Accessibility links

1 დეკემბერი შიდსის მსოფლიო დღეა. ამ დღეს 1987 წლიდან მსოფლიოს 160 ქვეყანაში აღნიშნავენ. წლევანდელი სლოგანია „მხარს ვუჭერ შიდსის დამარცხებას“. საერთაშორისო საზოგადოება თანხმდება, რომ შიდსის ეპიდემია 2030 წლამდე უნდა აღმოიფხვრას. საქართველოში, ბოლო მონაცემებით, რეგისტრირებულია აივ- ინფექცია/შიდსის 6 065 შემთხვევა, მათგან 663 მხოლოდ 2016 წელს გამოვლინდა. როგორც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში აცხადებენ, ეს არ არის საგანგაშო მაჩვენებელი და ყოველწლიურად, შიდსის პრევენციის მხრივ, ქვეყანაში შესამჩნევი პროგრესი შეინიშნება.

მაღლა აწეული გაშლილი ხელი ნიშნავს „ვემხრობი შიდსის დამარცხებას“. წელს შიდსის მსოფლიო დღე სწორედ ამ სიტყვებით აღინიშნება. კამპანიის მიზანი კი არის გაძლიერდეს საზოგადოების მხარდაჭერა აივ დადებითი და შიდსით დაავადებული ადამიანების მიმართ. საქართველოში, 2016 წლის მონაცემებით, აივ-ით ინფიცირების 6 065 შემთხვევაა რეგისტრირებული. ასაკი - 29-დან 40 წლამდე. უმეტესობა, 4 508, მამაკაცია, დანარჩენი 1 557 - ქალი. დღეის მონაცემებით, სულ გარდაცვლილია 1 201 ადამიანი. როგორც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, მთლიანობაში, აივ-ით ინფიცირებულთა რიცხვი 9 000-ს აღწევს და აქ არარეგისტრირებული შემთხვევებიც იგულისხმება, თუმცა ამბობს, ეს არ არის საგანგაშო რიცხვიო, და მაგალითად C ჰეპატიტის სტატისტიკა მოჰყავს:

„დღეს საქართველოში არის 150 000 პაციენტი, რომელსაც C ჰეპატიტის დიაგნოზი აქვს, და მხოლოდ 9 000 პაციენტია შიდსით დაავადებული. ეს იმ დროს, როდესაც შიდსის და C ჰეპატიტის გადაცემის გზები აბსოლუტურად ერთი და იგივეა. უფრო მეტიც, შიდსი უფრო იოლად გადადის სქესობრივი გზით, ინტრავენური ნარკომანიით და სისხლით კი ერთნაირად გადადის. ანუ 15-ჯერ, 16-ჯერ მეტია C ჰეპატიტიანი პაციენტების რიცხვი. და იცით, რატომ? შიდსის შემთხვევაში 30 წელია ტარდება ის ღონისძიებები, რაც 2 წლის წინ დაიწყო C ჰეპატიტის შემთხვევაში“.

თენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე

ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, მოგვითხრობს თენგიზ ცერცვაძე, საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც გასული წლიდან დაიწყო ყველა აივინფიცირებულის მკურნალობა - სხვაგან, როგორც წესი, მკურნალობენ მხოლოდ მათ, ვისაც შიდსის ვირუსი უვითარდებათ.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთი პაციენტი დიდხანს იცოცხლებს. სამწუხაროდ, ის ვერ განიკურნება, მაგრამ მისი ცხოვრება შეზღუდული არ იქნება. და მეორე და მნიშვნელოვანი: ასეთი პაციენტი აღარ არის ინფექციის გადაცემის წყარო - ეს უმნიშვნელოვანესი რამ არის. ამას ეწოდება მკურნალობა პრევენციისათვის და ეს არის შიდსის ეპიდემიის მთავარი სტრატეგიაც“.

მანანა ღვაბერიძე, შიდსის სადიაგნოსტიკო ლაბორატორიის ხელმძღვანელი, გვეუბნება, რომ მხოლოდ ამ კვირაში აივით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შიდსის ცენტრში როგორც ტესტირება, ისე მკურნალობა უფასოა. ექიმი ეპიდემიოლოგი მაია ცინცაძე ხშირად განმარტავს, რომ აივინფიცირებული პაციენტების მიმართ ნულოვანი დისკრიმინაცია უნდა არსებობდეს - ეს არ არის ის დაავადება, რომელიც შეხებით ან ჰაერწვეთოვანი გზით გადადის:

„დღეს ეს დაავადება არის აბსოლუტურად მართვადი ქრონიკული ინფექცია, თუ დროულად გამოვლინდება და პაციენტი წამლის მიღების რეჟიმსაც დაიცავს. ეს ადამიანები, ფაქტობრივად, ჯანმრთელებად ითვლებიან. ეს დაავადება არ გადადის ჰაერწვეთოვანი გზით, არ არის საშიში დაცემინება, დახველება, ხელის ჩამორთმევა. საყოფაცხოვრებო და სოციალური ურთიერთობებით ეს დაავადება არ გადადის. ცხადია, არ ვგულისხმობ სარისკო ქცევებს, რაშიც იგულისხმება არასტერილური სამედიცინო იარაღების გამოყენება ან დაუცველი სექსუალური ურთიერთობა და ა.შ“.

თუმცა თავად აივ/შიდსის მატარებელი ადამიანებისთვის ამ დაავადებასთან ერთად ცხოვრება არ არის მარტივი. ჩვენი ორი რესპონდენტი, პირობითი სახელებით დათო და ზაზა, ამბობენ, რომ დიდი დრო დასჭირდათ დიაგნოზთან შესაგუებლად, შემდეგ - ამის ყველაზე ახლობელი ადამიანებისთვის სათქმელად და, ბოლოს კი, შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდში მისასვლელად. დათომ ჯერ დედას გაუმხილა ყველაფერი. დედამ გაუგო. შემდეგ შეყვარებულს უთხრა. მას შიდსი არ აღმოაჩნდა, თუმცა დათოსთან ურთიერთობა გაწყვიტა:

„დედამ მითხრა, რომ აუცილებლად მკურნალობა უნდა დამეწყო. ჩემმა საყვარელმა ადამიანმა კი, მართალია, ანალიზები გაიკეთა და, საბედნიეროდ, შიდსი არ აღმოაჩნდა, მაგრამ ჩემთან ურთიერთობის გაგრძელება შეწყვიტა. დაფრთხა. აქაც ვიგრძენი საკუთარი თავის დაბლოკვა სწორედ ამ სტატუსის გამო. მერე სულ ვფიქრობდი, საიდან, როგორ დამემართა. თავიდან დეპრესიული პერიოდებიც მქონდა. გგონია, რომ თუ ამას გაიგებენ, სხვანაირი თვალით შეგხედავენ, მით უმეტეს, როდესაც იცი ამ თემაზე ახლობლების დამოკიდებულება. იმასაც ფიქრობ, რომ ვაითუ სამსახურში არ მიგიღონ ან პრობლემა შეგექმნას. ოჯახის შექმნაც მინდა. ვფიქრობ, როცა ვინმეს შევხვდები, ის თუ გამიგებს... ბევრი დაბრკოლებაა. ამიტომ ვარჩევ ანონიმურად საუბარს. თუმცა რაც შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდში მოვედი, მეტი სტიმული მაქვს, რომ დაავადებას ვებრძოლო, ვმკურნალობ და თავს ფიზიკურად კარგად ვგრძნობ. ეს ისეთი დაავადებაა, ყველა შეიძლება ჩემს ადგილას აღმოჩნდეს. ამიტომ მინდა, რომ საზოგადოებამ მეტი იცოდეს ამ დაავადების შესახებ. იქნებ დამოკიდებულება აივინფიცირებული ადამიანების მიმართ უკეთესი გახდეს“.

