Accessibility links

10 წელი გავიდა 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური საპროტესტო აქციის დარბევიდან. პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ადამიანები. მოგვიანებით პოლიცია ტელეკომპანია „იმედის“ ოფისშიც შევიდა. 7 ნოემბრის აქციის დაშლას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მოჰყვა. რა კვალი დაამჩნია 2007 წლის 7-მა ნოემბერმა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას?

2007 წლის 7 ნოემბერს, დილით, პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქციის მოშიმშილე წევრები იყვნენ შეკრებილი, თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ. იმის გამო, რომ დღის ამ მონაკვეთში აქციის მონაწილეთა რაოდენობა დიდი არ იყო, პოლიციამ გზის სავალი ნაწილის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც აქციის მონაწილეებთან დაპირისპირება მოჰყვა.

„პარლამენტის წინ მოვიდნენ, ცეცხლსასროლით გაზი გაგვიხსნეს, თვალებიდან ცრემლები მოგვდიოდა, სუნთქვა შეგვეკრა... სროლა- სროლით მოგვყვებიან“, იხსენებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

თუმცა, წინააღმდეგობის მიუხედავად, პოლიციამ სრულიად გაათავისუფლა რუსთაველის გამზირი აქციის მონაწილეებისგან. სულ მალე პარლამენტის წინ ხელისუფლების მხარდამჭერები შეიკრიბნენ. საქართველოს მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც ოპოზიციას რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მართული უწოდა და პოლიციის მოქმედება გაამართლა:

მიხეილ სააკაშილი მიმართავს მომსახლეობას. 2007 წლის 7 ნოემბერი
მიხეილ სააკაშილი მიმართავს მომსახლეობას. 2007 წლის 7 ნოემბერი

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პოლიციას არ აქვს გამოცდილება, მოვიქეცით ზუსტად ისე, როგორც მოიქცეოდა ყველა ცივილიზებულ დემოკრატიულ ქვეყანაში - ევროპასა თუ ამერიკაში“.

თუმცა 7 ნოემბერი მხოლოდ აქციის მონაწილეთა დაშლით არ დასრულებულა. დღის ბოლოს პოლიცია ტელეკომპანია „იმედის“ შენობაში შევიდა, ხოლო პრეზიდენტმა თბილისში საგანგებო მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო, რაც საზოგადოებას გააცნო მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა:

„დროებითი შეზღუდვები წესდება მანიფესტაციებსა და შეკრებებზე, ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში არეულობის, ძალადობის და ხელისუფლების ძალით დამხობის მოწოდებებზე, სხვა მხრივ სიტყვის თავისუფლება არ იზღუდება“.

ეს ხელისუფლება მთლად ისე არ გვარბევს, მაგრამ აგრძელებს განსხვავებული აზრის იგნორირების პოლიტიკას და ცდილობს გამოგაცხადოს მტრად. ადრე თუ იყავი ბადრი და ოლიგარქის მონა, ახლა ხარ ნაცმოძრაობასთან შეკრული და მრავალმნიშვნელოვნად გეკითხებიან, სისხლიანი ცხრა წლის განმავლობაში სად იყავიო და ასე შემდეგ...
დავით ზურაბიშვილი

მომიტინგეებისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თანამდებობაზე დაბრუნდა 2008 წლის იანვრის რიგგარეშე არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თუმცა, როგორც პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გუნდის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. გია ხუხაშვილის თქმით, 7 ნოემბრამდე ხელისუფლება მიიყვანა გირგვლიანის მკვლელობამ და სხვა ავტორიტარულმა ქმედებებმა.

„7 ნოემბერს ეს ყველაფერი მივიდა პიკზე. ვინ იდგა ამ პროცესების უკან და რას აკეთებდა, ეს ყველაფერი დეტალებია. ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ვინმეს შეუძლია ხელოვნურად ამ მასშტაბის პროცესები წარმართოს. საერთო ჯამში, ყველაფერს წყვეტს ხალხი. თუ არ არის საზოგადოებაში სათანადო განწყობა, მაშინ ხელოვნურად კრიზისის ფორმირება შეუძლებელია. ფაქტობრივად, 7 ნოემბერს მთლიანად გაშიშვლდა რეჟიმი - გამოჩნდა, რომ მეფე შიშველია და დაიწყო შეუქცევადი პროცესები“, უთხრა გია ხუხაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ამ შეუქცევადმა პროცესებმა „ნაციონალური მოძრაობა“ შეიყვანა ჩიხში, - ასე ფიქრობს პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე, რომლის ვარაუდით, 2008 წლის ომიც იყო ამ ჩიხში მოძრაობის გაგრძელება, საკუთრივ 7-მა ნოემბერმა კი რადიკალურად შეცვალა პოლიტიკური ბალანსი და ქვეყნის მომავალი:

თორნიკე შარაშენიძე
თორნიკე შარაშენიძე

„ამ პროცესებს მოჰყვა ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალება და ასპარეზიდან გაქრობა ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშისა. ამის შემდეგ დარჩა ორი პოლუსი - სააკაშვილი-„ნაციონალური მოძრაობა“ და ივანიშვილი. ივანიშვილის საბოლოო გამარჯვება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ 7 ნოემბერი გამოდგა პატარკაციშვილისთვის ფალშ-სტარტი, რომლის შედეგად პროცესები ლოგიკურად წარიმართა და დასრულდა 2012 წლის არჩევნებით“.

რაც შეეხება 7 ნოემბრის გაკვეთილებს, გია ხუხაშვილის თქმით, ცხადი გახდა, თუ როგორ შეიძლება დაამთავროს ავტორიტარული მიდრეკილების მქონე ხელისუფლებამ. თორნიკე შარაშენიძის თქმით კი, დასავლეთის რეაქციამ აჩვენა, თუ რამდენად მიუღებელია დემოკრატიულ სამყაროში მედიის თავისუფლების ხელყოფა, თუმცა 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, დავით ზურაბიშვილი, მიიჩნევს, რომ 7-მა ნოემბერმა ვერაფერი ასწავლა ვერც ყოფილი ხელისუფლების წევრებს და ვერც ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც 7 ნოემბერს სააკაშვილს ებრძოდნენ, ახლა კი ხელისუფლებაში არიან.

„ეს ხელისუფლება მთლად ისე არ გვარბევს, მაგრამ აგრძელებს განსხვავებული აზრის იგნორირების პოლიტიკას და ცდილობს გამოგაცხადოს მტრად. ადრე თუ იყავი ბადრი და ოლიგარქის მონა, ახლა ხარ ნაცმოძრაობასთან შეკრული და მრავალმნიშვნელოვნად გეკითხებიან, სისხლიანი ცხრა წლის განმავლობაში სად იყავიო და ასე შემდეგ. ამ მხრივ დიდი არაფერი შეცვლილა, თუმცა ტელევიზიაში იარაღით შევარდნა აღარ მოხდება, ამდენი ჭკუა ვისწავლეთ“, უთხრა დავით ზურაბიშვილმა რადიო თავისუფლებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG