Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკის ექსმინისტრი ლევან დავითაშვილი სუსში გამოკითხვაზე მივიდა

საქმე „ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებას“ ეხება.
საქმე „ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებას“ ეხება.

საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი - რომელიც ამჟამად ყულევში მომუშავე „ბლექ სი პეტროლიუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს.

სუსში ასევე დაიბარეს გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ჩიქოვანი.

რადიო თავისუფლებას სუსის პრესცენტრში ეს ინფორმაცია დაუდასტურეს.

IPN-ის თანახმად, ყოფილი თანამდებობის პირები ამ წუთებში იმყოფებიან საგამოძიებო უწყებაში.

რას ეხება გამოძიება?

სუსში რადიო თავისუფლებას ასევე განუცხადეს, რომ ისინი დაბარებულნი არიან სუსის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

გამოძიება, პრესცენტრის ცნობითვე, ეხება „ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან“ დადებულ ხელშეკრულებას.

სუსში ჯერჯერობით არ აზუსტებენ, რომელ კომპანიაზეა საუბარი, არც იმას, რომელ წელსაა სადავო ხელშეკრულება გაფორმებული.

უცნობია ისიც, რა სტატუსით იკითხებიან დავითაშვილი და ჩიქოვანი.

მოგვიანებით „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტში განაცხადა, რომ დეტალები არც მან იცის, თუმცა თქვა:

„ზოგადად, გამოკითხვაზე ყოფნა არ ნიშნავს, რომ მის მიმართ რაიმე ეჭვი არსებობს, ეს ჩვეულებრივი ამბავია“.

რა ვიცით დავითაშვილზე?

ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის მინისტრისა და პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობა 2025 წლის 24 ივნისს დატოვა, - სამ დღეში მას შემდეგ, რაც მისი ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე, კორუფციის ბრალდებით დააკავეს.

მიქაუტაძეს „განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის“, კერძოდ კი, 2 556 192 ლარის „უკანონო დაუსაბუთებელ ლეგალიზაციას“ ედავებიან.

მიქაუტაძე ერთ-ერთია „ქართული ოცნების“ მთავრობის ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს შორის, რომლებზეც 2025 წლიდან კორუფციასთან დაკავშირებული საქმეები აღიძრა.

მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ დავითაშვილი დაინიშნა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მრჩევლად ეკონომიკურ საკითხებში; ასევე, გახდა ეკონომიკური საბჭოს მდივანი.

თუმცა ეს თანამდებობები რამდენიმე თვეში დატოვა. ინფორმაცია მისი „კერძო სექტორში გადასვლის“ შესახებ მედიას 2025 წლის ოქტომბერში დაუდასტურა ირაკლი კობახიძემ.

დავითაშვილი 2025 წლის 26 სექტემბერს დაინიშნა კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ - ეს არის კომპანია, რომელიც ყულევში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უკავშირდება.

  • ამჟამად ევროკავშირი ყულევის ნავსადგურის სანქცირებას განიხილავს - ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დასაწესებელი სანქციების მე-20 პაკეტის ნაწილად.
  • „ბლექ სი პეტროლიუმის“ აქციების 70%-ზე მეტს ბიზნესმენ მაკა ასათიანის საკუთრებაში არსებული კომპანია „მკ კაპიტალი“ ფლობს.

უცნობია, ამ კომპანიას უკავშირდება თუ არა გამოძიება.

რა ვიცით ჩიქოვანზე?

გიორგი ჩიქოვანი ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის პოსტზე 2022 წლის 8 ივნისიდან 2025 წლის ივლისამდე მუშაობდა.

გიორგი ჩიქოვანი
გიორგი ჩიქოვანი

მანამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს. კარიერის განმავლობაში კი ყოფილა:

  • ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
  • ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე;
  • საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი;
  • საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ეკონომიკის სამინისტრომ 2025 წლის 15 ივლისს განაცხადა, რომ გიორგი ჩიქოვანმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG