Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ხალხი გამოვიდა თეირანის ქუჩებში 8 აპრილს, მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადდა.
ხალხი გამოვიდა თეირანის ქუჩებში 8 აპრილს, მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადდა.

გრძელდება ისრაელის ძლიერი იერიშები ლიბანზე - ლაივბლოგი

ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები, მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. დაიღუპნენ უზენაესი ლიდერი და სხვა მაღალჩინოსნები აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად, რომლებიც კვლავ გრძელდება.

მთავარი მოვლენები

22:16 28.1.2026

გერმანიის კანცლერი: რეჟიმის დღეები დათვლილია

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა 28 იანვარს განაცხადა, რომ ირანის მთავრობის „დღეები დათვლილია“.

„რეჟიმი, რომელსაც ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული აშკარა ძალადობითა და ტერორით შეუძლია - მისი დღეები დათვლილია“, - განაცხადა მერცმა რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ილიე ბოლოჟანთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ეს შეიძლება კვირების საკითხი იყოს, მაგრამ ამ რეჟიმს ქვეყნის მართვის არანაირი ლეგიტიმაცია აღარ გააჩნია“, - თქვა მერცმა.

18:43 28.1.2026

ტრამპი მოუწოდებს ირანს, „დადოს შეთანხმება“, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ის შემდეგი თავდასხმა „ბევრად უარესი“ იქნება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ირანს, „დადოს შეთანხმება“ მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება „ბევრად უარესი თავდასხმით“, ვიდრე ეს იყო გასულ წელს, როდესაც აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმებმა ირანის ბირთვული ობიექტები გაანადგურა.

ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმებით იმუქრება იმ სასტიკი დარბევის კვალდაკვალ, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ პროტესტს მოჰყვა და რომელსაც, უფლებადამცველი ჯგუფებისა და თვითმხილველების თქმით, ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო დღეების განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში განათავსა გამანადგურებლები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და ის, რასაც ტრამპმა „არმადა“ უწოდა. ექსპერტების აზრით, ამ ნაბიჯმა გაზარდა დაძაბულობა ირანთან და სამხედრო მოქმედებების ალბათობა.

„იმედია, ირანი სწრაფად "დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან" და მიაღწევს სამართლიან და თანასწორ შეთანხმებას - ბირთვული იარაღის გარეშე - რომელიც კარგი იქნება ყველა მხარისთვის“, - განაცხადა ტრამპმა 28 იანვარს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

17:51 28.1.2026

მაიკ პომპეო: ირანთან მოლაპარაკება შეუძლებელია

მაიკ პომპეო, რომელიც დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებდა, აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს ირანის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების იმედი არ უნდა ჰქონდეს.

Fox News-თან ინტერვიუში პომპეომ აღნიშნა, რომ მისი რწმენით, ისლამური რესპუბლიკა უკან მხოლოდ ძალის გამოყენების შემთხვევაში დაიხევს.

მან ინტერვიუს ნაწილი საკუთარ X (ყოფილ Twitter) ანგარიშზეც გამოაქვეყნა და დაწერა: „ირანის დიქტატურამ შეიძლება თქვას, რომ შეთანხმება სურს, თუმცა ნებისმიერი მორიგება, რომელიც ამ რეჟიმს ხელისუფლებაში ტოვებს, არსებითად შეუთავსებელია რეგიონულ უსაფრთხოებასთან. ეს არ არის რეჟიმი, რომელთანაც მოლაპარაკება შესაძლებელია“.

ამავდროულად, პომპეო მიესალმა ირანის მიმართულებით აშშ-ის სამხედრო ხომალდების გაგზავნას და ხაზი გაუსვა ირანის მთავრობაზე გარედან ძლიერი ზეწოლის შენარჩუნების აუცილებლობას, რათა ქვეყნის შიგნით მყოფ ხალხს საკუთარი ბედის განსაზღვრაში დაეხმარონ.

21:27 27.1.2026

ექსპერტების თანახმად, აშშ ახლო აღმოსავლეთში თავს უყრის გამანადგურებლებს, საჰაერო თავდაცვის საშუალებებს და ავიამზიდს ათასობით სამხედროთი, რაც ზრდის დაძაბულობას ირანის გარშემო და ძლიერდება იმის ალბათობაც, რომ ირანს შეიძლება მართა დაარტყან. მაგრამ როგორ? როდის? ამ დროს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, ირანს მოლაპარაკება სურს.

ტრამპმა ორშაბათს, 26 იანვარს Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებული სიტუაცია „ცვალებადია,“ რადგან მან რეგიონში „დიდი არმია“ გაგზავნა, თუმცა ფიქრობს, რომ თეირანს ნამდვილად სურს მორიგება.

დონალდ ტრამპი ირანს სამხედრო დარტყმებით ემუქრებოდა ადრეც, ასევე შემდეგ, რაც ირანის ხელისუფლებამ ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების სასტიკი ჩახშობის დროს ათასობით ადამიანი მოკლა. ტრამპმა ცოტა ხნის წინ უკან დაიხია, თუმცა ისლამურ რესპუბლიკაზე თავდასხმა კვლავ არ გამორიცხა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG