Reuters-ი: კატარში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზის პერსონალის ნაწილს ტერიტორიის დატოვება ურჩიეს
სამ დიპლომატზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters-ი იუწყება, რომ კატარში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზის პერსონალის გარკვეულ ნაწილს ევაკუაციის რეკომენდაცია მისცეს.
სააგენტოს არ დაუკონკრეტებია დიპლომატების ვინაობა, თუმცა ციტირებს მათ სიტყვებს: „პერსონალის ნაწილს მიეცა რეკომენდაცია, ოთხშაბათს საღამოს დატოვონ ალ-უდეიდის საჰაერო ბაზა, რომელიც აშშ-ის სამხედრო ბაზას წარმოადგენს კატარში“.
დოჰაში აშშ-ის საელჩოს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ალ-უდეიდი ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის უდიდესი ბაზაა და იქ დაახლოებით 10 000 სამხედროა დისლოცირებული. მანამდე, გასული წლის ივნისში, ირან-ისრაელის 12-დღიანი ომის დროს, აშშ-ის მიერ ირანზე საჰაერო დარტყმების განხორციელებამდე, ზოგიერთმა შენაერთმა ასევე დატოვა ახლო აღმოსავლეთში არსებული ამერიკული ბაზები.
ისლამური რესპუბლიკის ოფიციალური პირები დაიმუქრნენ, რომ რეგიონში აშშ-ის ბაზებსა და ინტერესის ობიექტებს თავდასხმის ლეგიტიმურ სამიზნეებად განიხილავენ, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომიტინგეების მხარდასაჭერად სამხედრო ზომებს მიიღებს.
ირანის უმაღლესი სუნიტი სასულიერო პირი დემონსტრანტების მკვლელობას გმობს
მოლავი აბდოლჰამიდმა, ირანის უმაღლესმა სუნიტმა სასულიერო პირმა და ზაჰედანის პარასკევის ლოცვის წინამძღოლმა, განცხადება გაავრცელა, რომელშიც თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში ათასობით მომიტინგის მკვლელობას „საშინელი და უპრეცედენტო კატასტროფა“ უწოდა და აღნიშნა, რომ პასუხისმგებელ პირებს „ღვთიური სასჯელი“ მოელით.
13 იანვარს გამოქვეყნებულ მიმართვაში აბდოლჰამიდმა დაწერა: „ამ მწარე მოვლენამ ირანელი ერი მწუხარებასა და რისხვაში ჩააგდო და ღრმად დაჭრა მთელი მსოფლიოს თავისუფალი ადამიანების კოლექტიური ცნობიერება“.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა თავისი გზავნილის დასასრულს, რომ „ისინი, ვინც გასცეს ბრძანება და ვინც აღასრულეს ეს დანაშაული, უდავოდ აგებენ პასუხს ამ ქვეყნად და ასევე დაიმსახურებენ ღვთიურ სასჯელს იმქვეყნად“.
აშშ-ში განთავსებული ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ჯგუფის, HRANA-ს მონაცემებით, 13 იანვრის მდგომარეობით, პროტესტის მე-17 დღეს, დადასტურებულია 2 403 მომიტინგის მკვლელობა, მათ შორის 12 ბავშვის.
უფლებადამცველი ჯგუფები და დამკვირვებლები აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტის გათიშვის გამო, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა კიდევ უფრო მაღალი იყოს.
ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი დაკავებული მომიტინგეებისთვის დაჩქარებულ სასამართლო პროცესებს აანონსებს
ირანის ისლამური სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ბოლო პროტესტების დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესები დაჩქარებული წესით ჩატარდება.
ირანული მედია ღოლამჰოსეინ მოსენი-ეჯეიზე დაყრდნობით იუწყება, რომ პროცესები საჯარო იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, მოსენი-ეჯეი ხუთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა თეირანის ერთ-ერთ ციხეში, სადაც პირადად გაეცნო რამდენიმე საქმეს.
სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელს არ განუმარტავს ამ საქმეების სამართლებრივი დეტალები.
უფლებადამცველი ჯგუფების განცხადებით, ბოლო დღეებში ათიათასობით ადამიანია დაკავებული. ისინი გამოთქვამენ დიდ შეშფოთებას, რომ სასამართლო ხელისუფლებამ შესაძლოა მასობრივი სიკვდილით დასჯა განახორციელოს.
ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 13 იანვარს ირანის ხელისუფლება გააფრთხილა: დაკავებული მომიტინგეების სიკვდილით დასჯის შემთხვევაში, ისინი შეერთებული შტატების მხრიდან „ძალიან მკაცრ ზომებს“ წააწყდებიან.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მკაცრად გმობს ირანის მიერ მომიტინგეების „ტერორისტებად“ მოხსენიებას
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპარსულენოვანმა გვერდმა სოციალურ ქსელ X-ში უპასუხა ირანის ხელისუფლების მცდელობას, მომიტინგეები „ტერორისტებად“ წარმოაჩინოს.
გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია: „ის ფაქტი, რომ ისლამური რესპუბლიკის რეჟიმი მომიტინგეებს 'ამბოხებულებსა' და 'ტერორისტებს' უწოდებს, მსოფლიოს შეცდომაში ვერ შეიყვანს“.
პოსტის თანახმად, „ეს არის მხოლოდ იარლიყები, რომლებიც ძალადობის გასამართლებლად გამოიყენება და მეტი არაფერი“.
პროტესტის ესკალაციასთან ერთად, ირანელმა მაღალჩინოსნებმა გაამკაცრეს დაპირისპირება დემონსტრანტებთან და მათ „ტერორისტები“ უწოდეს. ბოლო დღეებში ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე სცადა მომიტინგეების წინააღმდეგ განხორციელებული უპრეცედენტო ძალადობის გამართლება: უწყებამ უცხო ქვეყნის ელჩები და წარმომადგენლები მიიწვია, სადაც მათ წინაშე სიტყვით წარდგა მინისტრი აბას არაყჩი და მოაწყო სპეციალური ფილმის ჩვენება.
თუმცა ამ ნაბიჯიდან მალევე, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ძალაუფლების შესანარჩუნებლად ირანის მიერ ძალადობის გამოყენება ისლამური რესპუბლიკის „მმართველობის დასასრულის“ ნიშნად შეაფასა.
ფორუმი