Accessibility links

პანკისის სპეცოპერაცია: რა (არ) თქვეს მაღალჩინოსნებმა?


მალხაზ მაჩალიკაშვილი
  • არ არსებობდა გაწერილი გეგმა და ინსტრუქციები პანკისის ხეობაში იმ სპეცოპერაციის ჩასატარებლად, რომელსაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილი მოჰყვა;​
  • სუს-ის იმჟამინდელმა უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა, მხოლოდ ზეპირი მითითებები გასცა;​
  • სუს-ში არ ჩატარებულა შიდა საუწყებო მოკვლევა თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილის შემდეგ;
  • ადვოკატებს გაუძლიერდათ ვარაუდი მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და განადგურების თაობაზე.

ასეთ სურათს ასახავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანთა გამოკითხვის ოქმები, რომლებიც „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) 7 ნოემბერს გამოაქვეყნა. EMC-ის დასკვნა ასეთია: პროკურატურამ პროცესი ზედაპირულად წარმართა და აუცილებელი შეკითხვები არ დაუსვა გამოკითხულ მაღალჩინოსნებს - თუმცა საქართველოს მთავრობას პასუხების გაცემა მოუწევს სტრასბურგის სასამართლოსთვის.

ვახტანგ გომელაურის გამოკითხვის ოქმიდან

სპეცოპერაციის წინ გაიცა მხოლოდ ზეპირი მითითებები და არ არსებობდა წერილობით გაწერილი გეგმა, - იუწყება გამოკითხვისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმჟამინდელი ხელმძღვანელი (ამჟამად შს მინისტრი) ვახტანგ გომელაური.

EMC-ის მიერ გამოქვეყნებული მასალების თანახმად, გომელაურმა გამოძიებას აგვისტოში შემდეგი შინაარსის ჩვენება მისცა:

  • პანკისის ხეობის სოფელ დუისში 2017 წლის 26 დეკემბერს ჩასატარებელი სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 21 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დაიგეგმა, ახმედ ჩატაევის თანამზრახველების დაკავების მიზნით;
  • „შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ვარაუდის“ არსებობის გამო, გომელაურმა მიიღო გადაწყვეტილება, პროცესში ჩართულიყო სოდ-ი (სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი);
  • სოდ-ის უფროსს გომელაურმა ზეპირად მიუთითა, რომ „ოპერაცია უსაფრთხოდ უნდა ჩატარებულიყო, დასაკავებელ პირთა დაზიანება, დაჭრა ან ლიკვიდაცია არ უნდა მომხდარიყო“;
  • არ შედგენილა რაიმე სახის წერილობითი დოკუმენტი სპეცოპერაციაში მონაწილე პირებისთვის;​
  • გომელაური არ იმყოფებოდა სოფელ დუისში, სპეცოპერაციის ჩატარების დროს და ინფორმაციას იოსებ გოგაშვილისა (მისი იმჟამინდელი მოადგილე) და ირაკლი ჩიმაკაძისგან (კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი) იღებდა;
  • თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ამბავზე სუს-ში შიდაუწყებრივი შემოწმება არ ჩატარებულა.

რატომ ჩატარდა პანკისის ხეობის სოფელ დუისის სპეცოპერაცია გამთენიისას?

ამ გარემოებას ვახტანგ გომელაური რეგიონის სენსიტიურობითა და მოსახლეობის არგაღიზიანების მიზნით ხსნის.

„პანკისის ხეობა განსაკუთრებული სენსიტიურობით გამოირჩევა და სპეცრაზმის დღისით შესვლას შესაძლოა მოსახლეობის აგრესია გამოეწვია. ამასთან, დაკავების გარდა, საჭირო იყო ჩხრეკის ჩატარება და ამ ორი საგამოძიებო მოქმედების სხვადასხვა დროს ჩატარებას შესაძლოა ხელი შეეშალა გამოძიებისთვის“.

მალხაზ მაჩალიკაშვილი მაღალჩინოსანთა გამოკითხვის ოქმებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:06:16 0:00

ასეთი პასუხი მიუღებელი და არადამაჯერებელია თემირლან მაჩალიკაშვილის მამისთვის, მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის. ის ასახელებს არაერთ ფაქტს, როდესაც პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია დღის საათებში ჩატარდა და მათ შორის არის ჰესის („ხადორი 3“) მშენებლობასთან დაკავშირებული ხმაურიანი მოვლენები. 21 აპრილს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი დარწმუნებულია, რომ:

  • მისი შვილი სპეცრაზმელის მიერ გასროლილმა ტყვიამ ადგილზე მოკლა - შემდეგ კი, სახელმწიფო სტრუქტურებმა დრო კვალის დასაფარად გამოიყენეს;
  • სწორედ დროის მოგებას ემსახურებოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადის გვიან და თანაც არასწორ მისამართზე (დუისის ნაცვლად ომალოში) გამოძახება;
  • საქმეში ჩადეს ხელყუმბარა და შეგნებულად გააქრეს ყურსასმენი, რომელიც იმ დღეს თემირლან მაჩალიკაშვილს ეკეთა და მას შეიძლება საერთოდაც ვერ გაეგო სპეცრაზმელების მოახლოება.

სუს-ი ასეთი შინაარსის ბრალდებებს აბსურდად მიიჩნევს, თუმცა მომხდარიდან თითქმის ორი წელი გავიდა და საზოგადოებას ჯერ არ მოუსმენია დამაჯერებელი საპირისპირო არგუმენტები - პროკურატურაში გამოძიება ჯერ ისევ მიმდინარეობს.

რატომ არ დაისვა მნიშვნელოვანი შეკითხვები?

EMC-ში აცხადებენ, რომ გამოკითხვის ოქმები არსებითს არაფერს აჩვენებს და არ იძლევა სპეცოპერაციასთან დაკავშირებული სურათის აღდგენის შესაძლებლობას. ეს შეფასება შეეხება ორგანიზაციის მიერ სუს-ის სხვა მაღალჩინოსნების გამოკითხვის ოქმებსაც. 7 ნოემბერს გამოქვეყნებულ მასალებში ჩვენებებს იძლევიან ასევე:

  • სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე;
  • სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე პაატა ჯაჭვაძე;​
  • სუს-ის უფროსის იმჟამინდელი მოადგილე - იოსებ გოგაშვილი.

ოქმების მიხედვით, ამ ჩამონათვალიდან, სპეცოპერაციის ჩატარებისას პანკისის ხეობაში იმყოფებოდა მხოლოდ პაატა ჯაჭვაძე, დანარჩენები კი ტელეფონით უკავშირდებოდნენ ერთმანეთს.

ჯაჭვაძე აღნიშნავს, რომ:

  • სპეცოპერაცია 2017 წლის 26 დეკემბერს დაახლოებით 03:30 საათზე დაიწყო;
  • დაახლოებით 15-20 წუთში მას (უცნობმა) სპეცრაზმელმა შეატყობინა, რომ ერთ-ერთი დასაკავებელი პირი იყო დაჭრილი;
  • რამდენიმე წუთში მას სოდ-ის უფროსმა (ზურაბ ზურაბიშვილმა) შეატყობინა, რომ დაჭრილი იყო თემირლან მაჩალიკაშვილი და გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარება;
  • პაატა ჯაჭვაძეს სოდ-ის უფროსმა უთხრა, რომ საგამოძიებო ჯგუფთან ერთად მაჩალიკაშვილების სახლში შესვლა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოხერხდებოდა;​
  • მაჩალიკაშვილების სახლში შესვლის ნებართვა ჯაჭვაძემ და საგამოძიებო ჯგუფმა 04:30 საათზე მიიღეს;​
  • სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილეს არ ახსოვს, იყო თუ არა სისხლის კვალი ხელყუმბარაზე, რომელიც შესასვლელ კართან იდო.

თამთა მიქელაძე მაღალჩინოსანთა გამოკითხვის ოქმებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:02:45 0:00

მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი, EMC-ის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე კვლავაც პასუხგაუცემელია უამრავი შეკითხვა და ეს შეკითხვები გამოკითხულებს არ დაუსვა პროკურატურამ.

