რამდენიმე დღით ადრე, 5 მარტს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირანი მკვეთრი ფორმით გააკრიტიკა ნახიჩევანის აეროპორტზე დრონებით შეტევის გამო და მომხდარს „ტერორისტული აქტი“ უწოდა.
აზერბაიჯანის ოფიციალური ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ავტომანქანებით დღეს ირანში გაიგზავნა დაახლოებით 30 ტონა სურსათი და დაახლოებით 2 ტონა მედიკამენტები.
როგორც სახელმწიფო სააგენტო წერს, „ჰუმანიტარული დახმარება ორგანიზებულია მეზობელი და მეგობარი ირანელი ხალხის მხარდაჭერისთვის და მიმდინარე საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შორის 8 მარტს გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე 8 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ალიევს ფეზეშქიანმა დაურეკა და მადლობა გადაუხადა ბაქოში ირანის საელჩოში მისვლისა და უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისა და ბევრი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის გამო სამძიმრის გამოცხადებისთვის და განზრახვისთვის, ირანს გაუწიოს ჰუმანიტარული დახმარება.
ამავე ცნობით, ფეზეშქიანმა ალიევს უთხრა, რომ ირანს ნახიჩევანის ინციდენტთან კავშირი არ აქვს და ის გამოძიებული იქნება.
9 მარტს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოჯთაბა ხამენეის მიულოცა ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ლიდერად არჩევა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული მისალოცი ტექსტის თანახმად, ალიევი იმედს გამოთქვამს, რომ აზერბაიჯანელი და ირანელი ხალხების ინტერესებიდან გამომდინარე, ურთიერთპატივისცემისა და ნდობის სულისკვეთებით ერთობლივ ძალისხმევას გასწევენ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განვითარებისთვის.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მოძმე და მეგობარ ირანელ ხალხს მშვიდობა და უსაფრთხოება უსურვა.
- ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყეს. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
- ირანმა აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციას უპასუხა რაკეტებითა და დრონებით შეტევებით ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში დისლოცირებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე. რეგიონის ქვეყნებში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ სამოქალაქო ობიექტებიც, მათ შორის აეროპორტები და ნავთობის წარმოების ინფრასტრუქტურა.
ფორუმი