დღეიდან ღია სივრცეში, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იქნება, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება
10 აგვისტოდან საქართველოში კოვიდრეგულაციები მკაცრდება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. წესდება შემდეგი შეზღუდვები:
- პირბადის ტარება სავალდებულო ხდება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5 და მეტი ადამიანი იკრიბება;
- პირებზე, რომლებსაც გადატანილი აქვთ COVID-19 და არიან ერთჯერადად ვაქცინირებულები, საზღვრის კვეთისას გავრცელდება იგივე რეგულაცია, რაც 2 დოზით აცრილებზე;
- სხვადასხვა სოციალური ღონისძიების მასპინძლობისთვის კვების ობიექტებს და სარიტუალო დარბაზებს პირველ ჯერზე დაეკისრებათ ფინანსური სანქცია - 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში აღნიშნული ობიექტები დაილუქება;
- აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში;
- კვების ობიექტების მუშაობა შეზღუდულია 00:00-05:00 საათამდე პერიოდში.
პანდემიის მორიგ პიკში ქვეყანაში საწოლფონდის დეფიციტი ისევ შეიქმნა. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში დასაწვენი ადგილების ნაკლებობაა.
მისი თქმით, რეგულაციების გამკაცრებიდან საშუალოდ 10 დღიდან ორ კვირამდეა საჭირო იმისთვის, რომ შეზღუდვამ გავლენა იქონიოს ეპიდსიტუაციაზე.
გუშინ კოვიდსტატისტიკა კიდევ 2236 ახალი შემთხვევით გაიზარდა. გარდაიცვალა 44 ადამიანი.
ამ თემაზე ასევე ნახე:
- ერთჯერადად ვაქცინირებული კოვიდგადატანილი პირები საზღვრის კვეთისას გათანაბრდებიან სრულად ვაქცინირებულებთან
- თამარ გაბუნია: ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს კორონავირუსის მძიმე შემთხვევა
15 ბავშვი ისევ პანსიონში, დანარჩენები გარეთ: როგორ არიან ნინოწმინდის აღსაზრდელები?
მას შემდეგ, რაც ივლისში, საზოგადოების პროტესტის შედეგად, სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლა შეძლო, ომბუდსმენი საკუთარ ოჯახებში დაბრუნებულ, ასევე საოჯახო ტიპის სახლებსა და მინდობით აღზრდაში გადაყვანილ ბავშვებს ფსიქოლოგთან ერთად სტუმრობს - უკვე რამდენიმე რეკომენდაციაც მომზადდა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსაც გაეგზავნა, რომ მათ აუცილებლად სჭირდებათ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. ხოლო ოჯახებს - ეკონომიკური მხარდაჭერა და გაძლიერება.
სახალხო დამცველის მოადგილემ, ეკა სხილაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თავად ნინოწმინდის პანსიონში, მათი ინფორმაციით, დღემდე რჩება 15 მოზარდი.
ცნობილია, რომ სააგენტო მათი შესაბამის ოჯახებში გაყვანის საკითხზე მუშაობს, თუმცა ჯერჯერობით ეს პროცესი არ დასრულებულა.
ეკა სხილაძე ამბობს, რომ ნინოწმინდაში მონიტორინგის ჯგუფის ბოლო ვიზიტის დროს იქ არსებული ვითარება არ იყო საფრთხის შემცველი, ადგილზე მუშაობდა ფსიქოლოგიც და რადგან ბავშვების რაოდენობაც შემცირდა, მათთან ინდივიდუალური მიდგომის ნიშნებიც შეიმჩნეოდა.
არის თუ არა დაპირისპირება პრემიერსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის?
8 აგვისტოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ კოვიდრეგულაციები ყველამ უნდა დაიცვას, საზოგადოების ნაწილმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით გამოთქმულ კრიტიკად აღიქვა, რომელიც ერთი დღით ადრე ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის ოჯახის ხალხმრავალ წვეულებაზე იმყოფებოდა. სტუმრებს, პრემიერის ჩათვლით, არ ეკეთათ პირბადე.
გუშინ საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლებმა თავი აარიდეს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ რეგულაციების დარღვევაზე კომენტარს.
პრემიერისა და ჯანდაცვის მინისტრის შესაძლო დაპირისპირებაზე კი პასუხი ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გასცა. მან კონფლიქტი უარყო და „ყურით მოთრეული თემა“ უწოდა.
8 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა დაუსვეს შეკითხვა, უქმნიდა თუ არა უხერხულობას ქეიფი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გაუთვალისწინებლად. „მერე რა?“ - ასე უპასუხა მან მედიას.
ამ თემაზე ასევე ნახე:
„ჩემი გვარია მამედლი და არა მამედოვი“ - ეთნიკურად აზერბაიჯანელები გვარების დასაბრუნებლად ხელმოწერებს აგროვებენ
„ჩემი გვარის 20% ოკუპირებულია“, - ეს გვარის დაბრუნების კამპანიის ერთ-ერთი მთავარი გზავნილია.
საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები ამ წუთებშიც გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში არიან და ხელმოწერებს აგროვებენ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილების დასარეგისტრირებლად. საჭიროა 25 000 ხელმოწერა იმისათვის, რომ ყველამ, ვისაც ამის სურვილი ექნება, გვარის რუსული დაბოლოება თავისი ძველი, ავთენტური აზერბაიჯანული დაბოლოებით შეცვალოს.
მამედოვი გახდეს ისევ მამედლი, სადიკოვი - სადიკ, კასიმოვი - კასიმოღლუ.
სანამ ხელმოწერების მოსაგროვებლად ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები სოფელ-სოფელ სიარულს დაიწყებდნენ, მათ გვარები სოციალურ ქსელ ფეისბუკში გადაიკეთეს - რუსული დაბოლოებები აზერბაიჯანულით შეცვალეს და ასე დაიწყო კამპანია „გვარი დამიბრუნე“.
წაიკითხე მეტი ეკა ქევანიშვილის სტატიაში.
ლუკაშენკა ქედმოუხრელ პოზიციაზე რჩება, ოპოზიცია ზეწოლის გაძლიერების მოწოდებით გამოდის
ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა ქედმოუხრელ პოზიციას გამოხატავს იმ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ წლისთავზე, რომელსაც ოპონენტები გაყალბებულად მიჩნევენ და რასაც ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანოუსკაია არჩევნების წლისთავზე გამოვიდა ლუკაშენკას რეჟიმისთვის დამატებითი სანქციების დაწესების მოწოდებით.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან ერთად ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, ციხანოუსკაიამ თქვა, რომ ბელარუსში შექმნილი კრიზისის გადალახვას შესაძლებელს გახდის მხოლოდ ყველა ქვეყნის ერთიანი, კოორდინირებული პოზიცია სანქციების და ლუკაშენკას რეჟიმზე ზეწოლის გაზრდის საკითხების მიმართ.
სხვაგან, ციხანოუსკაიამ მედიას უთხრა, რომ ბელარუსის ოპოზიცია გამოდის "რეჟიმის დანაშაულთათვის საერთაშორისო ტრიბუნალის" ორგანიზების მოწოდებით და "მუშაობს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის გამართვაზე ბელარუსის კრიზისის გადასაჭრელად".
„ამ სამყარომ არაფერი იცის იმაზე, რაც იქ ხდება“ - კოვიდპაციენტები რეანიმაციაში, მარინე ბერიძის მონათხრობი
ენათმეცნიერი მარინე ბერიძე ერთ-ერთია, ვინც COVID-19 მძიმე ფორმით გადაიტანა. მას დაავადება ნოემბერში შეხვდა, როდესაც აცრის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არ არსებობდა. რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც მუდმივად რამდენიმე ათეული ადამიანი ებრძოდა სიკვდილს, რამდენიმე დღის განმავლობაში ის ფაქტობრივად ერთადერთი კონტაქტური ავადმყოფი იყო (ასე უწოდებენ რეანიმატოლოგები პაციენტს, რომელიც არ არის ინტუბირებული და, შესაბამისად, ფხიზელ გონებაზეა).
ყველას თავისი გამოცდილება აქვს… თავიდან გაქვს ძვლების, თავის ტკივილი, ხველა... აქედან თითქოს არც ერთი არაა ის სიმპტომი, რომელსაც კატასტროფის გამოწვევა შეუძლია, მაგრამ მერე მდგომარეობა ელვისებურად მძიმდება. ჟანგბადს კი გაწვდიან, მაგრამ სუნთქვას მაინც ვეღარ ახერხებ, რადგან ფილტვები, ფაქტობრივად, აღარა გაქვს.
უმეტესობას ჰგონია, რომ რაკი ჟანგბადის ნიღაბს მოარგებენ, სუნთქვის პრობლემა უმალ მოიხსნება, დაახლოებით ისე - ფიზიოლოგიური ხსნარის გადასხმისას სითხე თავისით რომ გააჯერებს ორგანიზმს. ეს დაავადება იმიტომაც არის ძალიან ვერაგი, რომ ექიმის წარმატება პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად „თანამშრომლობს“ პაციენტი.
გამოჯანმრთელებული პაციენტის მოგონებები კოვიდრეანიმაციიდან წაიკითხე აქ.
შეიძლება შეგიმჩნევიათ დღევანდელი ცინცაძის, ყოფილ საბურთალოს ქუჩაზე, სახანძროს შენობაზე ფერადი მოზაიკა, რომლის თემაც ხანძარი და მეხანძრეები არიან. საბჭოთა პერიოდში შექმნილი ამ მოზაიკური პანოს ავტორი მხატვარი-გრაფიკოსი გივი კერვალიშვილია. თბილისში იმ პერიოდის მისი კიდევ ერთი მოზაიკაა შემორჩენილი, ისიც ხანძრის თემაზე. მის პირად და სხვა კერძო კოლექციებში კი ამავე თემაზე მისი შესრულებული ნახატების, პოსტერების, კალენდრების უამრავი ნამუშევარია შენახული.
ხანძრის თემის გარდა, გივი კერვალიშვილის დახატულია თბილისის ცირკის არაერთი სარეკლამო პლაკატიც - სამხატვრო აკადემიაში სტუდენტობის პარალელურად ცირკში მუშაობდა და დასთან ერთად ხშირად დადიოდა გასტროლებზეც.
არის ცნობილი ნახატ ფილმ „ბომბორას“ პირველი სერიის მხატვარი.
მის სახლში დღესაც ინახება არაერთი გრაფიკული ილუსტრაცია, მათ შორის, რომან „დიდი მოურავის“ წიგნის ილუსტრაციებიც გიორგი სააკაძის თემაზე.
პირად კოლექციებში მისი არაერთი გრაფიკული ნამუშევარია გაფანტული, რომელიც საბჭოთა ეპოქის სურათებს აცოცხლებს და დღეს უკვე ისტორიაა - როგორი იყო მაშინდელი რეკლამა, როგორი ფორმა ჰქონდა აგიტაციას, როგორ გადაიცემოდა სათქმელი იმ პერიოდში ძალიან პოპულარული პლაკატებით.
გივი კერვალიშვილი უკვე 80 წელს გადასცდა. დღესაც ხატავს და როგორც გვითხრა, წამოწყებული გეგმებიც ბოლომდე აქვს მისაყვანი.