Accessibility links

მოგერინი: ევროკავშირი თვალს ვერ დახუჭავს ყირიმის ანექსიაზე


ფედერიკა მოგერინი და სერგეი ლავროვი

ევროკავშირს სურს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, მაგრამ თვალს ვერ დახუჭავს ყირიმის ანექსიაზე და, შესაბამისად, ძალაში დარჩება რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები. ეს განცხადება ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა ფედერიკა მოგერინიმ გააკეთა მოსკოვში, ამ რანგში თავისი პირველი ვიზიტის დროს. მის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივ პრესკონფერენციაზე ახსენეს კიდევ რამდენიმე საკითხი, რომელიც ბრიუსელსა და მოსკოვს შორის უთანხმოებას იწვევს.

ფედერიკა მოგერინი 2014 წელს გახდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერი და მიჩნეული იყო რუსეთის მიმართ სიმპათიით განწყობილ პოლიტიკოსად იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელად მუშაობისას. ახლა მას უწევს რუს ოფიციალურ პირებთან, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან საუბარი უთანხმოების გამომწვევ საკითხებზე. ევროკავშირს რუსეთისათვის სანქციები აქვს დაწესებული 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო.

რამდენიმე საკითხი იწვევს უთანხმოებასო, აღნიშნა მოგერინიმ პრესკონფერენციაზე: „ჩვენ მათზე ღიად და გულახდილად ვსაუბრობთ. მართლაც, განსხვავებულად ვაფასებთ კონფლიქტს აღმოსავლეთ უკრაინაში და ყირიმის ანექსიას, მაგრამ სწორედ ამ კრიზისთან დაკავშირებით ერთმანეთს გავუზიარეთ მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება წინ წავიწიოთ შეთანხმებული საგზაო რუკით, ორივე მხარის მიერ მინსკის შეთანხმებების სრულად განსახორციელებლად. ეს ეხება როგორც უსაფრთხოების, ისე პოლიტიკურ ასპექტებს. და ევროკავშირში ვფიქრობთ, რომ ამის გაკეთება კიდევ უფრო აუცილებელი გახდა გუშინ ეუთოს ერთ-ერთი მეთვალყურის დაღუპვის შემდეგ“, - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ მოსკოვში.

ეუთოს მისიის წევრი, კერძოდ, ამერიკელი სამედიცინო მუშაკი დაიღუპა 23 აპრილს სახმელეთო ნაღმზე ავტომანქანის აფეთქების შედეგად აღმოსავლეთ უკრაინის იმ ნაწილში, რომელსაც რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები აკონტროლებენ. დაიჭრა ეუთოს სამეთვალყურეო მისიის ორი თანამშრომელი.

მოგერინისთან ერთდ გამართულ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმა კვლავ დაიცვა მოსკოვის პოზიცია უკრაინასთან მიმართებით. ყირიმის გარშემო უკრაინასთან დავა მან შეადარა ბრიტანეთისა და არგენტინის უთანხმოებას ფოლკლენდის კუნძულების გამო. ფოლკლენდს ესპანურად მალვინის კუნძულებს უწოდებენ. ნაწყვეტი ლავროვის გამოსვლიდან:

„ყირიმი რუსეთის ფედერაციის ნაწილია, ყირიმის ხალხის ნების თავისუფალ გამომჟაღვნებასთან სრული შესაბამისობით. ნამდვილად არ მსმენია, რომ ევროკავშირს კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა განცხადებები, რომლებიც დიდი ბრიტანეთის მრავალ პრემიერ-მინისტრს აქვს გაკეთებული, როცა საუბარი ეხებოდა მალვინის/ფოლკლენდის კუნძულებს. ყოველთვის, როცა ბრიტანეთს მიმართავდნენ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით, რომ აუცილებელია ბრიტანეთი და არგენტინა მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას, ლონდონიდან ერთი პასუხი ისმოდა: არავის აქვს უფლება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ფოლკლენდის კუნძულთა მოსახლეობის თვითგამორკვევის უფლებაო. ვითხოვთ, სულ ცოტა, ასეთსავე დამოკიდებულებას რუსეთისთვის გაცილებით უფრო ახლობელ ყირიმის ხალხთან მიმართებით“, - ასეთი იყო ლავროვის არგუმენტაცია ყირიმთან მიმართებით მოსკოვის პოზიციის დასაცავად. პოზიცია კი ასეთი ჩანს: თქვენ თქვენს საქმე მიხედეთ, ჩვენ საქმისა კი ჩვენ ვიცითო.

მოსკოვში ფედერიკა მოგერინის ოფიციალური ვიზიტის დროს ყურადღება მიიპყრო ასევე მისმა კრიტიკამ ჩეჩნეთში ჰომოსექსული მამაკაცების დევნაზე ცნობების გამო. „ჩვენ ვფიქრობთ და, შესაძლოა, გაეცანით ევროკავშირის რეაქციას ჩეჩნეთში გეების თემის კონკრეტულ შემთხვევაზე და მათი დაცვის საჭიროებაზე. მოველით, რომ რუსეთის ფედერაცია მიმართავს ზომებს საკუთარი მოქალაქეების დასაცავად, ადამიანის უფლებების პრინციპების სრული პატივისცემით“, - განაცხადა მოგერინიმ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ლავროვმა პასუხად აღნიშნა, რომ რუსეთისათვის მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვა, თუმცა სასურველია, ევროკავშირმა უკეთ შეამოწმოს ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც განცხადებებს აკეთებსო. “რამდენიმე დღის წინ ვნახეთ ევროკავშირის განცხადება, რომელშიც დაგმობილი იყო ის, რომ ლგბტ თემის წევრი პირები უკვალოდ იკარგებიან, რომ მათ აწამებენ და რომ ზოგი თითქოსდა მოკლეს კიდეც. მაგრამ იმავე განცხადებაში, ასეთ კრიტიკას რომ შეიცავდა, იყო ფრაზა: თუ ეს ცნობები დადასტურდებაო. ამიტომ ვამჯობინებდით, რომ ევროკავშირი - თუ ჭეშმარიტების დადგენა სურს - ჯერ დალოდებოდა ცნობების დადასტურებას ან არდადასტურებას, ვიდრე ასეთი მკაცრი შეფასებებით გამოვიდოდა“, - განაცხადა ლავროვმა ჩეჩნეთში ჰომოსექსუალების დევნაზე ევროკავშირის კრიტიკის საპასუხოდ.

დამოუკიდებელმა გაზეთმა „ნოვაია გაზეტამ“ 1 აპრილს გამოაქვეყნა ცნობა, რომ ჩეჩნეთში ბოლოხანს 100-ზე მეტი მამაკაცი დააკავეს გეებად მათი მიჩნევის გამო და მოკლეს, სულ ცოტა, სამი ადამიანი. ამის შემდეგ ჩეჩენმა ჰომოსექსუალებმა არაერთ მედიასაშუალებას, მათ შორის, ჩვენს რადიოსაც უამბეს დევნისა და ძალადობის შემთხვევებზე, მაგრამ კრემლის პოზიციაა, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა გამოხატა და 24 აპრილს ლავროვმაც კვერი დაუკრა, რომ არ არსებობს ჩეჩნეთში ჰომოსექსუალთა დევნის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

პრესკონფერენციაზე მოგერინისა და ლავროვის გამოსვლებმა დაადასტურა უთანხმოება სირიის საკითხშიც. დასავლეთის ქვეყნები აცხადებენ, რომ სირიის მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა იდლიბის პროვინციაში მეამბოხეების ქალაქზე იერიშის დროს, რასაც 80-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რუსეთი კი კვლავაც აქტიურად ემხრობა და ეხმარება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG