Accessibility links

site logo site logo

15 ბავშვი ისევ პანსიონში, დანარჩენები გარეთ: როგორ არიან ნინოწმინდის აღსაზრდელები?


სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფი აგრძელებს იმ ბავშვების მონახულებას და საცხოვრებელი პირობების შესწავლას, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ნინოწმინდის პანსიონი დატოვეს.

მას შემდეგ, რაც ივლისში, საზოგადოების პროტესტის შედეგად, სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლა შეძლო, ომბუდსმენი საკუთარ ოჯახებში დაბრუნებულ, ასევე საოჯახო ტიპის სახლებსა და მინდობით აღზრდაში გადაყვანილ ბავშვებს ფსიქოლოგთან ერთად სტუმრობს - უკვე რამდენიმე რეკომენდაციაც მომზადდა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსაც გაეგზავნა, რომ მათ აუცილებლად სჭირდებათ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. ხოლო ოჯახებს - ეკონომიკური მხარდაჭერა და გაძლიერება.

სახალხო დამცველის მოადგილემ, ეკა სხილაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თავად ნინოწმინდის პანსიონში, მათი ინფორმაციით, დღემდე რჩება 15 მოზარდი.

ცნობილია, რომ სააგენტო მათი შესაბამის ოჯახებში გაყვანის საკითხზე მუშაობს, თუმცა, ჯერჯერობით ეს პროცესი არ დასრულებულა.

ეკა სხილაძე ამბობს, რომ ნინოწმინდაში მონიტორინგის ჯგუფის ბოლო ვიზიტის დროს იქ არსებული ვითარება არ იყო საფრთხის შემცველი, ადგილზე მუშაობდა ფსიქოლოგიც და რადგან ბავშვების რაოდენობაც შემცირდა, მათთან ინდივიდუალური მიდგომის ნიშნებიც შეიმჩნეოდა.

თუმცა, პრინციპული რჩება სახალხო დამცველის პოზიცია, რომ პანსიონში დარჩენილ მოზარდებს, გადატანილი სტრესის შემდეგ, აუცილებლად ესაჭიროებათ დახმარება, ხოლო ადგილზე დარჩენით ისინი ამ დახმარებას სრულყოფილად ვერ მიიღებენ - ისინი უნდა მოშორდნენ იმ გარემოს:

„ეს ბავშვები უნდა გამოვიყვანოთ იქიდან რაც შეიძლება ჩქარა, გადავიყვანოთ ოჯახებში ან ზრუნვის სხვა ფორმა შევარჩიოთ. ამის რეკომენდაცია ჩვენ მიცემული გვაქვს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსათვისაც“, - გვითხრა ეკა სხილაძემ.

ამ ეტაპზე ასევე ცნობილია, რომ სახალხო დამცველი სწავლობს იმ სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებიც ნინოწმინდის პანსიონში მომხდარ ფაქტებზეა აღძრული და გამოაქვეყნებს შეჯამებას, თუ რა ხარვეზები იყო დაშვებული იქ მომხდარი ძალადობრივი დანაშაულების გამოძიების პროცესში.

9 აგვისტოს ასევე ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ნინოწმინდის პანსიონი Facebook-ის პირდაპირ ეთერში ბენეფიციარი ბავშვების ჩვენებისა და მათი მონაცემების გასაჯაროების გამო კანონდამრღვევად ცნო და 500 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება პანსიონის მაშინდელი მმართველის, მეუფე სპირიდონის პირდაპირ ეთერს, სადაც ის სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლებს ბავშვების იძულებაში ადანაშაულებდა.

სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ლაპარაკობდა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონის კედლებს მიღმა სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე და ითხოვდა დაწესებულებაში შესვლას, რის უფლებასაც მას სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი არ აძლევდა. ნინო ლომჯარიამ 15 ივნისს საპატრიარქოს ნინოწმინდის პანსიონში შესვლის მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა.

ნინოწმინდის პანსიონი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში პანსიონში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.

გარდა 2016-2021 წლებში ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიებისა, შსს-ს ცნობით, სხვადასხვა მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG