Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანაშაულის ნიშნები აუდიტის სამსახურში


კოალიცია ”არჩევანის თავისუფლებისთვის” და დამოუკიდებელ ექსპერტთა საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პარლამენტს და მთავარ პროკურატურას აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საქმიანობაში აღმოჩენილ დარღვევებზე შემდგომი რეაგირებისთვის მიმართავს. მიმართვის საფუძველია აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საქმიანობის ანალიზი, რომლის თანახმადაც, ეჭვქვეშ დგება ამ ორგანოს მიერ მიღებული მთელი რიგი გადაწყვეტილებების კანონიერება და პოლიტიკური ნეიტრალურობა. სამოქალაქო მონიტორები პარლამენტისგან დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ, მათ შორის, არ გამორიცხავენ აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსის, ამჯერად დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის, სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნასაც.

კოალიცია ”არჩევანის თავისუფლებისთვის” და დამოუკიდებელ ექსპერტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ სახელმწიფო აუდიტის ფინანსური საქმიანობის ანალიზის შედეგად გამოკვეთილი გარემოებები იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს კონტროლის პალატა, შემდგომში კი აუდიტის სამსახური, წინასაარჩევნო პერიოდში წარმოადგენდა ხელისუფლების პოლიტიკურ ინსტრუმენტს ოპონენტების წინააღმდეგ. კერძოდ, აუდიტის ფინანსური მონიტორინგის გადაწყვეტილებები არაერთ შემთხვევაში მნიშვნელოვნად გასცდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მანდატს და ცალკეული ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტების მიზანმიმართული სამართლებრივი დევნისა და დაუსაბუთებელი ფინანსური სანქცირების სახე მიიღო. ამგვარი სანქციები კი, ანგარიშის თანახმად, ამოქმედდა როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირების მიმართ, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად აისახა ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობაზე. აუდიტის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საქმიანობის კანონიდან გადაცდომის სწორედ ამ უკანასკნელ გარემოებაზე განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას ” ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” აღმასრულებელი დირექტორი, თამარ კორძაია:
პირველი საზრუნავი ჩვენი მიმართვისა პარლამენტისადმი იქნება ის, რომ დარღვევები რაც იყო, პირველ რიგში, საკანონმდებლო წესით აღმოიფხვრას ...
ლევან ალაფიშვილი

”დღევანდელმა აუდიტის სამსახურმა და მაშინდელმა კონტროლის პალატამ მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებმაც უპრეცედენტო შეზღუდვა გამოიწვია გამოხატვის თავისუფლების. მე არ ვსაუბრობ საკუთრების უფლებაზე - ეს ცალკე თემაა. მაგრამ მანამ, სანამ ჩვენი საზოგადოება ვერ მიაღწევს იმას, რომ დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი ამ შეზღუდვებზე, დაუსაბუთებელ შეზღუდვებზე, - გამოხატვის თავისუფლების, მედიის შეზღუდვის, - იქამდე, მე ვფიქრობ, რომ თითოეული ჩვენგანის ვალია, ყოველდღე შევახსენოთ ეს ხელისუფლებას.”

თამარ კორძაია არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის შეფასებისას პარლამენტში მისი ყოფილი ხელმძღვანელის, ლევან ბეჟაშვილის, სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხიც დადგეს.

პარლამენტში ანგარიშის წარდგენის მიზანშეწონილობის კიდევ ერთ მხარეზე მიუთითებს იურისტი ლევან ალაფიშვილი:

”პირველი საზრუნავი ჩვენი მიმართვისა პარლამენტისადმი იქნება ის, რომ დარღვევები რაც იყო, პირველ რიგში, საკანონმდებლო წესით აღმოიფხვრას. რა თქმა უნდა, პარალელურად, თუკი კანონდარღვევა იქნება აღმოჩენილი, რეაგირებას გაატარებენ სამართალდამცავი ორგანოები.”

პარლამენტის გარდა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამოქალაქო სექტორის მიერ სახელმწიფო აუდიტის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საქმიანობის შესახებ დაწერილი ანგარიშის ადრესატია მთავარი პროკურატურაც. ანგარიში ამ სამსახურის შექმნიდან 2012 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს. შესაძლებელია თუ არა, რომ ანგარიში, თავის მხრივ, აუდიტის სამსახურის მოქმედი თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საფუძველიც გახდეს? ამ შეკითხვით ანგარიშის ერთ-ერთ ავტორს, საარჩევნო ექსპერტს, ირაკლი მელაშვილს მივმართეთ.
თურმე კონტროლის პალატის და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები არსად არ მიდიან და ამ თანამდებობებს ვერავინ ვერ შეეხება, ძალიან სასაცილოა, იმიტომ რომ მე დიდი იმედი მაქვს, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები იმ ხარისხის არ იქნება, რომ საპატიმროში არ აღმოჩნდნენ ...
თინა ხიდაშელი

”ბევრი დარღვევა, რომელიც მომხდარია, მომხდარია აგვისტოში, როდესაც უკვე ახალი თავმჯდომარე იყო კონტროლის პალატის დანიშნული. ამიტომ თუკი დაადგენს პარლამენტის შესაბამისი კომისია და პროკურატურა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებია... მე ცოტა გამიჭირდება ამისი თქმა. მაგრამ ეს უკვე სპეციალისტების, იურისტების საქმეა ამის დადგენა. ჩვენი საქმე იყო ანალიზის გაკეთება მთელი ამ საქმიანობის.”

ის, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავმჯდომარის პოსტიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა თორდიას გადადგომა კოალიცია ”ქართული ოცნების” ინტერესებშია, არაერთი საჯარო განცხადებითაც დადასტურდა. ცნობილია ამ პოსტზე ახალი კანდიდატურის ვინაობაც და იგი კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე რევაზ შავიშვილია. კონტროლის პალატის, ანუ დღევანდელი აუდიტის, სამსახურის უფროსი თანამდებობაზე ხუთი წლის ვადითაა დანიშნული. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, აუდიტის სამსახურის თავმჯდომარის გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს აქვს. იმპიჩმენტის საფუძველი კონსტიტუციის დარღვევა ან დანაშაულის ჩადენაა.

”იმ ფონზე, როდესაც დავით ბაქრაძე ამაყად გველაპარაკება, რომ თურმე კონტროლის პალატის და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები არსად არ მიდიან და ამ თანამდებობებს ვერავინ ვერ შეეხება, ძალიან სასაცილოა, იმიტომ რომ მე დიდი იმედი მაქვს, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები იმ ხარისხის არ იქნება, რომ საპატიმროში არ აღმოჩნდნენ, არათუ ის, რომ თანამდებობიდან წავიდნენ”, აღნიშნა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა.

ამ საკითხზე კომენტარი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვერ მოვიპოვეთ, სამოქალაქო სექტორის მონიტორინგის ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ ოფიციალური პასუხი მხოლოდ მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც ანგარიში აუდიტის სამსახურის კანცელარიას ჩაბარდება.
XS
SM
MD
LG