Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ირანის საკითხის „პოლიტიკურ-დიპლომატიურ მოგვარებას" მოითხოვს - აშშ-სა და ისრაელის სამხედრო დარტყმების შემდეგ

რუსეთის საგარეო უწყება აშშ-სა და ისრაელს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს, ირანთან სამხედრო დაპირისპირების გამო.
რუსეთის საგარეო უწყება აშშ-სა და ისრაელს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს, ირანთან სამხედრო დაპირისპირების გამო.

მოსკოვი მოითხოვს, რომ ირანის გარშემო არსებული ვითარება „პოლიტიკურ-დიპლომატიური მოგვარების კალაპოტს დაუბრუნდეს“ და გამოხატავს მზადყოფნას, რომ “როგორც მანამდე, მზად არის დახმარებისთვის სამშვიდობო გამოსავლის ძებნაში, საერთაშორისო სამართალზე, ურთიერთპატივისცემასა და ინტერესთა ბალანსზე დაყრდნობით”.

ამის შესახებ წერია რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ტექსტის თანახმად, აშშ-ისა და ისრაელის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საჰაერო დარტყმები ირანზე, წარმოადენს “სამხედრო აგრესიის წინასწარ დაგეგმილ და არაპროვოცირებულ აგრესიის აქტს გაეროს წევრი სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ და “არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს”.

„ვაშინგტონმა და თელ-ავივმა მორიგ ჯერზე წამოიწყეს სახიფათო ავანტიურა, რომელიც სწრაფად აახლოებს რეგიონს ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და გამორიცხული არ არის - რადიოლოგიურ კატასტროფასთან“, - წერია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, ბოლო თვეების განმავლობაში, აშშ-ის ადმინისტრაცია სერიულად ახორციელებდა დესტაბილიზაციის გამომწვევ დარტყმებს მსოფლიო წესრიგის საერთაშორისო-სამართლებრივ საყრდენზე - „რომელთა შორისაც არის შიდა საქმეებში ჩაურევლობა, უარის თქმა ძალისმიერ მუქარაზე ან ძალის გამოყენებაზე, საერთაშორისო დაპირისპირებების მშვიდობიანი გადაჭრა“.

2026 წლის 24 თებერვალს ოთხი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და მეზობელ ქვეყანასთან ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რომელიც დღემდე მიმდინარეობს.

28 თებერვალს ისრაელის ხელისუფლებამ ირანზე სამხედრო იერიშს თავდაპირველად „პრევენციული დარტყმა“ უწოდა, ხოლო რამდენიმე საათში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში „მასშტაბური სამხედრო ოპერაციები“ დაიწყო.

28 თებერვალს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ თეირანის "ტერორისტულ რეჟიმს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი!“

მან მიმართა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა და სამხედროებს ირანში, დაყარონ იარაღი, რისთვისაც მიიღებენ "სამართლიან მოპყრობასა" და „სრულ იმუნიტეტს“, წინააღმდეგ შემთხვევაში - მათ "უცილობელი სიკვდილი" ემუქრებათ.

"თქვენი თავისუფლება ახლოს არის" - ტრამპი ასევე მიმართავს ირანელებსაც - "დიდებულ, ამაყ ხალხს".

აშშ-ის პრეზიდენტი ირანს ადანაშაულებს საკუთარი მოქალაქეების მკვლელობაში. იანვარში, როდესაც ირანის უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების ცეცხლსასროლი იარაღით დახოცვა დაიწყეს, აშშ-ის პრეზიდენტმა ირანელებს მიმართა სიტყვებით: "დახმარება გზაშია!"

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანის რეჟიმის რაკეტები საფრთხეს უქმნის როგორც აშშ-ის, ასევე სხვა ქვეყნებს.

სამხედრო ოპერაციის დაწყებას წინ უსწრებდა მოლაპარაკებები აშშ-სა და ირანს შორის - რაც უშედეგოდ დასრულდა. ირანმა უარი თქვა ვაშინგტონის მოთხოვნებზე, სამუდამოდ აიღოს ხელი ბირთვული იარაღის შექმნაზე და შეწყვიტოს შორი მოქმედების რაკეტების წარმოება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG