მისი თქმით, უწყება დაინტერესებული იყო აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ევროპის გაზით მომარაგებითა და ამ თანამშრომლობის პირობებით.
„ვფიქრობ, ძალიან დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მივეცი. შესაბამისად, ამას დასჭირდა დრო. ძალიან ლოგიკური კითხვები იყო. იყო კითხვები, ჩვენი აქტიური მონაწილეობა მომარაგების კუთხით რამდენად შეიძლება ქმნიდეს რისკებს ან არ ქმნიდეს. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან ლოგიკური იყო, რომ ყველა ეს საკითხი ამომწურავად განგვეხილა. ეს არის ძირითადი საკითხი, რაც განვიხილეთ.
ჩვენ განვიხილეთ ის, რომ მომავალში საქართველოში როგორ მოხდეს სტაბილურად გაზმომარაგება. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებები, რომელსაც ვადები აქვს. გარკვეული ხელშეკრულებები გრძელვადიანად გარანტირებული გვაქვს, ხოლო გარკვეული ხელშეკრულებების გაგრძელებაა საჭირო და გადახედვაა საჭირო, ეს საკითხებიც განვიხილეთ“, - თქვა ლევან დავითაშვილმა.
სუსის განმარტება
ლევან დავითაშვილის კომენტარის მოსმენის შემდეგ სუსმა პროსახელისუფლებო „იმედს“ აცნობა, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის კომენტარი ორ უზუსტობას შეიცავდა:
- „დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე, აქ საკითხები რომ განეხილა“;
- „გამოკითხვისას რისკებთან დაკავშირებული კითხვა საქართველოს გაზმომარაგებას და დადებული ხელშეკრულებით საქართველოსთვის პირობების გაუარესებას ეხებოდა, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და არა ევროკავშირის გაზმომარაგებას - ამ კუთხით რისკებზე გამოკითხვაში ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი“.
რას ეხება გამოძიება?
ლევან დავითაშვილის გამოკითხვაზე დაბარების შემდეგ სუსში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ყოფილი ვიცე-პრემიერი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ჩიქოვანი დაბარებულნი არიან სუსის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.
გამოძიება ეხება „ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან“ დადებულ ხელშეკრულებას, თუმცს სუსში სახელი არ დააკონკრეტეს.
მოგვიანებით „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტში განაცხადა, რომ დეტალები არც მან იცის, თუმცა თქვა:
„ზოგადად, გამოკითხვაზე ყოფნა არ ნიშნავს, რომ მის მიმართ რაიმე ეჭვი არსებობს, ეს ჩვეულებრივი ამბავია“.
რა ვიცით დავითაშვილზე?
ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის მინისტრისა და პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობა 2025 წლის 24 ივნისს დატოვა, - სამ დღეში მას შემდეგ, რაც მისი ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე, კორუფციის ბრალდებით დააკავეს.
- მიქაუტაძეს „განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის“, კერძოდ კი, 2 556 192 ლარის „უკანონო დაუსაბუთებელ ლეგალიზაციას“ ედავებიან.
- მიქაუტაძე ერთ-ერთია „ქართული ოცნების“ მთავრობის ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს შორის, რომლებზეც 2025 წლიდან კორუფციასთან დაკავშირებული საქმეები აღიძრა.
მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ დავითაშვილი დაინიშნა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მრჩევლად ეკონომიკურ საკითხებში; ასევე, გახდა ეკონომიკური საბჭოს მდივანი.
თუმცა ეს თანამდებობები რამდენიმე თვეში დატოვა. ინფორმაცია მისი „კერძო სექტორში გადასვლის“ შესახებ მედიას 2025 წლის ოქტომბერში დაუდასტურა ირაკლი კობახიძემ.
დავითაშვილი 2025 წლის 26 სექტემბერს დაინიშნა კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ - ეს არის კომპანია, რომელიც ყულევში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უკავშირდება.
- ამჟამად ევროკავშირი ყულევის ნავსადგურის სანქცირებას განიხილავს - ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დასაწესებელი სანქციების მე-20 პაკეტის ნაწილად.
- „ბლექ სი პეტროლიუმის“ აქციების 70%-ზე მეტს ბიზნესმენ მაკა ასათიანის საკუთრებაში არსებული კომპანია „მკ კაპიტალი“ ფლობს.
უცნობია, ამ კომპანიას უკავშირდება თუ არა გამოძიება.
რა ვიცით მეორე გამოკითხულზე, გიორგი ჩიქოვანზე?
გიორგი ჩიქოვანი ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის პოსტზე 2022 წლის 8 ივნისიდან 2025 წლის ივლისამდე მუშაობდა.
მანამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს. კარიერის განმავლობაში კი ყოფილა:
- ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
- ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე;
- საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი;
- საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის გენერალური დირექტორის მოადგილე.
ეკონომიკის სამინისტრომ 2025 წლის 15 ივლისს განაცხადა, რომ გიორგი ჩიქოვანმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა.
ფორუმი