Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ირანის ქალაქ კარაჯში მომიტინგეებმა საპროტესტო აქციაზე ცეცხლი დაანთეს. 2026 წლის 8 იანვარი.
ირანის ქალაქ კარაჯში მომიტინგეებმა საპროტესტო აქციაზე ცეცხლი დაანთეს. 2026 წლის 8 იანვარი.

ირანში დაღუპულთა რიცხვი იზრდება - გათიშეს ინტერნეტი

ფასების ზრდის, ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო ირანელები ქუჩებში გამოვიდნენ - ეს ქვეყანაში ისლამური რეჟიმისთვის წლების განმავლობაში ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი საპროტესტო გამოსვლებია.

მთავარი მოვლენები

21:09 9.1.2026
  • ირანის დედაქალაქ თეირანში და სხვა ქალაქებში უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს.
  • ირანის ხელისუფლების სასტიკ ზომებს ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცები ემსხვერპლნენ.
  • ყველაზე მეტი მსხვერპლი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ღარიბ რეგიონებში აღირიცხა.
  • მოკლულთა შორის იყვნენ იურისტი, სპორტსმენები, მუსიკოსი და მაღაზიის მფლობელი; ოჯახები უარყოფენ მათი სიკვდილის შესახებ ოფიციალურ ვერსიებს.
19:28 9.1.2026

კალასი: ირანში მიმდინარე მოვლენები "ააშკარავებს რეჟიმს, რომელსაც საკუთარი ხალხის ეშინია"

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი კაია კალასი 9 იანვარს აცხადებს, რომ ირანის უსაფრთხოების ძალების მხრიდან საპროტესტო აქციების მიმართ გატარებული ზომები "დისპროპორციულია" და რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია.

"ინტერნეტის გათიშვა, მაშინ, როცა მიმდინარეობს დემონსტრაციების ძალადობრივი ჩახშობა, ააშკარავებს რეჟიმს, რომელსაც საკუთარი ხალხის ეშინია", - წერს კალასი პლატფორმა ⁠X-ზე.

დეტალურად აქ👇


14:58 9.1.2026

ხამენეის თქმით, ისლამური რესპუბლიკა უკან არ დაიხევს

ირანში ყველაზე მასშტაბური ქუჩის დემონსტრაციის შემდეგ, ალი ხამენეიმ განაცხადა: „ისლამური რესპუბლიკა უკან არ დაიხევს“.

ისლამური რესპუბლიკის ლიდერმა მომიტინგეებს „დივერსანტების, არეულობის მონაწილეების და ქვეყნისთვის მავნე ადამიანების ჯგუფი“ უწოდა და განაცხადა, რომ ისინი „ქვეყნის შენობებს ანგრევდნენ ამერიკის პრეზიდენტის სიამოვნებისთვის“. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ისლამური რესპუბლიკა უკან არ დაიხევს დივერსანტების წინაშე“.

ისლამური რესპუბლიკის ლიდერმა დონალდ ტრამპის გზავნილზე მიუთითა, რომლითაც ისლამური რესპუბლიკის ოფიციალურ პირებს აფრთხილებდა, რომ მომიტინგეების დახოცვის შემთხვევაში, ის ირანის მთავრობის წინააღმდეგ ზომებს მიიღებდა.

საპროტესტო აქციების ახალი ტალღის დაწყების შემდეგ მეორე გამოსვლაში, ხამენეიმ დონალდ ტრამპი გააკრიტიკა და თქვა, რომ მას „ხელები ირანელების სისხლით აქვს გაჟღენთილი“, ირანსა და ისრაელს შორის 12-დღიან ომის გამო. „ახლა ის ამბობს, რომ მხარს უჭერს ირანელ ერს და რამდენიმე უყურადღებო და უტვინო ადამიანს მისი სჯერა“.

საპროტესტო აქციების მეთორმეტე დღე, რომელიც ირანის ქურთულ რაიონებსა და სხვა ქალაქებში ბაზრის მოვაჭრეების გაფიცვითა და ფართომასშტაბიანი პროტესტით დაიწყო, ხუთშაბათს საღამოს, 8 იანვარს, პრინცი რეზა ფეჰლევის მოწოდების შემდეგ, ბოლო დროის ყველაზე ფართომასშტაბიან ქუჩის პროტესტად გადაიქცა.

8 იანვრის საღამოს, ირანში თითქმის არ დარჩა ქალაქი თუ დასახლება, საიდანაც მასშტაბური პროტესტის კადრები არ გამოქვეყნებულა, „დიქტატორისა და მარადიული შაჰის სიკვდილის“ ლოზუნგებით.

კადრებისა და ვიდეოების თანახმად, პროტესტს ბევრ ადგილას თან ახლდა სისხლიანი რეპრესიები, შეტაკებები ხალხსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის, ასევე გამოქვეყნდა პოლიციის, ბასიჯის ბაზებსა და გუბერნატორებზე თავდასხმების მრავალი კადრი.

14:29 9.1.2026

ირანის სახელმწიფო მედია პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების დაღუპვის შესახებ იუწყება

ირანის ისლამური რესპუბლიკის სამაუწყებლო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია სამართალდამცავი და უსაფრთხოების ძალების „რამდენიმე“ წევრის მკვლელობის შესახებ, „რამდენიმე“ მომიტინგის დაღუპვასთან ერთად.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ თეირანში ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს ასევე უწოდა „სხვასხვა ადგილას რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულამდე ადამიანის შეკრება“ და, ირანელი ოფიციალური პირებისა და სხვა სახელმწიფო მედია საშუალებების მსგავსად, მომიტინგეებს „მეამბოხეები, კონტრრევოლუციონერები და ტერორისტები“ უწოდა.

ირანის ტელევიზიამ ასევე გაავრცელა ცნობები, რომ დემონსტრანტებმა დააზიანეს და ცეცხლის წაუკიდეს სხვადასხვა შენობასა და მანქანებს, თუმცა არ უხსენებიათ მთელს ქვეყანაში საპროტესტო აქციების მასშტაბისა და მთავრობის დამხობის მოთხოვნის ან უსაფრთხოების ძალების მიერ მომიტინგეების ძალადობითა და მკვლელობებით ჩახშობის შესახებ.

ირანში ამ დრომდე ინტერნეტი მთლიანად გათიშულია. მიუწვდომელია ქვეყნის ვებსაიტებიც საზღვარგარეთიდან.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG