აქციები “ეკონომიკური პროტესტით” დაიწყო
ირანის თეოკრატიული მთავრობის მიმართ უახლესი გამოწვევა 2025 წლის 28 დეკემბერს დაიწყო, როცა დემონსტრანტები ირანის ეკონომიკური პრობლემების გამო ქუჩებში გამოვიდნენ, რაც უფრო ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებში გადაიზარდა.
ნორვეგიაში დაფუძნებულმა ირანის ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფმა დაადასტურა უსაფრთხოების ძალების ხელით სულ ცოტა, 3428 მომიტინგის სიკვდილი. ხოლო აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ დაადასტურა, რომ დაღუპულთა რიცხვი შეადგენს 3308-ს, ხოლო დაკავებულთა რაოდენობა 22 000-ს აჭარბებს.
ხამენეიმ თავად აღიარა, რომ ათასობით ადამიანი იქნა მოკლული. უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ რეალური რიცხვი, სავარაუდოდ, მათ მიერ მოწოდებულ მონაცემებზე მეტია, რადგან 8 იანვრიდან ინტერნეტის გათიშვამ მნიშვნელოვნად შეაფერხა და სერიოზული ზიანი მიაყენა ამ რიცხვების გადამოწმების მცდელობებს. ინტერნეტთან დაკავშირებული შეზღუდვები მოკლე დროით მოიხსნა 17 იანვარს, თუმცა NetBlocks-ის მონიტორინგის ჯგუფმა განაცხადა, რომ დღის ბოლოს ინტერნეტი კვლავ გათიშული იყო.
თვალის დაზიანებების დიდი რაოდენობა
ირანელმა ოფთალმოლოგმა, რომელმაც ქვეყანა ცოტა ხნის წინ დატოვა, განაცხადა, რომ საავადმყოფოებს უჭირთ პროტესტის დროს დაშავებულთა მკურნალობა და ექიმები უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ არიან თვალის დაზიანებების დიდი რაოდენობის გამო.
„არსებობს ინფორმაცია, რომ უსაფრთხოების ძალებმა დაჭრილი პაციენტები საავადმყოფოებიდან გაიყვანეს“, - თქვა ექიმმა.
მისი მონათხრობი ემსგავსება ადრინდელ ცნობებს, რომ თვალის საავადმყოფოები
ირანში წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს პაციენტებით იყო გადავსებული. ასე იყო 2022-23 წლებში „ქალები, სიცოცხლე, თავისუფლების“ საპროტესტო აქციების დროს.
რადიო თავისუფლებამაც გაავრცელა ინფორმაცია უსაფრთხოების ძალების მიერ საპროტესტო გამოსვლების ჩახშობისას ადამიანების თვალების განზრახ დამიზნების მრავალი შემთხვევის შესახებ.
ირანის მოქალაქემ, რომელიც ცოტა ხნის წინ ტაჯიკეთში იმყოფებოდა, რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახურის კორესპონდენტს განუცხადა, რომ უსაფრთხოების ძალები, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, კვლავ „საბრძოლო იარაღით“ არიან ქუჩებში გამოსული.
ამასობაში, ირანიდან გავრცელებულ ახალ ვიდეოებში ჩანს, როგორ ესხმიან თავს სამთავრობო ძალები და სამოქალაქო ტანსაცმლიანი პირები მოქალაქეებს, რომლებმაც საცხოვრებელ შენობებს შეაფარეს თავი თეირანში. კადრებში, რომელთა ავთენტურობა რადიო თავისუფლებას არ გადაუმოწმებია, უსაფრთხოების ძალები იყენებენ სხვადასხვა ცეცხლსასროლ იარაღს, ხელკეტებს, მაჩეტეებს, ჯოხებს და ლაზერულ მოწყობილობას.
დარბევის უახლესი მტკიცებულებები მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა ინტერვიუში განაცხადა, რომ „ირანში ახალი ლიდერების ძებნის დროა“.
ტრამპმა Politico-სთან ინტერვიუში 17 იანვარს გამოქვეყნებულ კომენტარში განაცხადა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი დამნაშავეა „ქვეყნის სრულ განადგურებასა და ძალადობის ისეთ დონეზე გამოყენებაში, როგორიც როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა“.
ამ კვირის დასაწყისში ტრამპმა, ჩანს, ირანზე სამხედრო დარტყმა გადადო და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის ხელისუფლება დათანხმდა დემონსტრანტების სიკვდილით დასჯის შეჩერებას.
17 იანვარს ხამენეიმ კვლავ განაცხადა, რომ ირანში საპროტესტო აქციები აშშ-მა გააღვივა და მსხვერპლზე პასუხისმგებლობა ტრამპს დააკისრა.
„ჩვენ აშშ-ის პრეზიდენტს დამნაშავედ ვთვლით ირანელი ხალხისთვის მიყენებული მსხვერპლის, ზიანისა და ცილისწამების გამო“, - განაცხადა მან რელიგიური დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ მიმართვაში.
უსაფრთხოების ძალები, როგორც ამბობენ, მოქალაქეების ტელეფონებს ამოწმებენ
70 წელს გადაცილებულმა კაცმა, რომელმაც ირანი 17 იანვარს დატოვა, რადიო „ფარდას“ განუცხადა, რომ „ღამით სრული განცდაა საომარი მდგომარეობისა... შეიარაღებული პირები აჩერებენ მანქანებს, ამოწმებენ მთელ მანქანას და ასევე მობილურ ტელეფონებს. ისინი ხალხს ტელეფონების
განბლოკვას სთხოვენ“.
უსაფრთხოების ძალები „ამოწმებენ მოქალაქეების აქტივობებს სოციალურ მედიაში, ასევე მათი ტელეფონების ფოტოგალერეებს“, თქვა მან, „რათა მონახონ მტკიცებულებები ინდივიდის საპროტესტო აქციებზე ყოფნის შესახებ“.
ირანელი კაცმა, რომელმაც თქვა, რომ ის თეირანის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიაზე გააჩერეს, და იგივე გაიგო სხვებისგან. ხალხი ერთმანეთს აფრთხილებს, რომ „საღამოს 8 საათის შემდეგ სახლში დარჩნენ“, - თქვა მან.
ირანის ოფიციალური წარმომადგენელი: „უმკაცრესი სასჯელი“ „მტრულად“ განწყობილებისთვის. დემონსტრაციების ჩახშობის ახალი დეტალები
18 იანვარს კვლავ ვრცელდება ირანის მთავრობის მიერ საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობის ახალი დეტალები. ირანის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „მტრულად განწყობილებს“ „ყველაზე მკაცრი ისლამური სასჯელი“ ელით.
ირანის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელმა, ასღარ ჯაჰანგირმა, 18 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოსამართლეებს თავისუფალი არჩევანი ექნებათ დემონსტრანტებისთვის განაჩენის გამოტანისას.
ჯაჰანგირმა ეს თქვა ერთი კვირის შემდეგ მას მერე, რაც ვაშინგტონმა, როგორც ჩანს, თეირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებისგან უკან დაიხია პირობის შემდეგ, რომ დემონსტრანტებს სიკვდილით დასჯა არ დაემუქრებოდათ.
ირანიდან წასული მოქალაქეები რადიო
თავისუფლების ირანულ სამსახურს, რადიო „ფარდას“ ქვეყნის შიგნით ვითარების დეტალებზე უამბობენ.
42 წლის მოჰსენ რაშიდის ნათესავებმა განაცხადეს, რომ ის უსაფრთხოების ძალების მიერ ფეხში დაჭრის შემდეგ სისხლისგან დაიცალა და გარდაიცვალა. ისინი ჰყვებიან, რომ ცხედრის გადმოსაცემად ათასობით დოლარის გადახდა მოუწიათ.
სხვა ინტერვიუში, პენსიონერმა, რომელმაც ირანი 17 იანვარს დატოვა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ „ღამით სრული განცდაა
საომარი მდგომარეობისა... შეიარაღებული პირები აჩერებენ მანქანებს, ამოწმებენ მთელ მანქანას და ასევე მობილურ ტელეფონებს“.
ფორუმი