აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპარსულენოვანმა ანგარიშმა X-ზე დღეს, დილით გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჟურნალისტებთან საუბრობს.
კითხვაზე, უნდა გადადგეს თუ არა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, ან წავიდეს თუ არა ის ქვეყნიდან, ტრამპმა უპასუხა: „ამ საკითხში ჩაღრმავება არ მსურს“.
„მაგრამ მათ იციან, რასაც ვეძებთ“, - თქვა მან. - „იქ უამრავი მკვლელობა ხდება“.
მან ასევე გააფრთხილა ისლამური რესპუბლიკა, არ სცადონ სხვა მოწინავე ბირთვული ობიექტების შექმნა, ისეთების, რომლებიც ივნისში აშშ-ის დარტყმების სამიზნე გახდა ოპერაცია Midnight Hammer-ის დროს.
გავრცელდა აჰვაზში გამართული საპროტესტო აქციების კადრები
Telegram-არხზე, რომელიც ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების ამსახველ მასალებს აზიარებს, გავრცელდა 8 იანვრით დათარიღებული ვიდეო.
კადრებში ჩანს, როგორ უშენენ ცრემლსადენ გაზს უსაფრთხოების ძალები დემონსტრანტების დიდ მასას ფატიმა ზაჰრას მეჩეთთან, ქალაქ აჰვაზის კუი-ე ბაჰონარის უბანში (სამხრეთ-დასავლეთ ირანი). აღნიშნული მდებარეობა RFE/RL-ის რადიო ფარდას მიერ გეოლოკაციით დადასტურებულია. ვიდეოს ფონზე ასევე ისმის სროლის ხმა.
ვიდეოს ავთენტიკურობის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ მოხერხდა. პირი, რომელმაც კადრები გადაიღო, აცხადებს, რომ მომიტინგეები რეჟიმის მომხრე „ბასიჯის“ მილიციის ბაზის გადაწვას ცდილობდნენ.
ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია HRANA-მ ირანში არსებული ვითარების შესახებ განახლებული ინფორმაცია გამოაქვეყნა.
მისი წყაროების თანახმად, ბოლო საპროტესტო აქციების დროს მსხვერპლთა რაოდენობა 5 137 დადასტურებულ დაღუპულამდე გაიზარდა, ხოლო 7 400-ზე მეტი ადამიანი „მძიმედ არის დაშავებული“. ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ მათი რიცხვი, რომელთა საქმეზეც ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება, 12 904-ს შეადგენს.
ირანული საინფორმაციო სააგენტო: საერთაშორისო ინტერნეტი ამაღამ სრულად აღდგება
საინფორმაციო სააგენტო Fars-მა, რომელიც ახლოს დგას „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ (IRGC), 23 იანვარს განაცხადა, რომ საერთაშორისო ინტერნეტზე წვდომა ამაღამ „ქვეყნის ყველა პროვინციაში სრულად აღდგება“.
მთლიანი ირანი უკვე მესამე კვირაა ინტერნეტის სრული გათიშვის რეჟიმში იმყოფება და გარე სამყაროსაა მოწყვეტილი.
NetBlocks-ის მიერ 23 იანვარს გამოქვეყნებული განახლებული მონაცემების მიხედვით (რომელიც მსოფლიო მასშტაბით ინტერნეტის გათიშვასა და ცენზურას აკონტროლებს), პარასკევი დილიდან ირანიდან საზღვარგარეთ კიდევ უფრო მეტი „VPN გვირაბი“ (VPN tunnels) შეიქმნა, თუმცა ინტერნეტის სიჩქარე კვლავ ძალიან დაბალია.
ფორუმი