გაეროს უშიშროების საბჭომ საგანგებო შეხვედრა გამართა ნიუ-იორკში, ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ.
ირანის წარმომადგენელმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე "ომის დანაშაული" უწოდა ისრაელისა და აშშ-ის მიერ განხორციელებული თავდასხმებისას სამოქალაქო პირების დაღუპვას, აშშ-მა და ისრაელმა დაიცვეს თავიანთი თავდასხმები ირანზე.
"საერთაშორისო თანამეგობრობა დიდი ხანია იზიარებს მარტივ და აუცილებელ პრინციპს - ირანს არ შეიძლება ბირთვული იარაღი ჰქონდეს", - თქვა აშშ-ის ელჩმა მაიკ უოლცმა და აღნიშნა გაეროს მიერ წარსულში მიღებული რეზოლუციები, რომლებიც თეირანმა უგულებელყო.
საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი. ირანში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.
BBC-ს ცნობით, ირანის მედია ავრცელებს ეროვნული უშიშროების საბჭოს განცხადებას, რომელიც ხამენეის სიკვდილს ოფიციალურად ადასტურებს და ბრალს აშშ-ს და ისრაელს აკისრებს. განცხადებაში ლაპარაკი არ არის ხამენეის შესაძლო შემცვლელზე. ხამენეის "მოწამეობა" იქნება დასაწყისი "მჩაგვრელთა წინააღმდეგ ბრძოლაში ამბოხებისა", - ნათქვამია განცხადებაში.
ირანზე ისრაელისა და აშშ-ის დარტყმების შედეგად მოკლული არიან ისლამური რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალი შამხანი და შეიარღებული ძალების ელიტურ დანაყოფად მიჩნეული „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაური მოჰამად პაკპური.
ცნობა მათი სიკვდილის შესახებ ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA-მ 1 მარტს გაავრცელა.
ალი შამხანი ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად 28 თებერვალს მოკლული აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველიც იყო.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, დაიღუპნენ ხამენეის ქალიშვილი, სიძე და შვილიშვილიც.
ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანი გააფრთხილა, უარი თქვას საპასუხო დარტყმებზე, რადგან წინააღმდეგ შემთხვვევაში მიიღებს „არნახული ძალის დარტყმას“.
ისრაელის და აშშ-ის სამხედრო ოპერაციის შედეგად, 28 თებერვალს აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილის შემდეგ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ დაიმუქრა, რომ პასუხი „უძლიერესი“ იქნება.
ამ განცხადების პასუხად პრეზიდენტმა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში 1 მარტს დაწერა, რომ ირანის განცხადებით, დღეს იქნება იმაზე უფრო ძლიერი დარტყმა, ვიდრე ოდესმე, მაგრამ უმჯობესი იქნება, თუ ამას არ გააკეთებენ, რადგან პასუხად მიიღებენ „აქამდე არნახული ძალის დარტყმას”.
ფორუმი