Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნორვეგიის პოლიციამ გაჩხრიკა ქვეყნის ყოფილი პრემიერის, ევროსაბჭოს ყოფილი გენმდივნის სახლები

ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტორბიორნ იაგლანდი ევროსაბჭოს გენერალური მდივანი იყო 2009-2019 წლებში
ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტორბიორნ იაგლანდი ევროსაბჭოს გენერალური მდივანი იყო 2009-2019 წლებში

ნორვეგიაში ჩხრეკა ჩატარდა ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ევროპის საბჭოს ყოფილი გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის სახლებში.

იაგლანდი კორუფციაშია ეჭვმიტანილი მას შემდეგ, რაც აშშ-ში გასაჯაროვდა ფინანსისტ ჯეფრი ეპსტინის საქმის მასალები. ამ დოკუმენტების მიხედვით, პროსტიტუციის ორგანიზებასა და მასში არასრულწლოვანთა ჩართვაში ბრალდებულ ეპსტინს პირადი და საქმიანი კავშირები ჰქონდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებთანაც.

  • ტორბიორნ იაგლანდი 2009-2019 წლებში იყო ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი. 2009-2015 წლებში ხელმძღვანელობდა ნობელის პრემიის კომიტეტს. 1996-1997 წლებში იყო ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი.

ნორვეგიული გამოცემა Verdens Gang-ი და სააგენტო AFP ჯეფრი ეპსტინის საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე წერდნენ, რომ იაგლანდს ეპსტინისგან ჰქონდა გარანტია ბინის შესაძენად, ღამე არაერთხელ გაუთენებია ამერიკელი ფინანსისტის ბინებში ნიუ-იორკსა და პარიზში, 2014 წელს კი ოჯახთან ერთად გეგმავდა ეპსტინის კუნძულზე გამგზავრებას, რაც საბოლოოდ არ შედგა.

ნორვეგიის მედიასაშუალებების ცნობით, პოლიციის ქვედანაყოფმა, რომელიც ეკონომიკურ დანაშაულს ებრძვის, 12 თებერვალს იაგლანდის სახლები გაჩხრიკა ოსლოში და ნორვეგიის აღმოსავლეთ სანაპიროზე.

ჩხრეკის ფაქტი დაადასტურა იაგლანდის ადვოკატმა ანდერს ბროსვიტმა. მისი განცხადებით, ჩხრეკა სტანდარტული საგამოძიებო პროცედურაა, იაგლანდი გამომძიებლებთან თანამშრომლობს და მისი შემდეგი ნაბიჯი იქნება დაკითხვაზე გამოცხადება. ადვოკატი ირწუნება, რომ იაგლანდის სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი არ არსებობს.

თავად იგლანდმა თებერვლის დასაწყისში გამოცემა Aftenposten-ს განუცხადა, რომ ეპსტინთან კავშირი ჩვეულებრივი დიპლომატიური საქმიანობის ნაწილი იყო, თუმცა ამ ურთიერთობით შეცდომა დაუშვა.

ნორვეგიაში გამოძიების დაწყების გამო, ტორბიორნ იაგლანდს, როგორც ევროპის საბჭოს ყოფილ გენერალურ მდივანს, იმუნიტეტი მოუხსნა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა. მან გადაწყვეტილება 11 თებერვალს მიიღო.

  • ოფიციალური ვერსიით, ამერიკელმა ფინანსისტმა ჯეფრი ეპსტინმა ნიუ-იორკის ციხეში თავი მოიკლა 2019 წლის 10 აგვისტოს.
  • ეპსტინის სახელს უკავშირებენ მდიდარ და გავლენიან მამაკაცებთან სექსუალურ ურთიერთობაში არასრულწლოვანი გოგონების ჩათრევას. მსგავსი ბრალდება იყო აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართაც, რასაც ის უარყოფს.
  • ბოლო ხანს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გაასაჯაროვა მილიონობით დოკუმენტი, რომლებშიც უამრავი ადამიანია მოხსენიებული. ეს უპირობოდ არ ნიშნავს მათ მონაწილეობას გარდაცვლილი ფინანსისტის დანაშაულში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG