ენერგოდანადგარები.

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 9 რაკეტით და 165 დრონით.

ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის საჰაერო ძალების მიერ დადასტურებული იყო 137 დრონის ჩამოგდება უკრაინის ჩრდილოეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ რაიონებში. სარდლობამ დაადასტურა რუსული რაკეტებით და 26 დრონით პირდაპირი დარტყმა 10 ადგილზე.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დედაქალაქ კიევისა და კიევის ოლქის გარდა, ხანძრები და ნგრევა იყო ჩერნიგოვის ოლქში, სადაც დაზიანებულია რამდენიმე სახლი, გარაჟები, საწარმო და ინფრასტრუქტურის ობიექტი.

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, რუსეთის ჯარებმა დონეცკის ოლქში გენერაციის ობიექტს დაარტყეს, რის შედეგადაც ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შეუწყდათ დონეცკის, ხარკოვის და ჩერნიგოვის ოლქების მომხმარებლებს.

განახლება: 5 იანვარს, შუადღის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დრონებით და რაკეტებით დაარტყეს უკრაინის „სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებს, სამხედრო აეროდრომების ინფრასტრუქტურას, უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელ საამქროებს, დრონების ოპერატორების მომზადების ცენტრს და უკრაინის შეიარაღებული ფორმირებებისა და უცხოელი დაქირავებულების დროებითი დისლოკაციის პუნქტებს 148 რაიონში“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არაფერი უთქვამს სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის საავადმყოფოზე დარტყმისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG