რუსეთში, ადგილობრივი არჩევნების წინასწარი შედეგებით, დამაჯერებლად ლიდერობს მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთი“ – ეს ქვეყნის მასშტაბით, ხოლო მოსკოვში შესაძლოა, არცთუ უმნიშვნელო წარმატება მოიპოვონ ლიბერალმა ოპოზიციონერმა კანდიდატებმა.
რუსეთში 10 სექტემბერს გამართული ადგილობრივი არჩევნები, რომელთა შედეგებმაც გუბერნატორების ნაწილის ვინაობა და დეპუტატთა საბჭოების შემადგენლობა უნდა გამოავლინოს, ბოლო ფართომასშტაბიან კენჭისყრას წარმოადგენს მომავალი წლის მარტში პრეზიდენტის არჩევამდე. როგორც რუსეთის ამჟამინდელი – და, სავარაუდოდ, მომავალი – პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანი ფიქრობს, 10 სექტემბრის არჩევნების შედეგები გამოხატავს მხარდაჭერას პუტინის საკადრო პოლიტიკის მიმართ.
„შეგვიძლია აღვნიშნოთ „ერთიანი რუსეთის“ კანდიდატების უპირატესობა და მათ მიმართ მხარდაჭერა. შეგვიძლია ასევე აღვნიშნოთ საკმაოდ შთამბეჭდავი ნდობის კრედიტი, რომელიც გამოიხატა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კანდიდატების მიმართ, ანუ ვხედავთ პრეზიდენტის საკადრო პოლიტიკის მხარდაჭერას“, – განუცხადა პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 11 სექტემბერს ჟურნალისტებს, სატელეფონო ბრიფინგის დროს.
ადგილობრივი არჩევნების წინასწარი შედეგებით, 15-ვე გუბერნატორის პოსტებს, რომელთაც კენჭისყრა შეეხო, დაიკავებენ ან შეინარჩუნებენ პარტია „ერთიანი რუსეთის“ კანდიდატები და კრემლის მოკავშირეები. მათი რეგიონები მთელს რუსეთზეა გადაშლილი, კალინინგრადისა და ბურიატიის ჩათვლით. არჩევნები ჩატარდა რუსეთთან უკანონოდ მიერთებულ ყირიმშიც, ქალაქ სევასტოპოლის მმართველის ვინაობის გამოსავლენად. პარტია „ერთიანი რუსეთი“, როგორც ჩანს, ინარჩუნებს კონტროლს რეგიონულ და მუნიციპალურ მმართველობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით.
მაგრამ არსებობს გამონაკლისი: ოპოზიციის ლიდერები საუბრობენ წარმატებაზე მოსკოვის არაერთ რაიონში. გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ მონაცემებით, ოპოზიციონერმა კანდიდატებმა შესაძლოა მანდატების უმეტესობა მოიპოვონ მოსკოვის 14 რაიონის დეპუტატთა საბჭოებში. მოსკოვში სულ 100-ზე მეტი ასეთი საბჭო მოქმედებს.
არჩევნების წინასწარი შედეგებით, დეპუტატთა საბჭოებში მანდატები მოიპოვა 180-მდე კანდიდატმა, რომელთაც მხარს უჭერენ რუსეთის პარლამენტის ყოფილი ლიბერალი წევრი დმიტრი გუდკოვი და პარტია „იაბლოკო“, ხოლო ოპოზიციონერი აქტივისტი ილია იაშინი ამბობს, რომ დეპუტატთა ერთ-ერთ საბჭოში მას და მის თანამოაზრეებს ერგოთ შვიდი, მაშინ როცა, „ერთიან რუსეთს“ – სულ სამი მანდატი აქვს.
მას შემდეგ, რაც 2000 წელს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი გახდა, არჩევნებზე კრემლის კონტროლი გაძლიერდა და ოპოზიცია განზე გარიყეს, ოპოზიციონერი აქტივისტები და ჯგუფები, როგორებიც არიან გუდკოვი, იაშინი, პარტია „იაბლოკო“ მუნიციპალურ პოლიტიკაზე არიან კონცენტრირებული. მოსკოვში მათი მომავალი, მნიშვნელოვანი მიზანია წარმატება 2018 წლის მერის არჩევნებში.
კრემლის ოპონენტები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება – პირველ რიგში პროვინციებში – ოპოზიციის შესაზღუდად აქტიურად იყენებს სხვადასხვა ბერკეტს, მედიის კონტროლის, საპროტესტო გამოსვლების ამკრძალავი კანონების, საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებზე ზეწოლის ჩათვლით.