Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოცდების ცენტრმა აბიტურიენტების საჩივრების მიღება დაიწყო


2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტთა სააპელაციო განაცხადების მიღება 7 აგვისტოს დილის 10 საათიდან დაიწყო და 11 აგვისტოს ჩათვლით გასტანს. განაცხადების შეტანა მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებსაიტის (www.naec.gov.ge) საშუალებით არის შესაძლებელი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადების საფუძველზე ნაშრომების ხელახალ შემოწმებას, სავარაუდოდ, ოთხი-ხუთი დღე დასჭირდება, რის შემდეგაც უკვე გამოქვეყნდება ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვების შესახებ.

სოფია გოგიტაძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, თუმცა ფიქრობს, რომ ქართულ ლიტერატურაში მიღებული ქულა არ იყო მისი ნაშრომისთვის შესაბამისი და შედეგის გასაჩივრებასაც გეგმავდა, მაგრამ, საბოლოოდ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შედეგის გასაჩივრება გადაიფიქრა. ამბობს, რომ ამისათვის მას რამდენიმე მიზეზი აქვს - პირველ რიგში კი, მისი თქმით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ გასაჩივრებულ ნამუშევრებს სააპელაციო კომისია იშვიათად უმატებს ქულას:

„მიმაჩნია, რომ გასაჩივრებას არანაირი აზრი არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ 98 % არ კმაყოფილდება ხოლმე და, ზოგადად, ქართულში არის ხოლმე სადავო საკითხები. მაგალითად, არის ასეთი კრიტერიუმი: ჩასწვდი თუ არა ავტორის მთავარ სათქმელს. ეს ისეთი სადავო საკითხია, რომ ამის განსაზღვრა ასე ობიექტურად ძალიან სასაცილოა და ხშირად ეს იქცევა მანიპულაციის საგნად. ამიტომაც გადავიფიქრე გასაჩივრება. მე ბარიერის გადასალახავად არ ვიბრძვი, მაგრამ იმ ბავშვებისთვის, ვინც ბარიერის გადასალახად იბრძვის, ორმაგად მნიშვნელოვანია თუნდაც ორი ქულის მოპოვება. უბრალოდ, უსამართლობაზე მწყდება გული“.

აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს კონკრეტული დავალება, რომლის ინტერპრეტაციაშიც არ ეთანხმება გამსწორებელს. ქულების გადასწორების შემთხვევები არის, მაგრამ ორივე მხარეს არის ეს შემთხვევები: შეიძლება მოემატოს და შეიძლება დააკლდეს კიდეც. ცხადია, უფრო მეტ შემთხვევაში ემატებათ, ვიდრე აკლდებათ, მაგრამ დაკლებაც არ არის გამორიცხული...
ივა მინდაძე

2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტთა სააპელაციო განაცხადების მიღება 7 აგვისტოს დილის 10 საათიდან დაიწყო და 11 აგვისტოს ჩათვლით გასტანს. განაცხადების შეტანა მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებსაიტის (www.naec.gov.ge) საშუალებით არის შესაძლებელი. სააპელაციო განაცხადი ფასიანია. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრება 50 ლარს შეადგენს. ივა მინდაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, გასული წლების პრაქტიკაზე დაყრდნობით, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ სააპელაციო განაცხადების საფუძველზე ნაშრომების ხელახალ შემოწმებას, სავარაუდოდ, ოთხი-ხუთი დღე დასჭირდება, რადგან, მისი თქმით, როგორც წესი, გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა ერთ პროცენტამდეც კი არ აღწევს ხოლმე. ივა მინდაძის სიტყვებით, სააპელაციო განაცხადები ძირითადად შედის ე.წ. ღია დავალებების გადასამოწმებლად:

„ანუ ესეს შემთხვევაში ან თხზულების შემთხვევაში, იქ სადაც შესაძლებელია ინტერპრეტირება, ძირითადად ასეთი სახის განაცხადები გვაქვს, რადგან ყველა დანარჩენი დავალება, რომელიც არის ე.წ. დახურული დავალება, ანუ დავალება, სადაც აბიტურიენტმა უნდა მონიშნოს სწორი პასუხი, იქ გამორიცხულია სუბიექტურობა, რადგან მანქანურად სწორდება და ავტომატიზებული პროცესია. აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს კონკრეტული დავალება, რომლის ინტერპრეტაციაშიც არ ეთანხმება გამსწორებელს. ქულების გადასწორების შემთხვევები არის, მაგრამ ორივე მხარეს არის ეს შემთხვევები: შეიძლება მოემატოს და შეიძლება დააკლდეს კიდეც. ცხადია, უფრო მეტ შემთხვევაში ემატებათ, ვიდრე აკლდებათ, მაგრამ დაკლებაც არ არის გამორიცხული“.

ე.წ. ღია დავალებები და მათი შესწორების კრიტერიუმები, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე რთული და არაპროგნოზირებადი დავალებაა როგორც აბიტურიენტთათვის, ისე კომისიის იმ წევრებისათვის, რომლებიც ნაშრომებს ამოწმებენ, - ასე ფიქრობს სიმონ ჯანაშია, განათლების საკითხების მკვლევარი. ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ე.წ. ღია კითხვების პასუხები სხვადასხვანაირად შეიძლება იყოს ინტერპრეტირებული და აბიტურიენტისა და შემფასებლის მოსაზრებები ან წერის სტილი არ ემთხვეოდეს ერთმანეთს და ეს გახდეს საბაბი დაბალი ქულისა:

„ღია კითხვების პასუხის დროს ჩანს ხოლმე მოსწავლის და გამსწორებლის კულტურების შეუთავსებლობა. მაგალითად, თუ გამსწორებლის კულტურაში გარკვეული მოსაზრებები წარმოუდგენლად შეიძლება იყოს განხილული, მაშინ, შესაძლოა, საერთოდ ვერ გაერკვიოს ის, თუ რაზე საუბრობს აბიტურიენტი. ძალიან რთულია ამ ყველაფრის სტანდარტიზაცია. რეალურად ჩვენ იმას კი არ ვამოწმებთ, რას ფიქრობს აბიტურიენტი, როგორ შეუძლია აზროვნება და წერა, არამედ ვამოწმებთ იმას, თუ რამდენად შეუძლია დაამსგავსოს თავისი ნამუშევარი იმ წარმოდგენებს, რაც გამსწორებლებს აქვთ. სწორედ ასეთი მოთამაშე იმარჯვებს გამოცდებზე და არა ის, ვინც უკეთესად აზროვნებს და უკეთესად წერს“.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, მათგან 3 % გამოცდებზე არ გამოცხადდა. ივა მინდაძის ინფორმაციით, გამოცდებზე გამოცხადებული აბიტურიენტების 15 %-მა ზოგადი უნარების გამოცდებზე ბარიერი ვერ გადალახა. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ტესტების მაქსიმალური ქულა 100-ის ნაცვლად 90 იყო, გამსვლელ ნიშნულად კი 19 ქულა დასახელდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 11 აგვისტოს ჩათვლით აბიტურიენტებს შეუძლიათ შეიტანონ ცვლილებები სასურველი ფაკულტეტების ჩამონათვალში. წელს ელექტრონულ განაცხადში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა შეზღუდული აღარ არის. ამ ცვლილებამ დღის წესრიგიდან მოხსნა მეორადი ჩარიცხვების საჭიროება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG