Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები „სპეცუბნების“ მინიმალური რაოდენობით


კენჭისყრის პროცესი
კენჭისყრის პროცესი

ეგრეთ წოდებული „სპეცუბნები“, რომლებსაც საარჩევნო კოდექსის ენაზე „გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნები“ ჰქვია, ყოველთვის იყო საარჩევნო სუბიექტებს შორის დავის მიზეზი და არჩევნების შედეგების ფალსიფიცირების საშუალება. გადამწყვეტი აღმოჩნდა 2015 წლის საგარეჯოს შუალედური არჩევნები, რომლის დროსაც გამოითქვა ეჭვი სამხედრო ნაწილებში შექმნილ საარჩევნო უბნებზე მასშტაბური გაყალბების თაობაზე. მუხროვანის სამხედრო ნაწილში მოწყობილ საარჩევნო უბანზე მომხდარი დარღვევების გამო „პატრიოტთა ალიანსმა“ სასამართლოშიც კი იჩივლა. სწორედ ამ ხმაურიანი შუალედური არჩევნების შემდეგსაარჩევნო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომელთა თანახმად, მკვეთრად შემცირდა ე. წ. „სპეცუბნების“ რიცხვი. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნების“ რაოდენობა 11-ს არ აღემატება.

გადმოწერა

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნების“ რაოდენობა 71 იყო. არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ სწორედ ამ უბნებზე აკვირდებოდა არჩევნების მიმდინარეობას. ცენტრის წარმომადგენელ მარი ბენდელიანის თქმით, ოპოზიციური პარტიები და დამოუკიდებელი დამკვირვებლები ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდნენ ამ უბნებზე ჩატარებული არჩევნების სამართლიანობას:

„უბნები იყო სამხედრო ბაზებზე, რის გამოც დამკვირვებლები საუბრობდნენ ზეწოლასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. ჯარისკაცი სადაც მსახურობდა, იქ აძლევდა ხმას, რის გამოც ჩნდებოდა ეჭვი, რომ მის მიერ გაკეთებული არჩევანი არ იყო თავისუფალი“.

არადა, ასეთი ე. წ. „სპეცუბნები“ იქმნებოდა როგორც თავდაცვის სამინისტროში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებში, დაცვის პოლიციაში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და სხვა სახელმწიფო უწყებებში. 2016 წლის აგვისტოში იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ტერიტორიაზე სპეციალური საარჩევნო უბნები მხოლოდ პენიტენციურ სისტემასა და ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ცენტრში იქმნება. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის კომენტარი:

„არავითარი არჩევნები სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე. არჩევნები მხოლოდ იქ, სადაც სამხედროები არიან რეგისტრირებული. რაც შეეხება ავღანეთში მყოფ ჩვენ ჯარისკაცებს, მათ ჩვენ ვერ ჩამოვართმევთ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას და ვერც ერთი დღით ჩამოვიყვანთ საქართველოში, ამიტომ იქ გაიხსნება გამონაკლისის სახით უბნები და ჩატარდება არჩევნები. რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემას,ვერც ერთი ჯარისკაცი ვერ მისცემს ხმას მაჟორიტარობის კანდიდატს საგარეჯოში, თუ ის არის მესტიიდან და დგას საგარეჯოში წელიწადზე ნაკლები ხანი, ხოლო თუ ის წარმოშობით არის მესტიიდან, მაგრამ საგარეჯოში მსახურობს წელიწადი და მეტი, მას მიეცემა უფლება თავისი აზრი გამოთქვას საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატთან დაკავშირებით“.

იმ შემთხვევაში, თუკი სპეციალურ სიაში შესული ამომრჩევლები რეგისტრირებულები არიან იმ ოლქის ტერიტორიაზე არსებულ უბანზე, რომელიც მათი რეგისტრაციის ადგილიც არის, რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ მონაწილეობა მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემით, მაგრამ თუკი მათი საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის ადგილი) განსხვავდება მათი დისლოკაციის ადგილისაგან ან იმ ადგილისგან, სადაც დროებით სამუშაოდ არიან მივლინებულები, მაშინ ისინი ხმას აძლევენ მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემით...
ანა მიქელაძე

იუსტიციის მინისტრის ნათქვამის დასტურად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის გამონაკლისი შემთხვევების სახით მხოლოდ 11 საარჩევნო უბანი შეიქმნა:

„ეს არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა დისლოკაციის ადგილი საზღვარგარეთ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულება, საავადმყოფო და სხვა სტაციონარული დაწესებულება. ასევე შეიძლება იყოს სათნოების სახლი, მიუსაფართა თავშესაფარი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი და სხვა სოციალური მიზნების მქონე დაწესებულება, რომლებშიც 50-ზე მეტი ამომრჩეველი იმყოფება“.

თავდაცვის სამინისტროს სულ6 ათას 400 მოსამსამსახურე მიმაგრებულია 78 უბანზე. რაც შეეხება ავღანეთში შექმნილ ორ „სპეცუბანს“, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილე 1 600-მა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში უკვე მიიღო მონაწილეობა. 5 ოქტომბერს ავღანეთში საქართველოდან ჩავიდა 19-კაციანი სპეციალური ჯგუფი, რომელმაც ორი საარჩევნო უბანი მოაწყო. საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5 ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის სამხედროებმა არჩევანი ფარვანის პროვინციაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გააკეთეს, მეორე ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა კი მაზარი-შარიფში გერმანულ ბაზა „მარმალზე“ დააფიქსირეს საკუთარი არჩევანი. დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იხდიან მხედრულ ვალს, ანა მიქელაძის თქმით, ხმას აძლევენ ჩვეულებრივ სამოქალაქო უბანზე თავიანთი დისლოკაციის ადგილის მიხედვით:

„იმ შემთხვევაში, თუკი სპეციალურ სიაში შესული ამომრჩევლები რეგისტრირებულები არიან იმ ოლქის ტერიტორიაზე არსებულ უბანზე, რომელიც მათი რეგისტრაციის ადგილიც არის, რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ მონაწილეობა მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემით, მაგრამ თუკი მათი საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის ადგილი) განსხვავდება მათი დისლოკაციის ადგილისაგან ან იმ ადგილისგან, სადაც დროებით სამუშაოდ არიან მივლინებულები, მაშინ ისინი ხმას აძლევენ მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემით“.

რაც შეეხება პენიტენციურ სისტემაში შექმნილ საარჩევნო უბნებსა და სპეციალური სიის ფორმირებას, ამასთან დაკავშირებით ანა მიქელაძე ამბობს:

„აქ არის საუბარი პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ იმ პირებზე, რომლებსაც სასჯელს იხდიან ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის და ასევე პირები, რომლებისთვისაც სასამართლოს ჯერ არ აქვს განაჩენი გამოტანილი ან განაჩენი არ არის კანონიერ ძალაში შესული“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, სულ, ჯამში, „გამონაკლის შემთხვევაში“ შექმნილ 11 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 3 ათასამდე ამომრჩეველი. „სპეცუბნების“ ამგვარ შემცირებას წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს მიხეილ ბენიძე, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი, თუმცა ის მაინც ფიქრობს, რომ კანონი შემდგომ დახვეწას საჭიროებს, რადგან მაინც იძლევა საშუალებას სამხედრო პირებმა მონაწილეობა მიიღონ მაჟორიტარულ არჩევნებში იმ ოლქში, სადაც არ არიან რეგისტრირებული.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნები მოეწყო ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ხმას აძლევენ მსოფლიოს 41 ქვეყანაში გახსნილ 56 უბანზე.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG