20 მარტს გამთენისას ისრაელის თავდაცვის არმიამ განაცხადა, რომ დარტყმის ახალი ტალღა დაიწყო თეირანში „ირანის ტერორისტული რეჟიმის ინფრასტრუქტურის" წინააღმდეგ.
The Wall Street Journal: ირანმა თეირანიდან 5 300 კილომეტრით დაშორებული აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი ბაზა დიეგო-გარსიაზე მიზანში ამოიღო
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ირანის ძალებმა ინდოეთის ოკეანეში, პატარა კუნძულ დიეგო-გარსიაზე მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზა მიზანში ამოიღეს, თუმცა ობიექტს ვერ მოარტყეს. ეს ისლამური რესპუბლიკის მხრიდან გეოგრაფიული თვალსაზრისით ყველაზე მასშტაბური თავდასხმის მცდელობა იყო.
გამოცემა აშშ-ის რამდენიმე ოფიციალურ პირზე დაყრდნობით 21 მარტს იტყობინებოდა, რომ ირანმა ბაზის მიმართულებით, რომელიც თეირანიდან დაახლოებით 5 300 კილომეტრითაა დაშორებული, ორი საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, თუმცა უცნობია, კონკრეტულად ირანის რომელი წერტილიდან მოხდა რაკეტების გაშვება.
ოფიციალური პირების განცხადებით, ბაზას არცერთი რაკეტა არ მოხვედრია — ერთი ფრენისას ჩამოვარდა, ხოლო მეორეს ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა SM-3 ტიპის რაკეტა-საწინააღმდეგო სისტემით დაარტყა.
დადასტურების შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ ირანულ რაკეტებს იმაზე დიდი მოქმედების რადიუსი აქვთ, ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული ან თეირანის რეჟიმის მიერ გაცხადებული.
კუნძული ინდოეთის ოკეანის ბრიტანეთის ტერიტორიაზე მდებარეობს და წარმოადგენს სტრატეგიულ ბაზას, სადაც განთავსებულია აშშ-ის ბომბდამშენები, ბირთვული წყალქვეშა ნავები და სხვა სამხედრო აქტივები.
20 მარტს ბრიტანეთმა აშშ-ის ძალებს „მწვანე შუქი“ აუნთო თავისი ბაზების გამოსაყენებლად ირანის იმ სარაკეტო ობიექტებზე დასარტყმელად, საიდანაც ჰორმუზის სრუტეში ხომალდებზე თავდასხმები ხორციელდება. ჰორმუზის სრუტე ნავთობის გადაზიდვის გადამწყვეტი დერეფანია სპარსეთის ყურიდან გლობალურ ბაზრებზე, რომელიც ირანმა, აშშ-ის და ისრაელის დარტყმების ფონზე, ფაქტობრივად დაბლოკა, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა თავდაპირველად უარყო აშშ-ის მოთხოვნა ბრიტანული ბაზების გამოყენების შესახებ ირანზე დარტყმებისთვის და განაცხადა, რომ საჭიროებდა გარანტიას ნებისმიერი სამხედრო მოქმედების კანონიერებაში. მას შემდეგ, რაც ირანმა მიზანში ამოიღო ბრიტანეთის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში, სტარმერმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია გამოიყენოს ინგლისში მდებარე სამხედრო-საჰაერო ბაზა და დიეგო-გარსია.
ორმხრივი შეთანხმებების ფარგლებში, ბრიტანეთის სუვერენულ ტერიტორიაზე ბაზირებულ აშშ-ის ძალებს გარკვეული მისიების შესასრულებლად ბრიტანეთის თანხმობა სჭირდებათ.
აშშ-ისა და ბრიტანეთის ოფიციალურ პირებს WSJ-ის ანგარიშზე დაუყოვნებლივი კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციებისგან 30 დღით გაათავისუფლა ირანული ნავთობი. 2026 წლის 19 აპრილამდე სანქციები აღარ ვრცელდება იმ ირანულ ნავთობზე, რომელიც ტანკერებზე 20 მარტამდე ჩაიტვირთა და უკვე ზღვაშია.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა გადაწყვეტილება ადგილობრივი დროით 20 მარტს საღამოს გამოაცხადა.
ბესენტმა ირანული ნავთობისთვის სანქციების მოკლევადიანი მოხსნის მიზეზად დაასახელა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის სურვილი, გაზარდოს მსოფლიოში საწვავის მიწოდების ნაკადი და ბაზრის სტაბილურობა უზრუნველყოს.
- ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანი უტევს სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგოობიექტებს და ბლოკავს ნავთობის ტრანსპორტირებისთვის უმნიშვნელოვანეს ჰორმუზის სრუტეს, რამაც საწვავის მიწოდების პრობლემები და ნავთობის გაძვირება გამოიწვია.
CNN-ის ცნობით, 21 მარტს დილით აშშ-მა და ისრაელმა ირანის ქალაქ ნათანზში დაარტყეს აჰმადი როშანის სახელობის ურანის გამამდიდრებელ კომპლექსს.
„რადიოაქტიური მასალის გაჟონვა არ მომხდარა და მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებისთვის საფრთხე არ არსებობს“, ნათქვამია ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის განცხადებაში.
თეირანმა ასევე აღნიშნა, რომ თავდასხმა საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) დაადასტურა, რომ მიიღო ინფორმაცია ობიექტზე დარტყმის შესახებ. სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი გამოვიდა მოწოდებით, „კონფლიქტის დროს მაქსიმალური თავშეკავებისკენ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ბირთვული ავარიის რისკი“.
ფორუმი