მიქელაძის შეფასებით, პროკურატურის შეკითხვები იყო „ზედაპირული და ფორმალური“ და არ ასახავდა გამოძიების სურვილს - გაერკვია არსებითი საკითხები:

  • მაჩალიკაშვილების ოჯახში სუს-ის შეჭრის კანონიერება-უკანონობა;
  • ძალის გამოყენების აუცილებლობა („წინასწარ არ შეფასდა რისკები“);
  • ოპერაციის დაგეგმვის დროს უფლებრივი სტანდარტებით სუს-ის მოქმედების შემოწმება;
  • ჩხრეკისა და მტკიცებულებათა ამოღების პროცესის დარღვევები.

„მთელი ღამის განმავლობაში და გამთენიისას, თემირლანის ოთახზე კონტროლი სწორედ სუს-ს ჰქონდა და მნიშვნელოვანი მტიკიცებულებებიც სწორედ სუს-ის მიერ იქნა ამოღებული - გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის სტანდარტების დარღვევით. შემდგომში ასევე სუს-ის გადაწყვეტილებით მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების - ხელყუმბარის განადგურება და იარაღის გარკვეული ფაბრიკაცია“, - განაცხადა თამთა მიქელაძემ.

რა პასუხი აქვს და იზიარებს თუ არა EMC-ის შეფასებებს გამოძიება? ამ შეკითხვებით რადიო თავისუფლებამ მთავარ პროკურატურას მიმართა. უწყებისგან მოკლე პასუხი მივიღეთ - „ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“.

EMC-ში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობას აუცილებლად მოუწევს უპასუხოს სტრასბურგის სასამართლოს შეკითხვებს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის მოსპობის საქმესთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმე EMC-ის იურისტებმა გაგზავნეს და დადებითი პასუხი 1 ოქტომბერს გახდა ცნობილი.

რა აძლიერებს ეჭვებს?

მართალია, გამოკითხულებს ბევრი შეკითხვა არ დაუსვეს და ბევრი რამ ისევ გაურკვეველია, მაგრამ EMC-ში თვლიან, რომ გამოკითხვის ოქმებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი მაინც გამოკვეთა.

  • არ არსებობდა კონკრეტული გეგმა და ინსტრუქციები სპეცოპერაციაში მონაწილე პირებისთვის;
  • არსებობდა მხოლოდ ზეპირი მითითებები (რაც როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ნორმების დარღვევაა);
  • კიდევ ერთხელ ჩნდება სერიოზული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ საქმეზე განხორციელდა მტკიცებულებების ფალსიფიკაცია.

როგორც EMC-ს სისხლის სამართლის ადვოკატი ქეთი ჩუთლაშვილი ამბობს, გაძლიერდა სწორედ ის ეჭვები და ვარაუდები, რაზეც ორგანიზაცია უკვე თითქმის ორი წელია მიუთითებს; ასე მაგალითად:

  • სოდ-ს დაახლოებით საათნახევრიანი აბსოლუტური კონტროლი ჰქონდა თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელ ოთახზე და, შესაბამისად, მათ შეეძლოთ ყველაფრის გაკეთება, მათ შორის - ხელყუმბარის ჩადებაც;
  • ვერცერთი პირი, რომელიც მონაწილეობას იღებდა თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელ ოთახში ჩხრეკის ჩატარების პროცესში, ვერ იხსენებს სისხლის კვალს ხელყუმბარაზე - რაზეც მოგვიანებით ექსპერტიზამ განაცხადა;
  • გაძლიერდა ეჭვი დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებით - (პაატა ჯაჭვაძის განმარტებით, მას დაახლოებით 04:00 საათისთვის შეატყობინეს სასწრაფო დახმარების გამოძახების შესახებ; 112-ის ინფორმაციით კი - გამოძიება 04:18 საათზე დაფიქსირდა).

2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამისთვის, მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის ნათელია, რომ პროკურატურა არ აპირებს ძირეულად გამოიძიოს მისი შვილის მკვლელობის საქმე, მაგრამ, რადაც უნდა დაუჯდეს, ის საქმეს ბოლომდე მიიყვანს და შვილის უდანაშაულობას მაინც დაამტკიცებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG