კვამლით დაიფარა თეირანის ცა ირანში, ნავთობობიექტებზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ.
ისრაელის სამხედრო ძალებმა აიღეს პასუხისმგებლობა თეირანში მდებარე საწვავის რამდენიმე საცავზე 8 მარტს განხორციელებულ იერიშებზე.
აშშ-მა და ისრაელმა განიხილეს ირანში სპეცდანიშნულების რაზმების გაგზავნა მისი მაღალგამდიდრებული ურანის მარაგების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, იტყობინება Axios წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს შეიძლება მოხდეს ომის შემდგომ ეტაპზე, მას მერე, რაც ორივე ქვეყანა დარწმუნდება, რომ ირანის სამხედროები აღარ წარმოადგენენ სერიოზულ საფრთხეს.
Axios-ის ცნობით, განიხილეს ორი ვარიანტი: გამდიდრებული ურანის ირანიდან მთლიანად გატანა ან ბირთვული სფეროს ექსპერტების მოწვევა მის ადგილზე შესასუსტებლად.
შარშან ივნისში ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შედეგად ურანის მარაგი ნანგრევების ქვეშ დაიმარხა. ამერიკელი და ისრაელელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მას შემდეგ თავად ირანელებს არა აქვთ მათზე წვდომა. გაზეთის წყაროების ცნობით, ბირთვული საწვავის უმეტესი ნაწილი ინახება მიწისქვეშა გვირაბებში ირანის ქალაქ ისპაჰანში მდებარე ობიექტში, ხოლო დარჩენილი მარაგი გადანაწილებულია ფორდოუსა და ნატანზის ბუნკერებს შორის.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენმა დაგმო, მათივე შეფასებით, ირანის მიერ აზერბაიჯანში განხორციელებული „უმიზეზო“ თავდასხმა დრონით და განაცხადა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს რეგიონში თავის პარტნიორებს, იმ ფონზე, როდესაც ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა იზრდება.
„ეს დარტყმები აზერბაიჯანის სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა და ირანის აგრესიის უსაფუძვლო ესკალაციაა“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილის, ტომი პიგოტის განცხადებაში, რომელიც მან 7 მარტს გააკეთა.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები სრულ სოლიდარობას უცხადებს აზერბაიჯანს ამ საფრთხეების წინაშე:
„ჩვენს რეგიონულ პარტნიორთა ტერიტორიაზე თავდასხმები მიუღებელია და მათ აუცილებლად დახვდება აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მიმართ“.
ისრაელმა და ირანმა ურთიერთდატყმები განახორციელეს შაბათს, 6 მარტს - იმ ფონზე, როცა ომი მეორე კვირაში შედის. ამასთან, ირანმა უჩვეულო განცხადება გააკეთა და მეზობელ ქვეყნებს ბოდიში მოუხადა თავისი "ქმედებებისთვის" - სავარაუდოდ მის მიერ სპარსეთის ყურის სამოქალაქო სამიზნეებზე მიტანილი იერიშებით გამოწვეული რეგიონული სიბრაზის დაშოშმინების მიზნით.
"პირადად ვუხდი ბოდიშს მეზობელ ქვეყნებს, რომლებსაც ირანის ქმედებები შეეხო" - თქვა ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა და ამ ქვეყნებს მოუწოდა არ შეუერთდნენ აშშ-ისრაელის თავდასხმებს ირანზე.
პრეზიდენტის თქმით, ირანის მმართველთა დროებითმა საბჭომ გადაწყვიტა მეზობელ ქვეყნებზე დარტყმები შეწყდეს, თუ ირანზე თავდასხმები მათი ტერიტორიებიდან არ იქნება განხორციელებული.
ფორუმი