Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერცი ტრამპს: მხარს ვუჭერთ აშშ-სა და ისრაელს ამ საშინელი ტერორისტული რეჟიმის თავიდან მოცილებაში

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ორმხრივ შეხვედრამდე გამართულ ბრიფინგზე. თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი. 3 მარტი, 2026
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ორმხრივ შეხვედრამდე გამართულ ბრიფინგზე. თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი. 3 მარტი, 2026

"ის რომ არ გაგვეკეთებინა, რასაც ახლა ვაკეთებთ, ბირთვული ომი იქნებოდა და ისინი ბევრ ქვეყანას გაანადგურებდნენ, რადგან ავადმყოფები არიან.

ისინი მენტალურად ავად არიან. ისინი არიან გაბრაზებულები, არიან გიჟები, ავადმყოფები არიან", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 3 მარტს ოვალურ ოფისში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ორმხრივი შეხვედრის დაწყებამდე.

აშშ-გერმანიის ურთიერთობა კი პრეზიდენტმა ტრამპმა შეაფასა როგორც "ძალიან მყარი" და ორმხრივი შეხვედრის დღის წესრიგზე საუბრისას დაასახელა ირანის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო ოპერაცია, აგრეთვე გერმანიასთან ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებები.

გერმანიის კანცლერმა მადლობა გადაუხადა ტრამპს მასპინძლობისთვის და საუბრის დასაწყისშივე მკაფიოდ გამოხატა მისი ქვეყნის პოზიცია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ოპერაციაზე:

"ნამდვილად მოხარული ვარ, რომ მაქვს თქვენთან საუბრის შესაძლებლობა ამ გამოწვევებით სავსე დროს. ჩვენ ერთ პოზიციაზე ვართ, რაც ეხება თეირანის ამ საშინელი რეჟიმის მოცილებას. და ჩვენ ვისაუბრებთ იმის შემდგომ დღეზე, როცა ისინი აღარ იქნებიან".

მერცმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ისურვებდა "რაც შეიძლება მალე შედგეს" აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმებები და ბოლოს აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან აპირებდა უკრაინის საკითხის განხილვასაც:

"ჩვენ უნდა ვისაუბროთ უკრაინაზე. ამ სამყაროში, სინამდვილეში, ძალიან ბევრი „ცუდი ტიპია“ და ამ საკითხზე უნდა ვისაუბროთ, ვინაიდან ჩვენ ყველას გვინდა ვნახოთ ამ ომის რაც შეიძლება მალე დასრულება, მაგრამ უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს თავისი ტერიტორია და უსაფრთხოების ინტერესები".

აშშ-ის პრეზიდენტმა დიდი დრო დაუთმო ირანზე ლაპარაკს, მათ შორის, სამხედრო ოპერაციის დაწყების წინაპირობებს:

"ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები ამ გიჟებთან. მე ვფიქრობდი, რომ ისინი აპირებდნენ პირველები დაგვსხმოდნენ თავს. თუკი ჩვენ არ ვიზამდით ამას, ისინი აპირებდნენ დაესწროთ თავდასხმა. საკმაოდ დარწმუნებული ვიყავი ამაში.

ჩვენ გვყავს შესანიშნავი მომლაპარაკებლები - ადამიანები, რომლებიც წარმატებით უძღვებიან საქმეს და მთელი თავიანთი ცხოვრების მანძილზე წარმატებით აკეთებდნენ ამას. იქიდან გამომდინარე, როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, ვფიქრობდი, რომ ისინი დაგვასწრებდნენ თავდასხმას და არ მინდოდა ასე მომხდარიყო. ასე რომ, საჭიროების შემთხვევაში შემეძლო ისრაელი მეიძულებინა ხელი გამოეწვდინა, მაგრამ ისრაელი ისედაც მზად იყო. ჩვენ მოვახდინეთ ძალიან, ძალიან მძლავრი ეფექტი, რადგან ფაქტობრივად ყველაფერი, რაც გააჩნიათ გათიშულია. მათი რაკეტების რაოდენობა დაბლა ეშვება".

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანი დღეს რაკეტებსა და დრონებს უშენს ქვეყნებს, რომლებიც, მისი თქმით, "ნეიტრალურები არიან. ისინი გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ დიდი ხნის განმავლობაში. ვფიქრობ, ისინი გაოცებულები არიან. მეც გაოცებული ვარ. და ახლა ყველა ის ქვეყანა მათ წინააღმდეგ იბრძვის და იბრძვის ძლიერად".

დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე აღწერა სამხედრო ეფექტი, რომელიც აშშ-ისა და ისრაელის ოპერაციებმა უკვე მოახდინა და ის ამას ასე აღწერს:

"მათ აღარ გააჩნიათ საჰაერო თავდაცვა, საერთოდ აღარ გააჩნიათ ამომცნობი დანადგარები. დიდ ტკივილს იგემებენ. ეს ცუდი ხალხია. ბოლო სამ კვირაში, გამოდის, 35 ათასი ადამიანი დახოცეს, დემონსტრანტები...

ესენი ცუდი ადამიანები არიან. ბანდის ლიდერი აღარ არის. როგორც იცით, 49 ადამიანი განადგურდა პირველი დარტყმით. როგორც ვიცი, კიდევ ერთი დარტყმა იყო დღეს ახალ ხელმძღვანელობაზე და როგორც ჩანს, ეს დარტყმაც საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. ძლიერი დარტყმების ქვეშ არიან და ვნახოთ, რა მოხდება".

პრეზიდენტ ტრამპის სიტყვებით, ირანის ახლანდელი ხელისუფლებიდან "უარმავი ადამიანი, ყველაზე ნაკლებად ვისგანაც მოელი, გამოთქვამს გადადგომის სურვილს, უნდათ იმუნიტეტი. ითხოვენ იმუნიტეტს და გარკვეულ მომენტში ისინი, როგორც იტყვიან, დაყრიან იარაღს".

შეკითხვაზე - როგორია ირანთან დაკავშირებული ყველაზე ცუდი სცენარი - პასუხისას ტრამპი ისევ ირანის სამხედრო შესაძლებლობების განადგურების აღწერას შეუდგა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ყველაზე ცუდი სცენარი ის იქნება, თუკი სამხედრო ოპერაციის შემდეგ ირანის სათავეში "მოვა ვიღაც, ვინც ისეთივე ცუდია, როგორიც მისი წინამორბედი. ეს შეიძლება მოხდეს. არ გვინდა, რომ ეს მოხდეს. ეს იქნებოდა, ალბათ, ყველაზე ცუდი. და ხუთ წელიწადში მიხვდები, რომ მოიყვანე ის, ვინც არაფრით არის უკეთესი".

შეკითხვაზე - ვინმე თუ წარმოუდგენია ვაშინგტონს, ვინც ირანს გაუძღვებოდა, ტრამპმა განაცხადა "ყველა, ვინც წარმომედგინა, მკვდარიაო":

"ვფიქრობდით ზოგიერთზე იმ ჯგუფიდან, რომელიც მკვდარია. ვფიქრობდით მეორე ჯგუფზე და, არსებული ცნობებით, შეიძლება ისინიც მკვდრები იყვნენ. ვფიქრობ, მესამე ნაკადი შემოდის. საკმაოდ მალე ჩვენთვის ნაცნობი იქ აღარავინ იქნება".

კიდევ ერთ დამაზუსტებელ შეკითხვაზე - განიხილება თუ არა ერთ-ერთ ვარიანტად რეზა ფეჰლავი - აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:

"ზოგიერთს ის მოსწონს. ამაზე ძალიან ბევრს არ ვფიქრობთ. ჩემი წარმოდგენით, ვიღაც შიგნიდან შეიძლება უფრო შესაბამისი იყოს. მე ეს ვთქვი. ის [ფეჰლავი - რ.თ.] ძალიან სასიამოვნო პიროვნება ჩანს, მაგრამ ჩემი წარმოდგენით, [ეს უნდა იყოს] ვიღაც, ვინც იქ არის, რომელიც ახლა პოპულარულია, თუკი ასეთი პირი არის... არიან ასეთები. გვყავს ასეთები, რომლებიც უფრო ზომიერები არიან. ესენი რადიკალი გიჟები იყვნენ. მხოლოდ ხალხს ხოცავდნენ".

ბრიფინგის განმავლობაში დონალდ ტრამპი რამდენჯერმე მიუბრუნდა ირანის ხელისუფლების სისასტიკის თემას.

გერმანიის კანცლერი გამოეხმაურა შეკითხვას, რომელიც ირანის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო ოპერაციის გამო ენერგორესურსების ფასების ზრდას შეეხებოდა:

"რა თქმა უნდა, ეს აზიანებს ჩვენს ეკონომიკებს. ეს ეხება ნავთობისა და გაზის ფასებსაც. ამიტომაც, ყველანი ვიმედოვნებთ, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდება და ყველას იმედი გვაქვს, რომ ისრაელისა და ამერიკის არმიები სწორად იქცევიან, რომ ეს დასრულდეს და მართლაც მოვიდეს ახალი მთავრობა, რომელიც დაუბრუნდება მშვიდობასა და თავისუფლებას".

ოვალურ კაბინეტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს უკრაინაზეც. პრეზიდენტმა ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მრავალჯერ ნათქვამი, რომ ეს ომი მისი პრეზიდენტობის პირობებში არ მოხდებოდა. მან აღნიშნა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმების მიღწევის საკითხი მისი პრიორიტეტების ნუსხაში "ძალიან მაღალ" ადგილს იკავებს:

"უდიდესი სიძულვილია პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის, უდიდესი სიძულვილი.

რამდენი სიძულვილი მინახავს ცხოვრებაში, მაგრამ, ვფიქრობ, ეს უმაღლესი დონისაა. მჯერა, ეს მოხდება. ხან ერთს ვადანაშაულებ, ხან მეორეს. ეს საკითხი ჩემს ჩამონათვალში მაღალ ადგილს იკავებს, არა იმდენად იმიტომ, რომ ეს აშშ-ზე ახდენს გავლენას, რადგან ძალიან შორს არის, არამედ იმიტომ, რომ გასულ კვირაში და ბოლო ოთხ კვირაში, 32 ათასი ჯარისკაცი დაიღუპა... საშუალოდ თვეში 25-30 ათასი ჯარისკაცი იღუპება ამ სულელურ ომში. მსურს, რომ ის დასრულდეს. ყველაზე ცუდია, რაც კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყოფილა.

...ტანგოს ორი სჭირდება. ისინი ამას უნდა შეეგუონ. უნდა შეძლონ ერთმანეთთან ლაპარაკი".

გერმანიის კანცლერი მუდმივად ხაზს უსვამდა ირანში ხელისუფლების ცვლილების შემდგომი დღის მნიშვნელობას:

"გერმანიაში ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ აშშ-სა და ისრაელს ამ საშინელი ტერორისტული რეჟიმის თავიდან მოცილებაში და ჩვენ მოუთმენლად ველით ამის შემდგომ დღეს. უნდა ვისაუბროთ სტრატეგიაზე, რა მოდის ამ რეჟიმის თავიდან მოშორების შემდეგ. ჩვენ სტრატეგიულად უნდა მივუდგეთ მთელ რეგიონს და ძალიან დაინტერესებულები ვართ ერთიან მიდგომასა და ერთიან მუშაობაში, რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ. ეს არ არის მნიშვნელოვანი მხოლოდ ამერიკელებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისთვის და უკიდურესად მნიშვნელოვანია ისრაელისთვის და მათი უსაფრთხოებისთვის. ვცდილობთ გამოვნახოთ გზები, რომ შემდგომ დღეს გავუმკლავდეთ".

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ხელისუფლებას აღარ გააჩნია არც საზღვაო ძალები, არც საჰაერო ძალები, არც რადარები.

აშშ-მა და ისრაელმა 28 თებერვალს დილით ირანის წინააღმდეგ წამოიწყეს სამხედრო ოპერაციები - "ეპიკური მრისხანება" და "ლომის ღრიალი", რომლებიც მეოთხე დღეა გრძელდება და რომელზე პასუხადაც ირანის ხელისუფლება დარტყმებს ახორციელებს რეგიონში - სამიზნეებზე აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG