Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უჩივის „ოსკარის” მფლობელი ფილმის ავტორებს

ფილმის „ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ“ ავტორები პაველ ტალანკინი(მარცხნივ) და დევიდ ბორენშტეინი „ოსკარით” დაჯილდოების შემდეგ. ლოს-ანჯელესი, 2026 წლის 15 მარტი
ფილმის „ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ“ ავტორები პაველ ტალანკინი(მარცხნივ) და დევიდ ბორენშტეინი „ოსკარით” დაჯილდოების შემდეგ. ლოს-ანჯელესი, 2026 წლის 15 მარტი

რუსეთი ბავშვთა უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს დოკუმენტური ფილმის, „ოსკარის” მფლობელი „ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ“ ავტორებს. ამ პრეტენზიით რუსეთის პრეზიდენტთან არსებულმა ადამიანის უფლებათა საბჭომ „ოსკარის” საორგანიზაციო კომიტეტს და იუნესკოს მიმართა.

  • ფილმმა, რომელიც რუსულ სკოლაში ომის პროპაგანდაზეა, 15 მარტს ამერიკის კინოაკადემიის პრიზი „ოსკარი” მოიპოვა, როგორც საუკეთესო დოკუმენტურმა ფილმმა.
  • მანამდე საავტორო კინოს ამერიკული ფესტივალის, „სანდერსის” ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა და ბრტანეთის კინოაკადემიის პრემია BAFTA-ც მიენიჭა.
  • რუსეთმა ჩივილი გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც ფილმი „ოსკარით” დააჯილდოვეს. თავად ეს ფაქტი რუსეთის სახელმწიფო მედიას არ გაუშუქებია.

„ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ“ ამერიკის კინოაკადემის ჯილდოზე დანიამ წარადგინა, რადგან ფილმის ამერიკელი რეჟისორი დევიდ ბორენშტეინი წლებია კოპენჰაგენში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მასთან ერთად ფილმის ავტორია პაველ ტალანკინი, რომელიც მასწავლებლად მუშაობდა რუსეთის ჩელიაბინსკის ოლქის ერთ-ერთ სკოლაში. ტალანკინი რუსეთში აღარ ცხოვრობს.

ფილმს საფუძვლად დაედო ტალანკინის, როგორც ვიდეოგრაფის მიერ სკოლაში „პატრიოტული აღზრდის" გაკვეთილებზე გადაღებული კადრები. სკოლებისგან მსგავს მასალებს რუსეთის განათლების სამინისტრო მოითხოვს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ გააქტიურებული პროპაგანდისტული ღონისძიებების შესახებ თავისი ანგარიშებისთვის.

პუტინთან არსებულმა ადამიანის უფლებათა საბჭომ 18 მარტს გამოაქვეყნა განცხადება, რომ ფილმში არასრულწლოვანთა გამოსახულება გამოყენებული იყო მშობლების, ან კანონიერი წარმომადგენლების თანხმობის გარეშე და დარღვეული იყო ბავშვების პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის და მათი დაცვის სხვა საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც გაეროს კონვენციითაა დადგენილი.

საბჭოს თანახმად, ბავშვების უფლებების დასაცავად მშობლებმა და კანონიერმა წარმომადგენლებმა მიმართეს რუსეთის „კომპეტენტურ ორგანოებს”, თავად საბჭო კი „ოსკარის” საორგანიზაციო კომიტეტს და იუნესკოს მიმართავს, შეამოწმონ რამდენად იყო დაცული ბავშვთა უფლებები ფილმის შექმნისა და გავრცელებისას და დაადგინონ, იყო თუ არა შესაბამისი თანხმობა.

პუტინთან არსებული საბჭოს განცხადებით, თუ გაირკვევა, რომ თანხმობა არ ყოფილა, განხილული უნდა იყოს რამდენად შეესაბამება ფილმი ამერიკის კინოაკადემიის მიერ დაჯილდოებისთვის გამოყენებულ „ეთიკურ და სამართლებრივ სტანდარტებს".

„არიან ქვეყნები, სადაც ციდან ცვივა არა ვარსკვლავები, არამედ რაკეტები და დრონები. მომავლისთვის, ბავშვებისთვის შეაჩერეთ ყველა ომი ახლავე!”, - განაცხადა პაველ ტალანკინმა 15 მარტს, ლოს-ანჯელესში „ოსკარით” დაჯილდოების ცერემონიაზე გამოსვლისას.

მას შემდეგ, რაც „ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ“, როგორც 2025 წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმი „ოსკარით” დაჯილდოვდა, ფილმის ერთ-ერთმა პროდიუსერმა ალჟბეტა კარასკოვამ რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, რომ როგორც ორი შვილის დედამ იცის, რამდენად ფაქიზია ბავშვების სამყარო და რამდენად იოლი და სახიფათოა ბავშვებით მანიპულაცია, რომელიც ფილმშია ასახული.



ფორუმი

XS
SM
MD
LG