Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმი დიალოგისთვის ალასანიასა და ივანიშვილს ირჩევს?


ირაკლი ალასანია, ბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ალასანია, ბიძინა ივანიშვილი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი იტალიურ ჟურნალ ”ლიმესს” (Limes) მის მიერ გამოთქმული მოსაზრებების არასწორ ფორმულირებაში ადანაშაულებს. თუმცა დიდად განსხვავებული მოსაზრებები ვიაჩესლავ ჩირიკბას არც 25 ივნისს, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გამოუთქვამს. იგულისხმება სოხუმის საგარეო უწყების პოზიცია ირაკლი ალასანიასა და ბიძინა ივანიშვილთან სამომავლო შესაძლო დიალოგთან დაკავშირებით.

”გახსნილი ვართ დიალოგისთვის. ვფიქრობ, რომ სხვა პრეზიდენტის - არა სააკაშვილის - პირობებში საქართველო სხვანაირი იქნებოდა და ჩვენ გვექნებოდა ყველა შესაძლებლობა, რომ შეთანხმებისთვის მიგვეღწია. ჩვენ უფრო პრაგმატულ თანამოსაუბრეს ვსაჭიროებთ ”, - ამბობს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა 22 ივნისს იტალიურ ჟურნალ ”ლიმესში” დაბეჭდილ ინტერვიუში და იქვე აღნიშნავს, რომ ასეთ პრაგმატიკოს თანამოსაუბრეებად აფხაზეთის მხარეს, მაგალითად, ირაკლი ალასანია და ბიძინა ივანიშვილი წარმოუდგენია.

თუკი 22 ივნისის ინტერვიუში ივანიშვილს ახასიათებს ”საქმიან ადამიანად”, რომელსაც შეუძლია საკმაოდ პრაგმატული იყოს და მიხვდეს, თუ როგორი გადაწყვეტილება იქნებოდა ”ყველასათვის ხელსაყრელი”, 25 ივნისს, რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა ”ეხო კავკაზასთან” საუბრისას, ვიაჩესლავ ჩირიკბა ამბობს, რომ ივანიშვილის შესახებ პრაქტიკულად არაფერი იცის. დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი პრაგმატულობის კრიტერიუმს ამ შემთხვევაში მხოლოდ ირაკლი ალასანიას უსადაგებს, ხოლო იტალიურ ჟურნალს ზოგადი მოსაზრებების არაზუსტ დაკონკრეტებაში ადანაშაულებს:

ალასანია - კი, ის ჩვენთვის ცნობილია როგორც მართლაც პრაგმატული პოლიტიკოსი... მაგრამ, აი, ივანიშვილს ჩვენ არ ვიცნობთ ...
ვიაჩესლავ ჩირიკბა
”ალასანია - კი, ის ჩვენთვის ცნობილია როგორც მართლაც პრაგმატული პოლიტიკოსი... მაგრამ, აი, ივანიშვილს ჩვენ არ ვიცნობთ, მისი პოლიტიკოსობა ჩემთვის არ არის ცნობილი. ასე რომ, სტატიის ავტორმა ჩემი ნათქვამი გაამარტივა და ისე გამოვიდა, თითქოს მე აუცილებლად ალასანიასა და ივანიშვილთან დიალოგს ვგულისხმობდი. მე, უბრალოდ, ვთქვი, რომ მომავალი ხელისუფლება ახლანდელთან შედარებით შესაძლოა უფრო პრაგმატული იყოს-მეთქი... დიახ, მე გვარებიც დავასახელე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც მათთან უნდა გავმართოთ მოლაპარაკებები.”

იტალიური ჟურნალის მისამართით გამოხატული გარკვეული უკმაყოფილების მიუხედავად, ვიაჩესლავ ჩირიკბა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუშიც ადასტურებს, რომ ალასანია და ივანიშვილი აფხაზეთის მხარისთვის სამომავლოდ სასურველ თანამოსაუბრეთა კატეგორიაში განიხილებიან.

ვიაჩესლავ ჩირიკბა
ვიაჩესლავ ჩირიკბა
სოხუმის მიერ გამოხატულ პოზიციას, რბილად რომ ვთქვათ, ეჭვის თვალით უყურებენ თბილისში და ასეთი ეჭვი 25 ივნისს, ტელეკომპანია ”მაესტროსთან” საუბრისას, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ნუგზარ წიკლაურმაც გამოხატა:

”თუ ახლა ჩირიკბას განცხადებაში და იმ პრაგმატიზმში იგულისხმება ის, რომ ჩვენმა მხარემ დათმოს პოზიციები რუსეთის ხელისუფლების მარიონეტებთან, ეს არის თითონ მათი განსასჯელი... არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობა და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, რაც მხარდაჭერილია მსოფლიო ქვეყნების უდიდესი უმრავლესობის მხრიდან.”

რასაკვირველია, ამ ხელისუფლებას ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს იმისათვის, რომ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან აღადგინოს ნდობა ...
მაია ფანჯიკიძე
ის, რომ საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვას არასოდეს შეურიგდება, ამის შესახებ 25 ივნისს გამართულ ბრიფინგზე პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემაც ილაპარაკა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოზიციები იდენტურია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზანთან დაკავშირებით, განსხვავებულია შეფასებები მიზნის მიღწევის რესურსთან მიმართებით:

”რასაკვირველია, ამ ხელისუფლებას ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს იმისათვის, რომ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან აღადგინოს ნდობა და გადაიყვანოს ეს კონფლიქტური სიტუაცია უკეთეს ეტაპზე. ხოლო ახალ ხელისუფლებას ამის ყველანაირი რესურსი ექნება.”

მაია ფანჯიკიძის თქმით, დიალოგი, რომელიც აუცილებლად შედგება ”აფხაზ და ოს ძმებთან”, საბოლოო მიზნად ისახავს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და სუვერენიტეტის შენარჩუნებას. ხოლო როგორც კონფლიქტოლოგი, რესპუბლიკური პარტიის წევრი პაატა ზაქარეიშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან, პოლიტიკური აქცენტების დაუსმელად, სოციალური, ეკონომიკური თუ ჰუმანიტარული ხასიათის პრობლემების მოგვარებით უნდა დაიწყოს და, მოგვიანებით, სწორედ ამგვარად მომზადებულ მტკიცე ნიადაგს უნდა დაეფუძნოს პოლიტიკური საკითხების განხილვა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG