Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდში გაიხსნა უკრაინაში 2014 წლის ავიაკატასტროფის მსხვერპლთა მემორიალი


ავიაკატასტროფის მსხვერპლთა მემორიალის გახსნა
ავიაკატასტროფის მსხვერპლთა მემორიალის გახსნა

17 ივლისს მსოფლიოში გაიხსენეს ბოლო წლების ერთ-ერთი უმძიმესი ავიაკატასტროფის მსხვერპლი. სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში კატასტროფა განიცადა მალაიზიის ავიაკომპანიის თვითმფრინავმა, რომელიც რაკეტით იქნა ჩამოგდებული.

298 ადამიანიდან, რომელთა სიცოცხლეც 2014 წლის 17 ივლისის ავიაკატასტროფამ შეიწირა, 193 ჰოლანდიელი იყო. დანარჩენებს ცხრა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ. კატასტროფიდან სამი წლის თავზე, ამსტერდამის სხიპოლის აეროპორტის მახლობლად, ვიფჰოიზენის პარკში, მემორიალი გაიხსნა. ცერემონიაზე შეიკრიბა დაღუპულთა 2 000-ზე მეტი ახლობელი, რომელთაც მიკროფონი დაეთმოთ დაღუპულთა სახელების წასაკითხად. მემორიალის გახსნაზე მივიდნენ ნიდერლანდის მეფე ვილემ-ალექსანდერი და დედოფალი მაქსიმაც, მთავრობის წევრები, უცხოელი სტუმრები.

ცერემონიის მონაწილეებმა დარგეს 298 ხე - თითოეული მსხვერპლის ხსოვნის პატივსაცემად, ხეების ირგვლივ კი მზესუმზირებია დარგული. იდეის ავტორები ხეივანს „ცოცხალ ხსოვნას“ უწოდებენ.

მალაიზიის ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავი 2014 წლის 17 ივლისს ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით მიფრინავდა, როცა ის აღმოსავლეთ უკრაინის თავზე ჩამოაგდეს. მანამდე რამდენიმე თვით ადრე აღმოსავლეთ უკრაინაში დაწყებული იყო მთავრობის ჯარებსა და რუსეთის დახმარებით მებრძოლ სეპარატისტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც დღემდე გრძელდება და რომლის შედეგადაც 10 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული, ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ჩათვლით.

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა 2016 წლის სექტემბერში წარმოადგინა დასკვნა, რომ თვითმფრინავი ჩამოგდებულ იქნა საზენიტო-სარაკეტო დანადგარ „ბუკ“-ის რაკეტით, რომელიც გაისროლეს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მიერ გაკონტროლებული ტერიტორიიდან. დადგენილია ისიც, რომ „ბუკი“ უკრაინის ტერიტორიაზე შეიტანეს რუსეთიდან რაკეტის გასროლამდე ცოტა ხნით ადრე და ავიაკატასტროფის შემდეგ მალევე გადაიტანეს ისევ რუსეთში. მოსკოვი უარყოფს საერთაშორისო გამოძიების შედეგად გამოტანილ დასკვნებს.

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა ფედერიკა მოგერინიმ 17 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ევროკავშირი აუცილებლად მიიჩნევს გამოძიების ბოლომდე მიყვანას და რომ გამოძიება დამოუკიდებლად და გულდასმით უნდა ჩატარდეს.

„ქედს ვიხრით 298 უდანაშაულო მსხვერპლის წინაშე, რომელთა გულისცემაც შეაჩერა სამი წლის წინ გასროლილმა რუსულმა რაკეტამ“, - წერს ტვიტერში უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო.

16 ივლისს ჰააგაში, რუსეთის საელჩოსთან, გაიმართა მსხვერპლთა ახლობლების - 15-მდე ადამიანის - საპროტესტო აქცია. მათ დაგმეს, მათი შეფასებით, მოსკოვის მცდელობა, ხელი შეუშალოს კატასტროფის გამოძიებას.

ნიდერლანდის საგარეო უწყებამ 5 ივლისს გამოაცხადა, რომ ამ ქვეყანაში გაასამართლებენ პირებს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან თვითმფრინავის ჩამოგდებაში. ჯერ არ დაუსახელებიათ ავიაკატასტროფაზე სავარაუდო პასუხისმგებელთა ვინაობა.

XS
SM
MD
LG