Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატები მთავრობისგან ფაროსანასთან უფრო აქტიურ ბრძოლას მოითხოვენ


აზიური ფაროსანა
აზიური ფაროსანა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი არასათანადოდ არის ჩართული აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში - განცხადება ამის შესახებ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 21 თებერვალს გააკეთა უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა, ოთარ დანელიამ. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მინისტრ ზურაბ ალავიძეს არაადეკვატური დამოკიდებულება აქვს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის მუშაობასთან.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც ინფრასტრუქტურის მინისტრი ბოლომდე არცკი ესწრება ამ სხდომას, ტოვებს მას დაწყებიდან რამდენიმე წუთში და ის ერთხელაც არ მინახავს ჩასული რეგიონში. მე მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, ჩემი აზრით, გაცილებით ეფექტური იქნება, თუ ის თავად უხელმძღვანელებს ამ კომისიას“ - განაცხადა ოთარ დანელიამ.

ოთარ დანელია
ოთარ დანელია

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ფაროსანასთან ბრძოლა საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხია, რადგანაც ქვეყენაში თავი იჩინა უდიდესმა საფრთხემ.

„ამაზე დიდი საფრთხე დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე არ არსებობს. ის არაფრით ჩამოუვარდება პრობლემას, რომელიც ხანძრის დროს იყო ბორჯომში და ვფიქრობ, რომ იგივე დოზით, იგივე ფორმით კონსოლიდაცია მთავრობისა არის ძალიან მნიშვნელოვანი და სჭირდება მართვის უმაღლესი სტატუსი ამ ღონისძიებების ეფექტურად გატარებას.“

ფაროსანასთან ბრძოლის საქმეში უფრო მეტი აქტიურობის აუცილებლობას ხედავს ოპოზიციაც. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი დეპუტატის, ელენე ხოშტარიას, თქმით, ფაროსანასთან ბრძოლის საკითხი არ არის პარტიულ ჭრილში განსახილველი საკითხი.

ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია

„ნამდვილად კარგია და მისასალმებელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ პარლამენტისგან, მნიშვნელობა არა აქვს რომელი პარტიისგან, მომთხოვნ დამოკიდებულებას, ძალიან კატეგორიულად დასმულ საკითხს. ეს არ არის პარტიული საკითხი. ეს არის საკითხი, რომელიც აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს. ვიზიარებთ და ვუერთდებით ამ მოთხოვნას, რომ ხელისუფლება რეალურად დაკავდეს ფაროსანას პრობლემით“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით შექმნილ სამთავრობო კომისიის სხდომზე, 16 თებერვალს, 2018 წლის გეგმა დაამტკიცეს. კომისიის შემადგენლობაში შედიანმინისტრები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელი პირები, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG