Accessibility links

ათი ადამიანი დაიღუპა სანქტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად


მეტროს მიმდებარე ტერიტორია

რუსეთის გენერალური პროკურატურა ტერაქტს უწოდებს 3 აპრილს სანქტ-პეტერბურგის მეტროს სადგურ „სენნაიას მოედანზე“ მომხდარ აფეთქებას, რასაც, სულ მცირე, 10 ადამიანი შეეწირა. ამის თაობაზე რუსეთის ერთ-ერთ ტელეარხთან სატელეფონო ინტერვიუს დროს

განაცხადა რუსეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა, ალექსანდრ კურენნოიმ. მანამდე სავარაუდო ტერტორისტულ ვერსიაზე ილაპარაკა რუსეთის პრეზიდენტმა. სააგენტო „რია-ნოვოსტის“ თანახმად, ვლადიმირ პუტინმა, კერძოდ, სავარაუდო ვერსიებად დაასახელა ტერორიზმი, საყოფაცხოვრებო და კრიმინალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული.

„მინდა ძალიან გულწრფელი მწუხარება და სამძიმარი გამოვთქვა დაღუპულთა და დაზარალებულთა ახლობლების მისამართით. უკვე ვესაუბრე სპეცსამსახურების ხელმძღვანელობას, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორს. სამართალდამცველები და სპეცსამსახურები მუშაობენ, და გააკეთებენ ყველაფერს, რათა გამოავლინონ მომხდარის მიზეზები და ამომწურავად შეაფასონ ის, რაც მოხდა,“ - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც კრემლში 3 აპრილს მიიღო ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო. რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული პირველადი ცნობების თანახმად, მეტროს სადგურ "სენნაიას მოედანზე" დაუდგენელი ნივთი, სავარაუდოდ, მატარებლის ვაგონში აფეთქდა. აფეთქების შედეგად, ყველა მგზავრი ევაკუირებულია, ხოლო სანქტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენმა მუშაობა სრულად შეწყვიტა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG