აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპარსულენოვანი ანგარიშის პოსტი:
„ცოტა ხნის წინ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არაყჩიმ, სოციალურ ქსელში მშვიდობიან პროტესტს "ტერორისტული ოპერაციების" იარლიყი მიაწება. დიდი თავხედობაა საჭირო იმისთვის, რომ მშვიდობისმოყვარე ირანელებს ტერორიზმში დასდო ბრალი მაშინ, როდესაც თავად ისლამური რესპუბლიკა იყენებს ძალადობასა და დაშინებას საკუთარი ხალხის დასათრგუნად და, ამავდროულად, მხარს უჭერს ნამდვილ ტერორისტებს საზღვარგარეთ“.
ფრენები ახლო აღმოსავლეთში კვლავ ფართომასშტაბიანი შეფერხებებით სრულდება
რეგიონული დაძაბულობის ზრდისა და ევროპის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) გაფრთხილების ფონზე - თავი აარიდონ ირანის საჰაერო სივრცეს - ბევრმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ ახლო აღმოსავლეთში ფრენების განრიგი შეცვალა ან გააუქმა.
Aerospace Global News-მა 26 იანვარს დაწერა, რომ ამ დროისთვის ცვლილებებმა გავლენა მოახდინა ისრაელის, სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს ქალაქების, იორდანიის, აგრეთვე ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ნაწილის მიმართულებებზე.
ანგარიშის თანახმად, United Airlines-მა და Air Canada-მ შეაჩერეს ფრენები თელ-ავივის მიმართულებით. ინდურმა ავიაკომპანია IndiGo-მ ასევე შეაჩერა ფრენები ალმატის, ბაქოს, ტაშკენტისა და თბილისის მიმართულებით. Lufthansa Group-მა მარტის ბოლომდე გააუქმა ფრენები თეირანში, ხოლო თელ-ავივისა და ამანის რეისები მხოლოდ დღის საათებით შეზღუდა, რათა ეკიპაჟებს ღამის გათევა არ მოუწიოთ.
Flydubai-მ გააუქმა ფრენები თეირანის, მაშჰადისა და შირაზის მიმართულებით, თუმცა სხვა მარშრუტებს შეცვლილი ტრაექტორიით აგრძელებს. Air France-მა, KLM-მა და British Airways-მა, მოკლევადიანი შეჩერების შემდეგ, ნაწილობრივ განაახლეს ოპერირება.
რეგიონული გიგანტები, მათ შორის Emirates და Qatar Airways, აგრძელებენ მუშაობას მარშრუტების შეცვლისა და ფრენის დროის გაზრდის ხარჯზე. გარდა ამისა, ისრაელის El Al-მა მგზავრების შეშფოთების შესამსუბუქებლად გაუქმების მოქნილი პოლიტიკა შემოიღო.
ტრამპი: ირანს შეთანხმების დადება სურს
Axios-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებული სიტუაცია „ცვალებადია“, რადგან აშშ-მა დიდი „არმადა“ გაგზავნა, თუმცა თავად ფიქრობს, რომ თეირანს შეთანხმების დადება სურს.
ინტერვიუში, რომელიც 26 იანვარს შედგა, აშშ-ის პრეზიდენტმა უარი თქვა იმ ვარიანტების განხილვაზე, რომლებიც მას ეროვნული უსაფრთხოების გუნდმა ირანთან დაკავშირებით წარუდგინა, ან იმაზე, თუ რომელ ვარიანტს ანიჭებდა უპირატესობას.
ამავდროულად, ტრამპმა აღნიშნა, რომ დიპლომატია კვლავ რჩება ერთ-ერთ გზად და დასძინა: „მათ შეთანხმების დადება სურთ. მე ეს ვიცი. მათ არაერთხელ დარეკეს. მათ საუბარი სურთ“.
არსებული ინფორმაციით, ამ თვის დასაწყისში, მას შემდეგ რაც ათასობით ირანელი დემონსტრანტი დაიღუპა, აშშ-ის პრეზიდენტი ახლოს იყო ირანის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე დარტყმის ბრძანების გაცემასთან. საბოლოოდ, ტრამპმა გადაწყვეტილება გადადო და რეგიონში აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერების განკარგულება გასცა.
Axios-ის თანახმად, აშშ-ის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თეთრი სახლი „ღიაა თანამშრომლობისთვის“, როდესაც საქმე ირანთან მოლაპარაკებებს ეხება. „თუ მათ სურთ ჩვენთან დაკავშირება და იციან პირობები, მაშინ ჩვენ გავმართავთ დიალოგს“, - განაცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა. მან ასევე დასძინა, რომ შეთანხმებისთვის აშშ-ის პირობები ირანს გასული წლის განმავლობაში არაერთხელ გადაეცა.
რაც შეეხება პოტენციურ შეთანხმებას, Axios-ი წერს: აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ნებისმიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს ირანიდან მთელი გამდიდრებული ურანის გატანას, ირანის შორი მოქმედების რაკეტების მარაგის შეზღუდვას, რეგიონში მარიონეტული ძალების (პროქსიების) მხარდაჭერის პოლიტიკის შეცვლას და ქვეყანაში ურანის დამოუკიდებლად გამდიდრების აკრძალვას. ირანელებმა განაცხადეს, რომ მზად არიან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ამ პირობების მისაღებად მზადყოფნა არ გამოუხატავთ.
Axios-ის ცნობით, „წყაროები, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას სიტუაციის შესახებ, ამბობენ, რომ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია“ ირანის წინააღმდეგ შესაძლო დარტყმასთან დაკავშირებით.
ავიამზიდ Abraham Lincoln-ისა და მხარდამჭერი სამხედრო ხომალდების აშშ-ის ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში (რომელიც მოიცავს ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკას, ახლო აღმოსავლეთს, ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ აზიის ნაწილს) გამოჩენის ფონზე, ტრამპი „სავარაუდოდ, ამ კვირაში მეტ კონსულტაციას გამართავს და მას დამატებით სამხედრო ვარიანტებს წარუდგენენ“.
ირანის მთავრობა: ინტერნეტი სიცოცხლის გადასარჩენად გაითიშა
ირანში ინტერნეტის ხანგრძლივი გათიშვის მიზეზის შესახებ რეპორტიორის კითხვაზე პასუხად, მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ფატემე მოჰაჯერანიმ განაცხადა, რომ ეს აუცილებელი იყო „ადამიანთა სიცოცხლის შესანარჩუნებლად“. პრესსპიკერს დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია.
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ირანში ინტერნეტის ბლოკადამ შეუძლებელი გახადა დაღუპულების, დაშავებულებისა და დაკავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაციისა და სტატისტიკის მოპოვება.
ილან ბერმანი, „ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს“ უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ვეტერანი მრჩეველი, Forbes-ში წერს, რომ ბოლო წლებში ირანის მთავრობამ მილიარდობით დოლარის ინვესტიცია ჩადო შიდა ინტერნეტ-ინფრასტრუქტურაში, მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკის კოლაფსისა.
Forbes-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს ინვესტიციები ასახავს „თეირანის მკაფიო აღიარებას, რომ კავშირგაბმულობა შიდა ოპოზიციის სასიცოცხლო ძალაა და მისი კონტროლი პრაქტიკულად ნებისმიერ ფასად ღირს“.
ბერმანის თქმით, 2009 წლის „მწვანე მოძრაობის“ საპროტესტო აქციების შემდეგ, ირანის მთავრობამ ეტაპობრივად შექმნა ცენზურისა და ინფორმაციული კონტროლის რთული არქიტექტურა - ეს სტრუქტურა კიდევ უფრო განვითარდა ბოლო წლებში ისეთი ჩინური კომპანიების ტექნოლოგიების დახმარებით, როგორიცაა Huawei და ZTE.
"სიცოცხლის გადარჩენის ნაცვლად, ინტერნეტის გათიშვამ რეჟიმს სისასტიკისკენ გაუხსნა გზა და ირანი იყენებს „მედიისა და ინფორმაციის ხანგრძლივ ბლოკადას თავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური რეპრესიების განსახორციელებლად“, წერს ბერმანი, RFE/RL-ის (რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპა) დირექტორთა საბჭოს წევრი.
ფორუმი