ღიად საკუთარ დაავადებაზე საუბარს, მართლაც, თითქმის ყველა პაციენტი ერიდება. ზაზაც ამბობს, რომ მშობლებსაც კი არ ესმით, რა დაავადებაა შიდსი:

„თუ მშობელი გაიგებს, რომ მისი შვილი აივდადებითია, იქ მთავრდება ყველაფერი - შიდსი აქვს! „სპიდი“, როგორც ამბობენ ხოლმე. ის, რომ ეს ვირუსია და ამის მატარებელია მისი შვილი, ასეთი გაგება არც არსებობს. „სპიდით მოკვდა“ და მორჩა - ასე აღიქვამენ. არც ჩემთვის იყო ადვილი, მით უმეტეს, რომ ამ დაავადების შესახებ ინფორმაციას ვფლობდი. დაცული სექსუალური ცხოვრება მქონდა, მაგრამ მხოლოდ ფიზიკური ურთიერთობით ხომ არ გადადის ეს ინფექცია. რამდენიმე თვე დამჭირდა, რომ შევგუებოდი ამ ამბავს. ფონდი ამ მხრივ ძალიან დამეხმარა. იქ მითხრეს, რომ მარტო არ ვიყავი, რომ თუ რამე დამჭირდებოდა, გვერდით დამიდგებოდნენ. ექვსი თვე ვიფიქრე და მხოლოდ მერე მივედი მათთან... ცხადია, ჩემი ცხოვრებაც შეიცვალა: ძველებურად ღამის თევა, დალევა - მსგავსი რამ შეიზღუდა, რადგან ახლა ჩემი ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია“.

დღეს ზაზა ფიქრობს, რომ, განსხვავებით C ჰეპატიტისგან, აივ/შიდსის სოციალიზაცია საქართველოში ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. საზოგადოებაში მყარად არის გამჯდარი აზრი, რომ ეს დაავადება მხოლოდ გარყვნილ ადამიანებს ემართებათ, ამბობს ზაზა და სწორედ ამ დამოკიდებულების შეცვლა სურს.

შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდში პაციენტებს, პირველ რიგში, შიშის დაძლევასა და თავისი თავის მიღებაში ეხმარებიან - ფსიქოლოგმა ნანა დათუკიშვილმა გვითხრა კიდეც, რომ ხანდახან ყველანაირ წამალზე მნიშვნელოვანი ამ ადამიანებისათვის მათთვის ნათქვამი სიტყვებია.

გაეროს მოსახლეობის ფონდის ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ლელა ბაქრაძე კი ფიქრობს, რომ, მიუხედავად იმ პროგრესისა, რომელსაც საქართველომ შიდსის პრევენციის თვალსაზრისით მიაღწია, აივეპიდემია ვერ დაიძლევა, თუ აივპრევენციისთვის მსოფლიო ძალიან სერიოზულ ძალისხმევას არ გამოიჩენს.

„აივით ყოველდღიურად 6 000 ადამიანი ინფიცირდება მსოფლიოში. აივ/შიდსის მკურნალობამ, რომელიც 2016 წელს 18 მილიონზე მეტ ადამიანს მისწვდა, მართლაც, უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და ახალი ინფექციების გავრცელების რისკიც შეამცირა. მაგრამ მხოლოდ მკურნალობა აივ/ინფექციის გავრცელებას ვერ შეაჩერებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია მეტი ინვესტირება ისეთი ინტერვენციების განსახორციელებლად, რომელიც ხელს შეუწყობს ქცევის შეცვლას, სამედიცინო მომსახურების, მათ შორის, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურების გაუმჯობესებას და შესაბამისი პოლიტიკის გატარებას აივინფექციის პრევენციის გაძლიერებისათვის“.

საქართველოში აივ/შიდსის როგორც პრევენციული, ისე მკურნალობის პროგრამების დიდი ნაწილი ფინანსდება შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ. სახელმწიფი აფინანსებს სამედიცინო მომსახურების მიწოდებას, უსაფრთხო სისხლის პროგრამებსა და დედიდან ბავშვზე ინფექციის გადაცემის პროგრამებს. 2015 წლიდან სახელმწიფო აფინანსებს აივმკურნალობის პირველი რიგის მედიკამენტების შესყიდვას. 2016-2018 წლებში სახელმწიფო ამ სფეროში კიდევ გეგმავს მნიშვნელოვანი თანხის მობილიზებას, რადგან გლობალური ფონდის დაფინანსება სწორედ ამ დროიდან შემცირდება.​

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG